დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი - ვინ ესროლა თავდაცვის ექსმინისტრს?! - კვირის პალიტრა

დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი - ვინ ესროლა თავდაცვის ექსმინისტრს?!

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ცეცხლი გაუხსნეს. ამის თაობაზე ინფორმაცია თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა. მისი განცხადებითვე, ოქრუაშვილი ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ინციდენტის მონაწილე პირი დადგენილია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით დანაშაულში ეჭვმიტანილი ა.ი. რამდენჯერმე ნასამართლევია.

"ინტერპრესნიუსი"