"ფოთლები როგორ ჰგავს ჩვენს ცხოვრებას ჰაერში დაკიდებული ბედითო" - ოთარ რამიშვილის ბოჰემა - კვირის პალიტრა

"ფოთლები როგორ ჰგავს ჩვენს ცხოვრებას ჰაერში დაკიდებული ბედითო" - ოთარ რამიშვილის ბოჰემა

"ბავშვები პატარები რომ იყვნენ, ბატონი ოთარი მათ, თურმე, უყვებოდა ზღაპარს, რომელიც ასე იწყებოდა: "ერთ დაბურულ ტყეში მივდიოდი და უცებ შემხვდა ლუდით სავსე კასრი..." ამ დროს ბავშვები აყვირდებოდნენ: "გაჩერდი, გაჩერდი, არ გვინდა!" ბატონი ოთარი აწყვეტინებდა: თქვენ არ გინდათ, მე მინდა, "პახმელიაზე" ვარ, თქვენი დედაც ვატირეო"

ერთხელ მითხრა: ფოთლები როგორ ჰგავს ჩვენს ცხოვრებას ჰაერში დაკიდებული ბედითო, და მართლაც ასე არ არის? ვის- უმართლებს ცხოვრებაში, ვის - არა; ვინ- უყვართ და ვინ - არა; ვინ რას ტოვებს ამ ქვეყნად ან რა მიაქვს იმქვეყნად, ვინ - ახსოვთ და ვინ- არა. ამ გენიალურ თბილისელ კაცს არც არაფერი წაუღია, დატოვა კი მარადიული რამ - გასაოცარი სიმღერა, ლექსი, სიყვარული, კაცობა, აბა, დანარჩენად: "საფლავის ლოდს წვიმა გადარეცხავს, წარწერას კი გაახუნებს მზე..." - ესეც მისი ნათქვამია, სიმღერით ნათქვამი.

სტუდია "არტვიზიონი" ამ მარადიულობაზე პორტრეტის შექმნას აპირებს. ეს იქნება ფილმი კაცზე, კომპოზიტორზე, მომღერალზე, შემსრულებელზე, ქმარზე, მამაზე... უბრალოდ - ოთარ რამიშვილზე!

გიორგი ჭუმბურიძე, რეჟისორი:

- 2 წლის წინ ანიმაციისა და ჩანახატების გამოყენებით რეჟისორმა დიმიტრი ბუთლიაშვილმა და მე "ცისფერ ტრიოზე" გადავიღეთ მუსიკალურ-დოკუმენტური ფილმი და ტრიოს 40 წლის იუბილეს მივუძღვენით. ფილმის ანიმატორი გახლდათ ზაურ შენგელია, მხატვარი- ნინო ჩაკვეტაძე, ოპერატორი დათო თოთლაძე... ამ ფილმმა გვიკარნახა მორიგი ფილმის იდეაც "კვაჭიჭოზე"- ოთარ რამიშვილზე, რადგან "ცისფერ ტრიოს" რეპერტუარში უმეტესად სწორედ ბატონი ოთარის სიმღერებია.

სხვათა შორის, ბევრმა არც კი იცის, რომ მისი საყვარელი სიმღერის ავტორი სწორედ ოთარ რამიშვილია. ზუსტად ამის აღნიშვნა გვინდა ხაზგასმით, რომ ეს ადამიანი გენიალური სიმღერების ავტორი იყო და მომავალ ფილმშიც ეს მკაფიოდ უნდა გამოჩნდეს. თანაც, საოჯახო არქივში უამრავი ახალი სიმღერა აღმოჩნდა და კომპოზიტორის ვაჟმა, მიშიკომ მოგვასმენინა - ის თავადაც უკრავს და მღერის. ძალიან გვინდა, ეს სიმღერები გაცოცხლდეს...

- და ამით "გაცოცხლდეს" ოთარ რამიშვილი - უნიჭიერესი კაცი და თბილისის კოლორიტი, რომელიც თითქოს მიივიწყეს კიდეც...

- მართლაც ქალაქის კოლორიტი იყო, გასაოცარი იუმორის მქონე, არაორდინარული ადამიანი და გენიალური ტექსტების, ფრაზების ავტორი. სწორედ ამ ყველაფრის ასახვა გვინდა მისდამი მიძღვნილ ახალ მუსიკალურ-დოკუმენტური ფილმში. საბედნიეროდ, ამ წამოწყებას მხარდამჭერიც გამოუჩნდა - თბილისის მერიის კულტურის სამსახური და მათი დახმარებით ფილმზე მუშაობაც დავიწყეთ. მაგრამ მეტად ვეღარაფერს ვაკეთებთ. არადა, სცენარი უკვე მზად გვაქვს. დაგეხმარებითო, გვპირდებიან ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე და ცნობილი ექიმი და ბატონი ოთარის მეგობარი გელა მუხაშავრია, ასე რომ, ვნახოთ...

- ოთარ რამიშვილს ამ ქალაქშიც და მთელ საქართველოშიც იმდენი მეგობარი და მოყვარული ჰყავდა, თუ ამ ინფორმაციას გავახმაურებთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოგიერთდებათ. კიდევ უფრო რომ დავაინტრიგოთ ფილმის გულშემატკივრები, იქნებ, სცენარიდან გამომდინარე, მცირედი ინფორმაცია მივაწოდოთ ბატონ ოთარზე.

- ერთ რამეს გეტყვით: ბავშვები პატარები რომ იყვნენ, ბატონი ოთარი მათ, თურმე, უყვებოდა ზღაპარს, რომელიც ასე იწყებოდა: "ერთ დაბურულ ტყეში მივდიოდი და უცებ შემხვდა ლუდით სავსე კასრი..." ამ დროს ბავშვები აყვირდებოდნენ: "გაჩერდი, გაჩერდი, არ გვინდა!" ბატონი ოთარი აწყვეტინებდა: თქვენ არ გინდათ, მე მინდა, "პახმელიაზე" ვარ, თქვენი დედაც ვატირეო (იცინის)... მეტი ინტრიგა რაღა გინდათ! გრძელდება და გრძელდება ოთარ რამიშვილის ბოჰემა! მისი ცხოვრების ჩანახატები უნდა გაცოცხლდეს...

შვილებთან: ლევანთან და მიშიკოსთან ერთად

დიმიტრი ბუთლიაშვილი, ანიმატორი და რეჟისორი:

- საერთოდ, ესთეტიკურად უფრო საინტერესო და კოხტა რომ ყოფილიყო ჩვენი ნამუშევრები, კინოხელოვნების ასეთი მიმართულება ავირჩიეთ: დოკუმენტური კინოჩანახატები ანიმაციის მოშველიებით. გვინდა, რომ ეს იყოს პიროვნების ან მოვლენის კინოძეგლი. პირველად ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელ ლადო მუჯირზე გავაკეთეთ კინოჩანახატი, 5 წლის წინ ამას მოჰყვა ანიმაციური კლიპი "ლოთები" ტრიო "სიმზე". მაშინ ბატონი მამუკა ხაზარაძე დაგვეხმარა და თუკი მომავალში "სიმზეც" გავაკეთებთ ფილმს ("პონჩიკას"- უსაყვარლესი რეზო გელაშვილის ნაადრევად გარდაცვალების შემდეგ უფრო აქტუალურად მივიჩნიეთ ეს საქმე), კვლავ თანადგომას დაგვპირდა; მომდევნო ფილმი ქართული მუსიკალური საგანძურის ერთ-ერთ მარგალიტს - "ცისფერ ტრიოს" მივუძღვენით და ახლა "ოთარ რამიშვილზე" ვმუშაობთ.

მახსოვს, ფილმზე მუშაობისას სიმღერას "ფოთოლი ტირის" რომ ვუსმენდი, ბატონ მალხაზ თავართქილაძეს ვკითხე, ამ შედევრის ავტორი ვინ არის-მეთქი და მიპასუხა: ოთარ რამიშვილიო. ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი იქნებოდა.

გულწრფელად ვამბობ, ვიდრე ამ ორ ტრიოსთან დავიწყებდი ურთიერთობას, ოთარ რამიშვილი მეგონა მხოლოდ ქალაქური სტილის შემოქმედ-შემსრულებელი, თუნდაც ისეთი სიმღერების, როგორიცაა "ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა..." თურმე, გასაოცარი ავტორი ყოფილა, კაცო! მე კი "აღმოვაჩინე" უკვე ჩემი საყვარელი სიმღერების ავტორი, მაგრამ რამდენმა არ იცის?

არადა, მისი სიმღერები ალბათ როგორ მოსწონთ!

ამიტომაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად მასზე ფილმის გაკეთება, თანაც - საკმაოდ ორიგინალური ხერხებით... ცხადია, ყველაფერს წინასწარ ვერ ვიტყვით. მთავარია, ქართული მუსიკალური სამყაროს ამ ერთ-ერთი უძვირფასესი ავტორის, ლეგენდური პიროვნების შემოქმედებითი პორტრეტი სრულად წარმოჩნდეს.

გიორგი:

- კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება: ბატონი ოთარის ვაჟმა მიშიკო რამიშვილმა მამამისის სიმღერები ფრანგულად ათარგმნინა და ძალიან გვინდა, ფილმშიც გამოვიყენოთ. შესაბამისად, დაგვჭირდება ფრანგულენოვანი ვარიანტის ჩაწერაც მიშიკოს შესრულებით. ამასაც ხომ უნდა ფინანსები? ძალიან დიდ თანხას არავისგან ვითხოვთ, პროექტის თითოეული მხარდამჭერი მცირედითაც რომ დაგვეხმაროს, თუნდაც თითო ჩანახატი დაგვიფინანსოს, მხატვრულად მაქსიმალურად ღირებულ, კარგ ფილმს მივიღებთ, არსად ვჩქარობთ, მთავარია, გაკეთდეს. ოთარ რამიშვილი ამას ნამდვილად იმსახურებს!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)