"რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, გარბისო, თვითონ საცოდავები გაქცეულები არიან და ამ სიცრუით უნდათ, შეურაცხყოფა მომაყენონ" - კვირის პალიტრა

"რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, გარბისო, თვითონ საცოდავები გაქცეულები არიან და ამ სიცრუით უნდათ, შეურაცხყოფა მომაყენონ"

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან მორიგი შეხვედრა 3 ოქტომბერს გამართა.

ექსპრემიერი, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, სადაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები სცემეს.

გოგონები სცემეს ამას წინ და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე იკვეთება ეს დანაშაული. ეს მათი ხელწერაა და სულ არ გამიკვირდება. ისევე როგორც კორცხელი, ამდენი იძახეს, მათი დადმული სცენარი იყო, ტყუილად არ უპოვნიათ მათ მანქანაში ხელკეტები. იქაც თვითონ ძალადობდნენ. საკუთარი თავის საცემადაც მზად არიან, რათა აჩვენონ, რომ ეს ხელისუფლება მსგავსია წინა ხელისუფლების".

”კადაფიზაციით, რევოლუციით გვემუქრებიან, თუმცა ამის რესურსი არ აქვთ. ამით თვითონვე ახერხებენ საკუთარი თავის მარგინალიზაციას. ეს ჩვენს ამომრჩეველს გაუიოლებს ჩემი აზრით, არჩევანის გაკეთებას. არ გამოვრიცხავ ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრინციპულად შეიცვალოს სიტუაცია ხმების მიხედვით... ”ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ თავს ვეღარ მალავს. თვითონვე ახერხებენ საკუთარი თავის რეალურ ჩვენებას. რეალობა ასეთია - უარყოფითი ძალაა. მთელი 9 წლის განმავლობაში ატყუებდნენ საკუთარ საზოგადოებას”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, არ უთქვამს, რომ ”ნაციონალური მოძრაობას” 30%-იანი მხარდაჭერა აქვს, ეს ”რუსთავი 2“-მა დაუმახინჯა.

”ჩემი ნათქვამის დამახინჯებას ქვია თაღლითობა, ამას მუხლიც კი აქვს, მაგრამ ჟურნალისტებს ხომ არ გამოვეკიდები. შეუძლიათ ნახონ ჩემი ნათქვამი და ნახონ როგორ ამახინჯებს ამას „რუსთავი 2“, როგორ შემოაქვს 30%. რაც მთავარია, მათი გაქცეული ლიდერიდან დაწყებული აქ მყოფი ლიდერებით დამთავრებული, ახმოვანებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღიარებს ”ნაციონალური მოძრაობის” 30%-სო. მისვამდნენ კითხვებს სამი დღის განმავლობაში, ამას რატომ ამბობენ, რაში სჭირდებათ ეს ტყუილი. აი თურმე რაში ჭირდებათ - ამ 26%-ის გამართლება უნდათ. მაგათ კვლევებს რა დაეჯერებათ? წარმოიდგინეთ კვლევებს, რომ ”რუსთავი 2” გააკეთებს... გამოდის მაგათი უკრაინაში გაქცეული ლიდერი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინელია და გაიმეორა ეს სიცრუე. კადაფიზაცია და იმ სცენარებს რომლებსაც ხატავენ, მიანიშნებს, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან. საკუთარი თავის მარგინალიზაცია მიანიშნებს, რომ აგონიაში არიან და არ აქვთ რესურსი. მათ გააცნობიერეს, რომ საზოგადოება ასეთი სულელი არ არის და ესღა დარჩათ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, როდესაც ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მივიდა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სანდრა რულოვსი ჩამოვიდა და ზღაპრებს ყვება, ”რომ თვალებში თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს”.

ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ”ეს იყოს ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ უაპელაციოდ”.

”გამოდის და მაგას აღარ იზამსო, ახლა ჩვენ აგვირჩიეთო. ისევე როგორც რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, რომ გარბისო. თვითონ საცოდავები გაქცეულები არიან და ამ სიცრუით უნდათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ. თანაც კარგი რამ თქვეს, ნუ ეშინიაო, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო. მათ აჩვენეს უკვე. ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და კარგად აჩვენეს, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას. ვითომ ახალი გუნდია და ახლებურად მოდიან”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერი დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა, რომელშიც საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი და ამაზრზენი ის არის, რომ ნიკა გვარამია მოსამართლეს ”გონორით“ ესაუბრება.

”ამაზრზენია ეს ყველაფერი, როგორი გონორით ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს. მე მხოლოდ ამაზე გავაკეთებ აქცენტს, ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა განცხადება, რომელსაც გვარამია სასამართლოზე აკეთებდა ფარსია და ის მხოლოდ იმ მოსამართლეებს ”ლანძღავს, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” გავლენისგან თავი დააღწიეს”.

ივანიშვილის თქმით, სააკაშვილს არსად წასასვლელი არ აქვს, იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს და არეულობაზე საუბრით ხავსს ეჭიდება.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რამდენად შეიძლება არეულობა და გადატრიალება მოხდეს - ამაზე მეოცნებე დარჩა ისევ ”ნაციონალური მოძრაობა”, თავისი უკრაინელი ლიდერით. პასუხად მე არ დავიწყებ მჯიღის ცემას გულზე, თუ რა ძლიერი სახელმწიფო გვყავს, თუმცა ასეა. ყველა სტრუქტურა თავის ადგილზეა და შეუძლია ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. მაგრამ ამაზე არ გავაკეთებდი აქცენტს. აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ ეს პარტია არის გაკოტრებული და არაფრის თავი არ აქვთ. ისინი მართავდნენ ქვეყანას, ჰყავდათ კუდ-ი, სოდ-ი და პოლიცია იყო ხალხის დაშინების იარაღი. მაშინ სისტემა ჰქონდათ ხელთ და დღეს აღარაფერი არ აქვთ. უცხოეთიდანაც აღარ აქვთ მხარდაჭერა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არეულობებისა და გადატრიალებების შესახებ ჭორებს თავად ”ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

”ჭორებს ყრიან ისევ თვითონ, თუმცა კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, რაიმე სერიოზული შედეგი მიიღონ - 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და შეიძლება 10 კაცი შეიყვანონ. გარწმუნებთ, არაფერი არ იქნება, მაგრამ თუ მაინც ხელი წაუცდა ვინმეს, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ. თუ ეს ბრიყვული ჯგუფი გაბედავს, რომ რამე პროვოკაცია გაბედოს, თავადვე მიიღებს მძიმე შედეგს და დაიღუპავს თავს. ინფორმაციას შეგნებულად ყრიან, რადგან სხვა რამ არ იციან. ოთხი საქმეა სააკაშვილზე, ძებნაშია, წასასვლელი არ აქვს და ხავსს ეჭიდება. მოვუწოდებ, კანონს დაემორჩილონ და საკუთარ ქვეყანას პატივი მიაგონ. 99,9%-ით გეუბნებით, რომ არაფერი არ მოხდება და ისე იდეალურად წავა არჩევნები, როგორც ახლა მიმდინარეობს. კორცხელიც მაგათი დადგმული იყო, ქალბატონი სცემეს, ეს არის მათი ხელწერა”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით