"უკრაინის ხელისუფლება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ოდესის გუბერნატორს გარდაეცვალა მშობლიური პარტია" - კვირის პალიტრა

"უკრაინის ხელისუფლება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ოდესის გუბერნატორს გარდაეცვალა მშობლიური პარტია"

"ჯვარი ეწეროს ყველას, მათ შორის გივისაც, მაგრამ გივის გარდა ყველა აფეთქდა"

"გივი თარგამაძე ისევე, როგორც ყველა თავისუფალი პიროვნება ჩვენს ქვეყანაში, რუსეთიდან ეფ-ეს-ბეს აგენტების შემოდინებას ებრძვის, მაღალჩინოსნების ფარულ თუ თავხედურად ღია კავშირებს ააშკარავებს"

4 ოქტომბერს ბარათაშვილის ხიდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. მანქანაში მყოფი არც თარგამაძე და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან, თუმცა დაზიანდა 5 გამვლელი, მათ შორის ერთი მძიმედ. მომხდარს საზოგადოებაში უამრავი შეფასება მოჰყვა. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრიც. 5 ოქტომბერს კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქცია, ჩვენში, როგორც ყველა აქციის შემდეგ, ამჯერადაც ბევრს ლაპარაკობენ იმაზე თუ რამდენი ადამიანი იყო აქციაზე...

დათო მაღრაძე, პოეტი:

- გივი თარგამაძე ააფეთქეს ისე, რომ გივის გარდა ყველა აფეთქდა. ეს როგორ ხდება არ ვიცი. ჯვარი ეწეროს ყველას, მათ შორის გივისაც.

ეს ფაქტი არ აწყობს იმას, ვინც იმარჯვებს. იმხელა უპირატესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა სხვა პარტიასთან შედარებით, რომ რასაკვირველია, ეს ხელისუფლებას არ აწყობს და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს გვანახებს. „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა ხომ განაცხადეს, რასაც გეგმავდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ფაქტი ამ სცენარის ნაწილს ჰგავს. „ნაციონალები“ ასეთ პროვოკაციებს აპირებდნენ, ხელისუფლებამ იცოდა, პრევენციიული ღონისძიებებიც გაატარეს, მაგრამ ყველაფრის დაზღვევა ვერ ხერხდება. რაც შეეხება ოდესელ გუბერნატორს, რომელმაც ჰოლანდიის მოქალაქე მეუღლე გამოგზავნა ზუგდიდში კენჭისსაყრელად, ვერ ვხვდები მათ რა აკავშირებთ ასე სამეგრელოსთან... სააკაშვილს უკვე უმთავრდება უკრაინაში ყოფნის დრო და როგორც ჩანს, დიდ ქვეყნებს ის არ სჭირდებათ, ამიტომ ეძებს გზებს. არეულობა და დესტაბილიზაცია ვისთვის არის ხელსაყრელი ამის შემდეგ გადაწყვიტოს მოსახლეობამ.

5 ოქტომბერს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა საკუთარი ეგზიტპოლ-ნეკროლოგი. მთელი საქართველოს მასშტაბით "ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო პანაშვიდი "ვარდების მოედანზე" გაიმართა. უკრაინის ხელისუფლება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ოდესის გუბერნატორს ხანგრძლივი კონვულსიური მოძრაობების შემდეგ, გარდაეცვალა მშობლიური პარტია.

დაკრძალვა 8 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ამ აფეთქებით ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, სახელმწიფოებრივად სახიფათო, შემაშფოთებელია ის რიტორიკაც, რასაც ვისმენთ ორივე მხრიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პოლტიკური კლასი არის სრულიად დეგრადირებული. ხელისუფლებას ეს ფაქტი არ აწყობდა, ამიტომ მათ მხარეს უაპელაციოდ ხელის გაშვერა არ იქნება სწორი. თუ მოტივზე ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, ეს ეხება უფრო მესამე ძალას, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაცია შემოიტანოს ქვეყანაში ან იმას, ვისაც პირადი ინტერესები ამოძრავებს.

მესამე მხარეში შეიძება ვიგულისხმოთ რუსეთიც, რომელიც დაინტერესებულია საქართელოში წინა საარჩევნოდ სიტუაციის არევით და მეორე გივი თარგამაძესთან შეიძლება აქვთ პრეტენზიები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რუსეთს  შესაბამისად, რუსეთს ჰქონდა ამის გაკეთების მოტივი და იმ სხვა ქვეყნებსაც, რომელთაც სურთ საქართველოში ძალაუფლების გაძლიერება. გარდა ამისა, არ უდა გამოგვრჩეს ორგანიზებული კრიმინალი, რომელსაც უნდა ქვეყანაში თავისი პოზიციების დაბრუნება.

ოპოზიციური პარტიებისთვის ძალების მსგავსი მობილიზება და აღლუმი მიღებული წესია და ამ წესს ყველა მიმართავს. "ნაციონალური მოძრაობის" გზავნილი არის, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და თავის ამომრჩეველს კიდევ ერთხელ შემოუძახეს. მიშას ჩართვაც ამ გზავნილის ერთ-ერთი ნაწილი იყო. დასამალი არ არის რონ "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი მაინც სააკაშვილის ლიდერობაზეა ორიენტირებული  და ისიც ცდილობს მაქსიმალურად დადებითი მუხტი შექმნას.

დავით დეფი, პოეტი:

- გივი თარგამაძე ისევე, როგორც ყველა თავისუფალი პიროვნება ჩვენს ქვეყანაში, რუსეთიდან ეფ-ეს-ბეს აგენტების შემოდინებას ებრძვის, მაღალჩინოსნების ფარულ თუ თავხედურად ღია კავშირებს ააშკარავებს. ვგულისხმობ კავშირებს როგორც ხელისუფლებასთან, ისე კრიმინალურ სამყაროსთან. გივი საქართველოს საზღვრებს მიღმა ანტიკრემლისტი, ანტიპუტინისტი მებრძოლების მეკავშირეა და ახლოს იცნობს ზოგადად კრიმინალურ სამყაროსთან მებრძოლ პირებს და თუ გნებავთ ორგანიზაციებს. მას აქვს სიმამაცე და გონება.

ეს კი უკვე სახიფათოა კოლაბორაციონისტული ხელისუფლებისთვის.

დღეს საქართველო ორი ძალის ბრძოლის ველია:

ერთ მხარესაა განათლება და თავდადება, მომავლის ხედვა და პროგრესი, იდეალიზმი.

მეორე მხარესა - უმეცრება და ღვარძლი, სიძულვილი, ტყუილი, გულგრილობა, ფარისევლობა, ცილისწამება. ღალატი და ყველა სილაჩრე.

არჩევანის საქმეა ვინ სად დგას.

კონსპირაციის თეორიებით ხალხის მანიპულაცია კი რუსეთის სპეცსამსახურების კარგად ნაცადი და კარგად ნაცნობი მეთოდია. ეს სისაზიზღრე ხშირად ბევრად განვითარებულ სახელმწიფოებშიც წარმატებით მუშაობს ვიდრე დღევანდელ საქართველოში. ადვილია კონსპირაციით ხალხის ტვინის გამოლაყება. ამიტომ, ის ადამიანი, ერთი თუ მრავალი, ვინც უტიფრად გვექადაგება "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკუთარ მანქანებს აფეთქებენ და ბავშვებს ქვევრებში ახრჩობენო, თანაც არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ერთად თუ ცალ-ცალკე, ერთდროულად და ერთ სივრცეში მტრის ხელში იარაღიცაა და მსხვერპლიც. ამაზრზენი საცოდავობაა.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)