"ეს სააკაშვილის მართვის სტილი იყო... მანქანა, რომლითაც 2007 წლის აქციებისას ვმოძრაობდი, მოლოტოვის კოქტეილით ააფეთქეს..." - კვირის პალიტრა

"ეს სააკაშვილის მართვის სტილი იყო... მანქანა, რომლითაც 2007 წლის აქციებისას ვმოძრაობდი, მოლოტოვის კოქტეილით ააფეთქეს..."

4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. მანქანაში მყოფი არც თარგამაძე და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა დაზიანდა 5 გამვლელი, მათ შორის ერთი მძიმედ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უახლოეს პოლიტიკურ წარსულში მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა. კერძოდ, 2007 წლის 8 ნოემბერს, ის მანქანა ააფეთქეს, რომლითაც ამჟამად "თავისუფალი დემოკრატების" წევრ გია ცაგარეიშვილის მანქანა ააფეთქეს. პოლიტიკოსი იმ დროს მანქანაში არ იმყოფებოდა. მომხდარის გასახსენებლად გია ცაგარეიშვილს ვესაუბრეთ:

გია ცაგარეიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი:

- ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს, გუშინ მომხდარი ფაქტი, მთელი პასუხისმგებლობა გადადის ხელისუფლებაზე. ის არის დღეს ამ ქვეყნის მმართველი და ხელისუფლებამ უნდა აკონტროლის ყველა მიმდინარე მოვლენა. ქალაქის ცენტრში აფეთქდა პარლამენტარის მანქანა, დაზარალდნენ უდანაშაულო ადამიანები. ბატონი თარგამაძე, როგორც პოლიტიკოსი, ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა, ჩვენ ხომ არ უნდა დავემსგავსოთ ბატონ თარგამაძეს, რომელიც 7 ნოემბერს სულის ამოხდით გვემუქრებოდა?!

ყველაზე საგანგაშო, იცით, რა არის? - ალბათ გახსოვთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომ მათ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ისინი მუშაობენ იმაზე, რომ გამოავლინონ პროვოკატორები. მაინტერესებს, სად არიან ეს პროვოკატორები, რა ინფორმაციაზეა ლაპარაკი, შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრის ცხვირწინ, ქალაქის ცენტრში მანქანის აფეთქებას ასე უპრობლემოდ ბედავდნენ და ხერხებდნენ?!

სოციალურ ქსელებში, მედიით, უამრავი ვარაუდი გამოითქმის, ხომ არ არის ეს თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილი პროვოკაცია, სხვანი ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების მიერაა გაკეთებული, ზოგიერთის ვარაუდით კი შეიძლება ამის უკან ე.წ. მესამე ძალა იდგეს, რომელსაც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევა სურს. ნებისმიერ მოტივს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება გამართლება, თუ იგი შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარდება.

- ცნობილია, რომ წინა ხელისუფლების დროს, პირადად თქვენ გადახდათ მსგავსი ამბავი...

- ეს ამბავი 2007 წლის 8 ნოემბერს მოხდა. ხომ გახსოვთ მაშინ რა ხდებოდა ქვეყანაში, მრავალგზის დარბეული აქციის შემდეგ მის ლიდერებს თუ უბრალო მონაწილეებს დაგვდევდნენ და ჩვენს შეშინებას ცდილობდნენ. ჭონქაძის ქუჩაზე, ფუნიკულიორის სადგურის მოპირდაპირე მხარეს, გაჩერებული იყო ჩემი მეგობრის მანქანა, რომლითაც ბოლო დღეებში ვმოძრაობდი, ღამის საათებში, ორი მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს და ასე ააფეთქეს. იმ დროს თავს ვაფარებდი ჩემი მეგობრის სახლს, რადგან ჩემი სახლი ალყაში იყო მოქცეული და იქ ვერ მივდიოდი. გამაფრთხილეს ადამიანებმა, რომ სახლში არ დავბრუნებულიყავი, ამიტომ რამდენიმე დღე ვიყავი მეგობრის სახლში. როგორც ჩანს, იმ ნაძირლებმა, ვინც ეს ჩაიდინა, იქაც მომაგნეს, დასკვნა თავად გამოიტანეთ ეს ვისი ნამოქმედარი იყო.

პროკურატურაში საქმე აღიძრა, თუმცა მე არ დამკითხეს, დაკითხეს ჩემი მეგობარი. მაგრამ იმ მანქანით მე დავდიოდი ბოლო 3 დღე.  იმ პერიოდში მეზობლემმა გვითხრეს, როდესაც მანქანა იწვოდა, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი მელოდებოდნენ რამდენიმე მეტრში.

- ეჭვი ვისზე გაქვთ ან გამოძიება თუ დასრულდა?

- გამოძიება აღარ დასრულებულა, საქმე თაროზეა შემოდებული. ეჭვი მაქვს იმ დროინდელ ხელისუფლებაზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე", იმ დროინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ეს სააკაშვილის მართვის სტილი იყო... პროკურატურამ არ დამკითხა და საქმე ჩაიფარცხა. იმის მერე ქვეყანაში ათასი უბედურება დატრიალდა... მეორე დღესვე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ყველა საელჩოს. მხოლოდ საფრანგეთის საელჩო გამომემხაურა, პოლიტიკური თავშესაფარიც შემომთავაზეს, გაერიდე ამ ყველაფერსო, მაგრამ აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი და ჩემ ქვეყანას სააკაშვილის საჯიჯგნად არ დავტოვებდი.

ასეთი მოვლენები ბევრი იყო, გაგახსენებთ პარლამენტარ დავით უჯმაჯურიძის ფაქტს, რომელიც "ბიგ ბენის" ტერიტორიიდან მოიტაცეს, წაიყვანეს საგურამოს ტყეში, დააბეს, "მერსედესის" მარკის მანქანა დაუწვეს. ასევე, ბატონი ვახტანგ ლაღიძე, კოკა-კოლას ვიცე პრეზიდენტი, რომელიც უმოწყალოდ სცემეს თავისი სახლის წინ, მისი მანქანა გატაცებულია და დღემდე ნაპოვნი არაა. სხვათა შორის, ეს ფაქტი იქვე მდებარე გაერო-ს ოფისის კამერებმა დააფიქსირა, მაგრამ იმდენი გაბედეს, რომ გაერო-ს არ მისცეს უფლება, სახალხო დამცველისთვის მიეწოდებინა სათვალთავლო კამერების მიერ აგადაღებული კადრები.

გაიხსენეთ ხურჩაში მომხდარი ფაქტი, რომელიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული, როცა ვითომ ტერაქტები იგეგმებოდა და იჭერდნენ ათობით ადამიანს, ამ მოლენებიდან ძალიან მალე დააკავეს სერგო თეთრაძე, რომელსა წამებით მოუსწრაფეს სიცოცხლე.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)