ანგელოზი გაბუნია, "ქართული ოცნებისა" და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ჯახი და შალიკოს და მიშიკოს მუქარა - კვირის პალიტრა

ანგელოზი გაბუნია, "ქართული ოცნებისა" და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ჯახი და შალიკოს და მიშიკოს მუქარა

საპარლამენტო არჩევნები პირდაპირი მნიშვნელობით კარს მოგვადგა და რა გასაკვირია, რომ მიმდინარე კვირას პოლიტიკური ცხოვრების დუღილის ტემპერატურამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, ბოლო დღეებში იმდენი "მოვლენის" მხილველნი გავხდით, "ნორმალურ დროში" ლამის ერთ-ორ თვეს რომ ეყოფოდა. ჩვენებური წინასაარჩვენო კამპანიის ტრადიციად არის ქცეული პოლიტიკოსებმა ერთმანეთი ისე ლანძღონ და აგინონ, ხე და ქვა ესროლონ, რომ არჩევნებზე გახურებულები კი არა გადახურებულები მიგვიყვანონ...

წელს აშკარად შეიმჩნეოდა შედარებითი სიმშვიდე, თუმცა ამ ბოლო დღეებში ისეთი ქნეს, გივი თარგამაძის მანქანაც კი აფეთქდა, რასაც "ნაცები" "ქოცებს", "ქოცები" კი "ნაცებს" აბრალებენ...

ვიდრე ამაზე გეტყოდეთ უფრო ვრცლად, აუცილებლად უნდა შევეხო "რუსათვი 2" -ის ეთერში გამართულ მმართველი ძალის წინასაარჩევნო პრეზენტაციას, რომელიც ნამდვილ პოლიტიკურ ორთაბრძოლად იქცა, თუმცა დღემდე ვერ გავარკვით "რუსთავი 2" -ის ჟურნალისტებმა მოიგეს თუ "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე მეტად მაინც გიორგი გაბუნიას ანგელოზისებურმა სიმშვიდემ გამაკვირვა, თუ როგორ ცდილობდა გაეშველებინა კალაძე, მისი გუნდი და კოლეგა ჟურნალისტები... კალაძე ადეიშვილის წინააღმდეგ ყველაზე საინტერესო დუელი გამოდგა, აშკარაა ექსფეხბურთელმა თუ ექსენერგეტიკის მინისტრმა გადაამლაშა როდესაც თეა ადეიშვილისთვის სარკე მოითხოვა, თუმცა არც ამ უკანასკნელმა დაახვალია და მიაძახა: - არ ვარ შენი ცოლივით ლამაზიო! ახლა ბევრი ამბობს სილამაზე რა შუაშია ჟურნალისტის სახე რომ აქვთ დაკარგული იმაზე მიანიშნაო, კარგი, მაგრამ ასეც რომ იყოს, ის თუ ჟურნალისტის სახე დაკარგულია, არავის აძლევს უფლებას პოლიტიკოსის თუ ადამიანის სახე დაკარგოს!

ახლა დავუბრუნდეთ გივი თარგამაძის და მისი მანქანის ამბავს. რასაკვირველია ადამიანის გაწირვა და მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა შემზარავი ფაქტია და დაგმობას აუცილებლად იმსახურებს. სამწუხაროდ, საქმე "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის ერთ-ერთ ლიდერთან გვაქვს, პიროვნებასთან, რომელსაც თავის დროზე "საყვარელი პარტიის" სხვა წამყვან ფიგურებთან ერთად არაერთ "მოდელირებულ კრიმინალურ დადგმებთან" ჰქონია კავშირი.

"ქართულ ოცნებას" არჩევნების წინ საქართველოში მდგომარეობის დაძაბვა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ხელის აღმართვა არაფერში სჭირდება, ისედაც ყველა წინასწარი გამოკითხვის მიხედვით მომავალ საპარლამენტო არჩევნებს იგებს, საკითხავია ხმების რა რაოდენობით. "ნაციონალები" კი "იბრძვიან" და ამისთვის ყველა კანონიერ თუ უკანონო გზებს მიმართავენ. რამდენიმე დღის წინ, ორგანიზაცია "თავისუფალი ზონიდან" წამოსულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მათ ორგანიზაცია იმიტომ დატოვეს, რომ წინასაარჩევნოდ საკუთარი მანქანების აფეთქება და მსგავსი დესტაბილიზაციის მოწყობები დაგვავალესო.

გივიკო კი გადაგვირჩა, მაგრამ ის ისედაც უნდა "გადარჩენილიყო". აგერ გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ივერიელების" ხელმძღვანელმა ლევან კოჭლოშვილმა განაცხადა კიდეც, რომ აფეთქების დროს თარგამაძე მანქანაში საერთოდ არ იმყოფებოდაო. ბატონი ლევანი ამ სიტყვების სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებულია და მზად გახლავთ შესაბამის სამსახურებთან დაკითხვაზე გამოცხადდეს.

"ნაციონალები" წინასაარჩევნოდ არაერთ "უცნაურ" და "ორიგინალურ" ხერხებს მიმართავენ. რამდენიმე დღის წინ მთაწმინდასა და ვერაზე არსებულ ყველა თონეში "ნაციონალმა" ნიკა რურუამ საკუთარი სახელობის პურის პარკები დაარიგა. აი მიგნება!!! რამდენიმე ათეული წელია საქართველოში მიმდინარე არჩევნების მხილველი გახლავართ და ამ სახის "ნოვატორულ" წამოწყებას პირველად ვხვდები. ეს კიდევ არაფერი. ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის ინფორმაციას გაგაცნობთ.

"მელიქიშვილის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირის დასაწყისში რურუას საარჩევნო პლაკატებია გაკრული, საქართველოს ბანკის ეგრეთ წოდებულ ფეიბოქსებზე, მათ შორის მეტროსადგურ "რუსთაველის" შესასვლელში. ხუთი წუთის წინ დავრეკე ამ ბანკში და ოპერატორს ვკითხე, ყაჩაღი რურუა თქვენი ბანკისგან ნებადართულია, თუ თვითნებობს-მეთქი. ოპერატორმა დამელოდეთო მითხრა, ალბათ ვიღაცას რაღაც შეეკითხა და მალევე მიპასუხა - ჩვენგან ნებადართული არ არის; გმადლობთ ინფორმაციისთვის, შესაბამისი სამსახური დეპარტამენტი ამ ინფორმაციას გადაამოწმებსო".

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სრულიად საქართველო "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" უშეღავათო დაპირისპირების მოლოდინშია. არის შიშიც, რომ საარჩევნო ბატალიების დასრულების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა აირევა. ხალხო ფრთხილად იყავით! საფრთხე სულ სხვა ხალხისგან გვემუქრება. ცნობილი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი 8 ოქტომბერს მილიარდერი ივანიშვილისა და "სისხლისმსმელი" "ნაციონალების" უპირობო დამარცხებას გეგმავს.

იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიგო, სრულიად საქართველოს მობილიზაციას გეგმავს და "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ქვეყნის პოლიტიკური რუკიდან გაქრობას აპირებს. "ჩვენთან ერთად მთელი ქვეყანაა. ჩვენი ხმების მოპარვას არავის შევარჩენთ. ქუდზე კაცი გამოვა და სიმართლეს აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ბატონმა შალვამ.

რა ჭირს ამ ადამიანს, წადი, კაცო, ბაზალეთის ტბასთან მდებარე შენს სასახლეში და დაასვენე ხალხი. რატომ ილანძღავ თავს, შალვა, მიხვდი, რომ შენი დრო უკვე წასულია.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)