"არის თუ არა"ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელსაც უკვე აქვს წინასაარჩევნოდ ტერაქტების გათამაშების გამოცდილება"?! - კვირის პალიტრა

"არის თუ არა"ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელსაც უკვე აქვს წინასაარჩევნოდ ტერაქტების გათამაშების გამოცდილება"?!

"ვის რაში შეიძლება აწყობდეს თარგამაძის მკვლელობა"?!

"ის, რაც მოხდა თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია… უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი 4 იქტომბერს ბარათაშვილის ხიდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას. მანქანაში მყოფი არც თარგამაძე და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა დაზიანდა 5 გამვლელი, მათ შორის ერთი მძიმედ. მას ოპერაცია უკვე გაუკეთდა, ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ნაციონალური მოძრაობის" თქმით, მომხდარი პოლიტიკას უკავშირდება და ხელს ისინი ხელისუფლებისკენ იშვერენ, თუმცა ინტერნეტსივრცეში არაერთ გამოხმაურებას ნახავთ, რომელშიც გამოითქმის ეჭვი, რომ არ არის გამორიცხული მსგავსი პროვოკაციები თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილიც იყოს.

მერაბ მეტრეველი:

"კითხვების დასმაც არასერიოზულია? რადგან დღეს აღარც ჟურნალსტი ვარ და აღარც პოლიტიკოსი (ერთი უმუშევარი კაცი ვარ), ამიტომ გავბედავ. მაგალითად: ვის რაში შეიძლება აწყობდეს თარგამაძის მკვლელობა? ვის წისქვილზე დაასხა წყალი ამ აფეთქებამ? გამოიწვევს, თუ არა ეს აფეთქება მუხტის აწევას და ხვალინდელ აქციაზე უფრო მეტი ადამიანის მისვლას? როცა ვინმეს აფეთქება უნდათ, ბომბს უკან, საბარგულის ქვეშ ამონტაჟებენ? გაზზეა, თუ არა მანქანა, ამის გასარკვევად საკმარისია, თუ არა მხოლოდ ამ საბარგულში ჩახედვა? როცა ადამიანის მკვლელობას გეგმავ, უნდა გაარკვიო, თუ არა წინასწარ, ჩვეულვბისამებრ სად ჯდება ის, წინ, თუ უკან? არის თუ არა"ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელსაც უკვე აქვს წინასაარჩევნოდ ტერაქტების გათამაშების გამოცდილება? არის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელმაც 2008 წელს ხურჩაში სწორედ არჩევნების წინა დღეებში ტერაქტი დადგა და მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებას არ მოერიდა ( ერთი ქალი დაიჭრა კიდეც)?

არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ. თუ რომელიმე ზემოტ დასმული კითხვა არალეგიტიმრია, მითხარით. სხვა მხრივ კი დაველოდოთ გამოძიებას (მაგრამ რა გამოუძიებიათ, ეს რომ გამოიძიონ?). გასგებია, რომ ყველა კითხვა "ნაციონალური მოძრაობის მისამართით არის, მაგრამ ხელისუფლებას ჯერ არაფერი უთქვამს ამ ამბავზე, შესაბამისად კითხვებიც მერე გაჩნდება. დაბოლოს, ერთ კითხვას თქვნც დაგსვამთ: თქენი აზრით, არის, თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" დღეს საქართველოში ყველაზე დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის?

ზაზა ფირალიშვილი , ფილოსფოსი:

"ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. ვიღაც ცდილობს, დაძაბულობა ზღვრამდე მიიყვანოს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ასეთი უვერტიურის შემდეგ მეტია მოსალოდნელი - არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ამ უკანასკნელის ლეგიტიმურობა, ამ ჩანაფიქრით, ეჭვქვეშ უნდა დადგეს. ამიტომაც, აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და პოზიციის გამოხატვა. სხვაგვარად ამ ტალღას ვერ გავაჩერებთ და ირაციონალური პროცესები დაიწყება. არჩევნების შედეგები ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ვინც ახლა დაძაბულობის გაღვივებას შეეცდება, არ შეიძლება ქვეყნის მოყვარული იყოს".

იხილეთ ასევე: "არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა დესტაბილიზაციის მოსაწყობად ვინმე თავისიანი მოკლას"