უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ პოროშენკო სააკაშვილს გაათავისუფლებს - კვირის პალიტრა

უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ პოროშენკო სააკაშვილს გაათავისუფლებს

7 ოქტომბერს ოდესაში სტუმრად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ელოდებიან. უკრაინულ მედიაში ამ სტუმრების მიზეზებზე არაერთი ვარაუდი გამოითქმის, მათ შორის ისიც, რომ პოროშენკო ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას აპირებს.

"როგორც "ოდესის რუპორს" საინფორმაციო წყარომ აცნობა, დაზუსტებული ინფორმაციით, უკვე ხელმოწერილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდება 8 ოქტომბრის შემდეგ, იმისგან დამოუკიდებლად თუ როგორი იქნება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე კი, სავარაუდოდ, დანიშნავენ ცნობილ პოლიტიკოსსა და საჯარო მოხელეს ივან პლაჩკოვს", - წერს გამოცემა. (წყარო)

გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც:

"ოცნებას კაცი არ მოუკლავს, პრეზიდენტის ვიზიტისას წარვადგენთ ჩემს სამ მოადგილეს, რომელთა შორის არიან კემბრიჯისა და პრისტონის უნივერსიტეტების, ასევე ლონდონის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებულები და რაც მთავარია, ძალიან საინტერესო და საქმიანი ახალგაზრდები", - წერს ოდესის მოქმედი გუბერნატორი.

შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ადმინისტრაციაში მოიწვია უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი, რომელთანაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ჩარევასა და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვის მცდელობაზე ისაუბრა.

"მიუღებელია უცხო სახელმწიფოს ოფიციალური თანამდებობის პირის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.