"ეს გიჟის ბოდვაა" - რას ფიქრობენ სააკაშვილის "რევოლუციურ სცენარზე" ცნობილი ადამიანები? - კვირის პალიტრა

"ეს გიჟის ბოდვაა" - რას ფიქრობენ სააკაშვილის "რევოლუციურ სცენარზე" ცნობილი ადამიანები?

"რა, რომელიმე არ არის ამაზე წამსვლელი?!"

"მონტაჟია, კი!"

მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი ლაპარაკობენ რევოლუციურ სცენარზე, ჩვენში ამ თემის განხილვა არ წყდება. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადგენილა და არც ის, როგორ მოხვდა აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოსტსაარჩვენოდ მართლაც აპირებს  სცადოს ვითარების დაძაბვა. რას ფიქრობენ ამაზე ცნობილი ადამიანები?

გიორგი გურგულია: - სააკაშვილს საზოგადოება არ უნდა აჰყვეს. აქ რომ რევოლუციას ვერ მოახდენს, ცხადზე ცხადია. ეს გიჟის ბოდვაა.

ლალი ბადურაშვილი: - სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას სააკაშვილის ბოგინი. ძლივს წავიდნენ, მოგვშორდნენ. ახლა დგანან გულუბრყვილო გამომეტყველებით, ყველაფერზე იტყვიან, შეთითხნილია, დაგვაბრალესო და რატომ უნდა დაებრალებინათ, რა, არ არის მათგან მსგავსი რამ მოსალოდნელი?! ვინც იმ ჩანაწერში ლაპარაკობს, რომელიმე არ არის ამაზე წამსვლელი?!

ბუბა კიკაბიძე: - მიმაჩნია, რომ ეს მონტაჟია, ასე სამარცხვინოდ არავინ ლაპარაკობს... მონტაჟია, კი! არა მგონია სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობდეს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვისგან, არავინ იცის. მსგავსი საქმეები ჯერ უნდა გამოიძიონ და დაასაბუთონ!

ზურა ყიფშიძე: - სააკაშვილი ამბობს, რომ რევანშისა და რევოლუციისთვის ემზადება. სიცილნარევი ირონია და სინანულია ჩემი ემოცია, როდესაც ვხედავ, რომ იმ ყველაფრის შემდეგ ასეთ რამეს კადრულობს კაცი და ამას არც მალავს.

ლაშა ბუღაძე: - ჰაერშიც არ არის რევოლუცია, რაც უნდა ილაპარაკოს, საიდან უნდა მოიტანოს რევოლუცია?! ეს ყველაფერი პრუტუნია.

თაკო ჩარკვიანი: - არსებობს შს სამინისტრო და მათ უნდა მიიღონ პრევენციული ზომები. თუ ასე დავიწყეთ ფარული ჩანაწერების განხილვა ღია ეთერით, ტყუილ-მართალი აირევა და საშინელება მოხდება. არასახელმწიფოებრივად, ცოტა წინდაუხედავად იქცევიან. ეს ყველას არ ეხება, არიან გონიერი ადამიანებიც, მაგრამ ბევრი მიტმასნილი ტრიალებს მათ გვერდით.

ბაადურ წულაძე: - ის ისეთი გაიძვერაა, რომც არაფერი გამოუვიდეს, რაღაცას მაინც ჩაიდენს. ის ბოროტების განსახიერებაა. სააკაშვილის ტვინი უმართავი ადამიანის ტვინია - რომელი ფეხით ადგება და რას გადაწყვეტს, კაციშვილმა არ იცის. ცხრა წელი არ გვეყო სააკაშვილის გასაცნობად?!

გოგი ჭიჭინაძე: - ეს ხალხი ნამდვილად არის რევოლუციისა და გადატრიალების მომწყობი. თუ ასეთი რამ მოხდება, ახი იქნება ჩვენზეც და დღევანდელ მმართველობაზეც. მე არ ვიცი, რას აკეთებენ და რას ფიქრობენ, არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი. მაშინდელი მწამებლები ახლა უფრო დიდ გულზე არიან. თუ სიტუაცია დაიძაბა და მოვლენები არასახარბიელოდ განვითარდა, დამნაშავე იქნება დღევანდელი მთავრობა.

"შესაძლოა, სააკაშვილმა იცოდა, რომ უსმენდნენ, თუმცა სპეციალურად გააჟღერა გზავნილები"

ირაკლი ბათიაშვილი: - სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებისას, შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით გამასამართლა, არადა, ჩემი განცხადება მხოლოდ სისხლის ღვრის თავიდან აცილებას ემსახურებოდა - კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს-მეთქი, მხოლოდ ამას ვიმეორებდი, რადგან კოდორის ხეობის მოსახლეობა არ იმსახურებდა სადამსჯელო-სამხედრო ექსპედიციას. დღეს კი, თავად ის ადამიანები, რომლებიც უწყინარი სატელეფონო ჩანაწერის გამო მაკავებდნენ, რევოლუციურ სცენარსა და ქალაქის ცენტრში დაღვრილ სისხლზე ღიად საუბრობენ. არც ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ვიდეოჩანაწერი ავთენტური არ არის. მეტიც, ვფიქრობ, სააკაშვილი სპეციალურად ცდილობს ქვეყანაში დაძაბულობის მუხტი მსგავსი საუბრებით გაზარდოს - არ გამოვრიცხავ, მან იცოდა, რომ უსმენდნენ, თუმცა სპეციალურად გააჟღერა გზავნილები. ის რაღაცისთვის ემზადება, რადგან არა მგონია ბობოხიძეს ან თუნდაც წერეთელს უთანხმებდეს საკუთარ გადაწყვეტილებებს.

"ამ სცენარით მოვლენების განვითარებამ შესაძლოა, თავად "ნაციონალებს" დაუსვას წერტილი"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციაზე დიდი ხანია საუბრობს, ფლაგმანად კი "რუსთავი 2""ჰყავს გამოცხადებული. ისინი 2012 წელსვე ვერ ეგუებოდნენ ოპოზიციაში გადასვლას, ამიტომ ამ არჩევნებზე ბოლო შანსად დესტაბილიზაცია ესახებათ. თუმცა, ავიწყდებათ, რომ დღეს 2003 წელი კი არა, 2016 წე ლია და მათი რეიტინგიც სულ უფრო მცირდება. რევოლუციური მუხტით არჩევნების ჩასატარებლად, პირველ რიგში, ხალხის მხარდაჭერაა საჭირო - მხოლოდ ერთი ტელევიზიის იმედად გეგმა ჩაეშლებათ. ისინი მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის და ხელისუფლებაში დაბრუნება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ისიც უნდა ესმოდეთ, რომ მათ მიერ დაგეგმილ რევოლუციას კონტრპასუხი აუცილებლად დახვდება ქუჩაში. მეტიც, შესაძლოა, ამ სცენარით მოვლენების განვითარებამ თავად "ნაციონალებს" დაუსვას წერტილი.