"ალეკო გაშველებას შეეცადა, რა დროსაც ესროლა... ადგილზე გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

"ალეკო გაშველებას შეეცადა, რა დროსაც ესროლა... ადგილზე გარდაიცვალა"

"ალეკო ამერიკაში გავიცანი, ვიცოდი, რომ შევარდნაძის დაცვაში მუშაობდა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი საქართველო დატოვა და მას მერე, ამერიკაში ცხოვრობდა"

გასულ კვირას ლას ვეგასში, კაფე "სტარბაქსში" სროლის შედეგად დაღუპული მამაკაცი ქართველი ემიგრანტი აღმოჩნდა. დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის ალექსანდრე ხუციშვილი კალიფორნიაში, წლების განმალობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ალეკო (საშა) ხუციშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და იმჟამინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევრდნაძის პირად დაცვაშიც ირიცხებოდა. მისი მკვლელობაში ბრალდებული პედრო ხოსე გარსია დაკავებულია.

როგორც მისმა ახლობელმა, ფლორიდაში მცხოვრებმა ქართველმა, ზურა ქანთარიამ გვითხრა, ალეკოს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და სხვადასხვა დროს, ამერიკის სხვადასხვა შტატში მუშაობდა:

- უბედურ შემთხვევამდე, ალეკო ლონგ ბიჩზე გემების მტვირთავად მუშაობდა და ერთ-ერთი მეგობრის სახლში, შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრეთ ერთმანეთს, სოციალური ქსელის საშუალებით, მითხრა, რომ ნორმალურად იყო, ბედს არ უჩიოდა. მუშაობდა და ნორმალური ანაზღაურებაც ჰქონდა... ალეკო ამერიკაში გავიცანი, ვიცოდი, რომ შევარდნაძის დაცვაში მუშაობდა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი საქართველო დატოვა და მას მერე, ამერიკაში ცხოვრობდა.

ქართველის მკვლელობაში ბრალდებული პედრო ხოსე გარსია - თუ იცით, რა ვითარებაში ესროლეს?

- ვიღაც მრავალგზის ნასამართლევ გარსიას, ყავის შეძენა უნდოდა, თუმცა, ტერმინალმა საკრედიტო ბარათი არ გაატარა თურმე, რის გამოც მასა და მომსახურე პერსონალს შორის შეკამათება მომხდარა. ალეკო ჩაერია ჩხუბში, გაშველებას შეეცადა, რა დროსაც ესროლა... ადგილზე გარდაიცვალა. სამი შვილი ჰყავდა, ორჯერ იყო დაოჯახებული და ორივეჯერ გაცილებული. ადვილი ცხოვრება არ ჰქონდა, მაგრამ პრობლემების მიუხედავად, ძალიან კარგი, კეთილშობილი და გულიანი ბიჭი იყო.

ალეკო ხუციშვილი

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს ადრეც იცნობდა...

- თავიდან გავრცელდა ასეთი ინფორმაცა, ალეკო და ეჭვმიტანილი გარსია ერთსა და იმავე კაფეში დადიოდნენ და გარკვეული ურთიერთობა ადრეც ჰქონდათ, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.

მკვლელობის იგივე ვერსიაზე საუბრობს, უცხოურ პრესასთან საუბრისას ალექსანდრე ხუციშვილის კიდევ ერთი მეგობარი, ვლადიმერ შტორბერგი, რომლის თქმითაც, ქართველი ემგირანტი მასთან ცხოვრობდა:

- პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის პედრო გარსია, რომელიც უკვე წარსდგა მოსამართლის წინაშე. უბედური შემთხვევა "სტარბაქსის" კაფეში მოხდა, სადაც საშა ყავის დასალევად შესულა... გარსია, ხუთჯერ არის სანამართლევი. ამჯერად თავს დამნაშავედ არ ცნობს. პოლიციამ მკვლელობის ადგილას 22-კალიბრიანი პისტოლეტი იპოვა, რომლიდანაც, სავარაუდოდ, გარსია ისროდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)