"ადამიანის ტვინი სასწაულია" - როგორ აიხსნება დე ჟავუ?
"თუკი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტვინის მიერ მიღებულ შეტყობინებებს გავშიფრავთ, 20 მლნ ტომი მაინც დაიწერება!"
ადამიანის ტვინი, რომლის სრულყოფილ შეცნობას XXI საუკუნეც კი ვერ გვპირდება, უსასრულო შესაძლებლობებით გვაკვირვებს. ირკვევა, რომ ჩვენს ტვინს წამში მილიონზე მეტი შეტყობინების გადამუშავება-დაგეგმვა შეუძლია. თუკი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტვინის მიერ მიღებულ შეტყობინებებს გავშიფრავთ, 20 მლნ ტომი მაინც დაიწერება! ადამიანი საკუთარი ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 1%-ს იყენებს და არავინ იცის, ვისი ტვინი როდის რას მოიმოქმედებს. ამიტომაა, რომ უხსოვარი დროიდან დღემდე ადამიანი საკუთარ ტვინს დაუღალავად იკვლევს. ბოლო ხანს ამ საქმეში ქართული მეცნიერების ახალი დარგი, ბიომედიცინაც ჩაერთო საინტერესო კვლევებით. ივანე ბერიტაშვილის ბიომედიცინის ცენტრის აკადემიკოსი გურამ ბექაია თავადაც უნიკალური გონებრივი შესაძლებლობების ადამიანია. მის კვლევებს მსოფლიოში აღიარებენ. ბატონი გურამი ტვინის შესაძლებლობებზე გვესაუბრა.
- დედის მუცელში ორი თვის ნაყოფი უკვე აზროვნების იმპულსებს გამოსცემს. არაერთხელ უამბნიათ მედიკოსებს, როცა დედის მუცელში განზე გაწოლილი პატარა დაბადების წინ დედის თხოვნას დამორჩილებია, შემობრუნებულა და საკეისრო კვეთა საჭირო აღარ გამხდარა. ასე რომ, ადამიანი ამქვეყნად მოაზროვნე გვევლინება, მთელი სიცოცხლის მანძილზე კი ადამიანის ტვინი მრავალ სიურპრიზსაც შესთავაზებს სამყაროს, თუკი მის განვითარებაზე ვიზრუნებთ.
ადამიანის ტვინი სასწაულია არა მხოლოდ შესაძლებლობებით, არამედ ამ შესაძლებლობების "დამტევი" მექანიზმითაც.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ჩვენი ტვინის უსასრულო შესაძლებლობები იმ ერთსანტიმეტრიან ნაცრისფერ გარსშია მოქცეული, რომელიც ტვინის დანარჩენ თეთრ ნაწილს ფარავს. ამ ნაცრისფერ ქერქში არის ყველაფერი ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს და მათზე პასუხს აგებს. ჩვენი ყოველი ნაბიჯი ამ გარსიდან წამოსული ბრძანებებით გადაიდგმება. სხვათა შორის, ამ გარსის უნარი ხანდახან საცნაური ხდება ნეიროქირურგებისთვის. როცა ეხებიან გარსის იმ უბნებს, რომელიც ქმედებაზეა პასუხისმგებელი, თავისქალაგადახსნილი პაციენტი ხან სიმღერას იწყებს, ხანაც ფილოსოფიურ მსჯელობას, ხან კი ილანძღება.
ამ პატარა ველში სასწაულები ტრიალებს, სიძულვილისა თუ სიყვარულის სასწაულები. ინგლისელმა მეცნიერებმა თაგვებს სპეციალური მოწყობილობები დაუდგეს, რომლებშიც თაგვების ტვინზე მიერთებული გამტარები გადიოდა. შესაბამისად, სხვადასხვა მოწყობილობაზე ფეხის დაჭერა თაგვების ტვინში სხვადასხვა შეგრძნებას აღვიძებდა - ხან შიმშილის, ხან წყურვილის, ხან აგრესიის... ბოლოს, თაგვებმა ერთი მოწყობილობა ამოიჩემეს - იქიდან ფეხის აღება აღარ უნდოდათ. ექსპერიმენტატორები კარგა ხანს იკვლევდნენ, ტვინის რომელ ნაწილზე ზემოქმედებდა ამ მოწყობილობაზე ფეხის დაჭერა. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ის ტვინის "სიყვარულის სფეროზე" ახდენდა გავლენას და იმდენად ბედნიერები იყვნენ, რომ მოწყობილობიდან ფეხს აღარ იღებდნენ.
- ასეთი ექსპერიმენტებით ხომ შეიძლება ადამიანიც ვმართოთ და თან ძალიან ცუდად?
- ალბათ აგრესიების მართვას გულისხმობთ. რასაკვირველია, არის ამის დიდი საშიშროება, რომლის გამოყენებას ალბათ კაცობრიობა თავისივე არსებობის შესანარჩუნებლად არ შეეცდება. ესპანელმა მეცნიერმა დელ გადომ ჩაატარა ცდა ერთ-ერთ ტორეადორზე (მისი ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება). ამ ექსპერიმენტის გამო არავინ იცის, რას ჩაიდენდა ის 40 000 გაცოფებული მაყურებელი, რომელიც კორიდას უყურებდა. მეცნიერმა ხარის თავში აგრესიისა და თვინიერების უბნებზე თვინიერების და მრისხანების ორი ჩიპი ისე ჩაამაგრა, რომ არც ტორეადორმა და, მით უფრო, მაყურებელმა არ იცოდა. მან მიკროტალღების მეშვეობით ხარს ტვინში თვინიერი სფერო მაშინ გააღვიძა, როცა გაშმაგებული ხარი ტორეადორს უნდა სცემოდა. ანაზდად ხარმა ბატკანივით უკან დაიხია და გასასვლელისაკენ თავდახრილი გაემართა. ამასობაში მეცნიერმა ტვინის აგრესიული უბანი მომართა და ხარიც გაშმაგებული გაქანდა ტორეადორისკენ. საბრალო ხარისა და ტორეადორის "გაპამპულავების" ექსპერიმენტი მაყურებლის სიამოვნებით დამთავრდა, მაგრამ, ცხადია, გრძნობების ასეთი მართვა საშიშია.
- არსებობს მოსაზრება, რომ შედევრები იქმნება იმ დროს, როცა ტვინის რიგი უჯრედები კვდება და უმალ ახალი იბადება.
- ტვინი ერთადერთი ორგანოა, რომელიც, ასაკის მიუხედავად, მარად ახლდება. ის ფენიქსივითაა. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურდება, როცა ადამიანი გონებას ავარჯიშებს, სწავლობს და აზროვნებს.
მეცნიერ ნოტებომს ძალიან უყვარდა ჩიტები და ხშირად ფიქრობდა, - ნეტავ, როგორ სწავლობს კანარის ჩიტი ახალ-ახალ გალობასო. ერთხელ, როცა ჩიტმა თავისი რეპერტუარი მეცნიერის თვალწინ შეცვალა, ნოტებომი უცებ მიხვდა, რომ ჩიტის ახალი ქმნილება მის ტვინში ახალი უჯრედების წარმოქმნით შეიქმნა. ეს მოხდა 90-იან წლებში. მაშინ მეცნიერს არავინ დაუჯერა. ამბობდნენ, - ეს იმას ჰგავს, შენობას სართულები გამოვაცალოთ და ახალი სართულებით ისე შევავსოთ, შენობას არაფერი დაეტყოსო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ ასაკში ტვინში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ნეირონების განახლება.
- როგორ აიხსნება დე ჟავუ? როცა ადამიანი სრულიად ახალი მოვლენის მოწმეა, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს უკვე ნანახი აქვს?
- ეს ისეთი განცდაა, როცა ადამიანს შოკისაგან შესაძლოა, თავბრუ დაესხას. პირადად მქონდა დე ჟავუ. ერთხელ, მოსკოვში, 15 წლის უნახავი მეგობარი დამესიზმრა - ვითომ მოსკოვის რომელიღაც ქუჩაზე შემხვდა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. სამიოდე დღის შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ უბანში სამეცნიერო ჟურნალისთვის გავემართე. იმ ადგილს მივუახლოვდი, საიდანაც ჟურნალი უნდა წამომეღო და გავშეშდი - ზუსტად სიზმრად ნანახი ქუჩაა და ჩემი მეგობარიც ამ ქუჩაზე ზუსტად ისე მოდის, როგორც ჩემს სიზმარში. თან გაოგნებული მიყურებს, - აქ საიდან გაჩნდიო! მისი გაკვირვება რა მოსატანი იყო იმასთან, რაც მე დამემართა - კინაღამ მუხლები მომეკვეთა. ერთმანეთს გადავეხვიეთ და შიშმა ამიტანა. თითქოს ეს სურათი რაღაც ძალამ ჩემთვის შექმნა... ადამიანის ტვინთან დაკავშირებით ბევრი რამ აუხსნელია და არც დე ჟავუს ახსნა არსებობს.
მეცნიერულად დგინდება, რომ სიზმარი, შესაძლოა, იყოს ჩვენი გენეტიკური მეხსიერების შედეგიც, რომელიც თაობებს გადაეცემა, ანუ ტვინის რომელიღაც სფეროში ჩარჩენილი მოვლენები სიზმრად იღვიძებდეს. წარსულში განცდილი გრძნობები არასოდეს იშლება მეხსიერებიდან. რაც ოდესღაც ტვინს გადაეცა, იმ მომენტამდე ინახება, სანამ მისი გამოღვიძების დრო არ დადგება.
"ტვინის შექმნას 10 წელიწადში შევძლებთ"
შვეიცარიელი მეცნიერი ჰენრი მაკრამი კომპიუტერულ თავის ტვინს ქმნის.
"ამას ვაკეთებ სამი მიზეზის გამო. პირველი - უმნიშვნელოვანესია, შევისწავლოთ ადამიანის ტვინი, რათა განვითარდეს საზოგადოება, რაც გადამწყვეტია ევოლუციაში. მეორე მიზეზი არის ის, რომ ცხოველებზე ცდები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და საჭირო ხდება მთელი ინფორმაციის ჩამოყალიბება მუშა მოდელის სახით - ეს ნოეს კიდობანივითაა. ეს არის არქივი. მესამე მიზეზი კი ის არის, რომ პლანეტაზე ორი მილიარდი ფსიქიკურად დაავადებულია და მედიკამენტები, რომლებიც დღეს გამოიყენება, უმთავრესად ემპირიულია. ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება კონკრეტული გზების პოვნა დაავადებების დასამარცხებლად. დაბოლოს, ეს იქნება საკუთარი თავის გაცნობიერების პირველი ნაბიჯი. ვფიქრობ, ტვინის შექმნა შეუძლებელი არ არის. ჩვენ ამას 10 წელიწადში შევძლებთ. ასე რომ, 10 წლის შემდეგ გამოგიგზავნით ჰოლოგრამას, რომელიც თქვენთან ისაუბრებს", - აცხადებს მეცნიერი.
მეხსიერების მანიპულირების კვლევები თაგვებზე
2016 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებში უარყოფითი ინსტინქტური იმპულსები დადებითით შეცვალეს. ასე შეიქმნა მეხსიერების მანიპულირების პირველი კვლევები. მეცნიერებმა ასეთ შედეგს ოპტოგენეტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით მიაღწიეს, - თავის ტვინის ნეორონების აქტიურობას სინათლის საშუალებით მართავდნენ. ასე გახდა რეალური თეორია, რომლის შესახებ ჰოლივუდის არაერთი ფილმია გადაღებული. მათ ამ კვლევით დაადასტურეს, რომ არა მარტო მეხსიერების მანიპულირება ხდება, არამედ მასში ახალი ინფორმაციების შეტანაც, რითაც შესაძლებელია, ადამიანი სხვისი წარსულითა და სახელით აცხოვრო.
ეთერ ერაძე