”სუს-მა მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ" - კვირის პალიტრა

”სუს-მა მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრი დაკითხვაზე დაიბარა. თუმცა როგორც ორგანიზაციის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, ისინი დაკითხვაზე იძულების წესით წაიყვანეს.

"სასწრაფოდ: ”სუსმა” მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ ”დასაკითხად” სსსკ 315 მუხლის პირველი ნაწილის შესახებ" - დაწერა "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წევრმა, მარიამ ბაშარულმა.

დაკითხვაზეა დაბარებული „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთი წევრი ვაჟა მორგოშიაც.

ამის შესახებ სუს-ში უკვე გაკეთდა განცხადება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ვინაიდან ბაშარული და მორგოშია რამდენჯერმე დაკითხვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ, მიიღეს მოწმის სახით მათი საგამოძიებო უწყებაში იძულებით მიყვანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

„თავისუფალი ზონის“ წევრები - მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება იძულებით მოყვანაზე მოწმის სახით დაკითხვის მიზნით“, - განაცხადეს სუს-ში.

არაოფიციალური ინფორმაციით, მათი საგამოძიებო უწყებაში დაბარება ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.