"ივანიშვილს არ გამოუვიდა 40-მილიონიანი ფილმით ხალხის დაბოლება, არც მის ფოჩიან კამფეტებს აღარ ართმევს უკვე არავინ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს არ გამოუვიდა 40-მილიონიანი ფილმით ხალხის დაბოლება, არც მის ფოჩიან კამფეტებს აღარ ართმევს უკვე არავინ"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წინასაარჩევნო მიმართვა გაავრცელა.

როგორც მოსახლეობისადმი წინასაარჩევნო მიმართვაში ოდესის ოლქის გუბერნატორი ამბობს, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო არ მდგარა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე.

„ხვალ საქართველოს ისტორია მოუხმობს თითოეულ ქართველს საარჩევნო ყუთებთან. 2012 წელს ხალხმა ხმა მისცა უკეთეს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, 2012 წელს ჩვენ ბევრად უფრო უკეთესად ვიყავით ვიდრე ბნელ 90-იანებში, მაგრამ ხალხს ყოველთვის უნდა გაუმჯობესება, წინსვლა, რაღაც უკეთესი, ამიტომ მაშინდელი არჩევანი იყო ლოგიკური და გასაგები. 2016 წელს კითხვაზე - ვცხოვრობთ თუ არა უკეთესად, ვიდრე 2012-ში? - ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის უარყოფითი, მაგრამ ხვალ მარტო ცხოვრების დონეს არ ვირჩევთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის პირობებში ქართული სახელმწიფოს არსებობაც კი დადგება ეჭვქვეშ და საქართველოს დაემუქრება გაქრობა მსოფლიო რუკიდან ისე, როგორც ივანიშვილი დაგვპირდა თავიდან, საქართველო გამოაცხადა პატარა სოფლად, იწინასწარმეტყველა, რომ ის გაქრებოდა საერთაშორისო რადარებიდან და როგორც დევიდ კოპერფილდმა, მართლაც გააქრო იგი საერთაშორისო რადარებიდან. ჩვენ ეს აღარ უნდა დავუშვათ. თქვენ ხედავთ, როგორ იშლება ფინანსური სისტემა, როგორ გაიქცა ლარი... ღმერთმა არ ქნას, ესენი რამდენიმე თვე კიდევ გაჩერდნენ, მაშინ ჩვენი ეროვნული ვალუტა საერთოდ ჩამოიშლება. ამიტომ ჩვენ ხვალ ჩვეულებრივ არჩევანს არ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს სიბნელესა და სინათლეს შორის, საქართველოს არსებობასა და გაქრობას შორის, სახელმწიფოებრიობასა და სრულ ჩამოშლას შორის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი გააყალბებს არჩევნებს, არის სრული სისულელე.

„ამ კაცს არაფერი გამოუვიდა, არ გამოუვიდა არც 40-მილიონიანი ფილმით, სადაც ათასგვარი ტყუილები იყო, ხალხის დაბოლება, არც კომპრომატებით ხალხის დაზაფვრა, არც მუქარები და არც მის ფოჩიან კამფეტებს აღარ ართმევს უკვე არავინ. ის რეალურად არის მთლიანად გაკოტრებული. ჩვენ ჩამოვიყვანეთ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, ბევრი უცხოელი აკვირდება, ბევრი ჩვენი ძალიან კარგად მომზადებული დამკვირვებელიც და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, როგორ არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება, როგორ დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა. ამიტომ ამ მხრივ მე მშვიდად ვარ და როგორც არასდროს, ხვალ მაქვს თქვენი აქტიურობის და ერთად დგომის იმედი. ხვალ საქართველო იტყვის, რომ ის იმსახურებს იყოს სახელმწიფო და არა ერთი ახირებული ოლიგარქის უბრალო სათამაშო. ხვალ საქართველო იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ანალიზის უნარი და მშვენივრად ვხვდებით, თუ სად არის ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ინტერესები. ხვალ საქართველო იტყვის, რომ მას აღარ უნდა უნიათო მთავრობა, რომელიც მუდმივად წარსულში მიგვექაჩება და ერთ ადგილს ტკეპნის. ჩვენ გვინდა ხალხი, ვინც შეძლებს საქართველოს სამშვიდობოზე გამოყვანას. ხვალ საქართველო მომავლის ხედვით იწყებს ცხოვრებას. ხვალ იმარჯვებს სინათლე სიბნელეზე, მომავალი - წარსულზე. ხვალ იმარჯვებს სიმართლე, ვინაიდან ტყუილმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ. ხვალ სიმართლე გაიმარჯვებს საბოლოოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ბრწყინვალე ქალაქს შავ ზღვაზე, რომ ჩვენ შევუქმნით თითოეულ ქართულ ოჯახს ბევრად უფრო მაღალ პერსპექტივებს საუკეთესო განათლების მოპოვების და ღირსეული სამუშაო ადგილის ქონის; ჩვენ შევუქმნით ყველა ასაკის ადამიანს დაცულობის და სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის ყოველდღიურ გარანტიებს. ვის შეუძლია ამის გაკეთება, თუ არა იმ გუნდს, რომელმაც მიიღო უზარმაზარი გამოცდილება როგორც მიღწევების, ისე შეცდომების“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადახალისდა ბევრი ძალიან საინტერესო ახალგაზრდით, ვისაც ახლებური ხედვა და საქართველოს დიდი სიყვარულით.

„მე ვფიქრობ, ამ რთულ პერიოდში, როგორც არასდროს, ღირს, კიდევ ერთხელ ვანდოთ ქვეყნის ბედი ამ თითქმის მთლიანად განახლებულ და ახალი იდეებით მოსულ გუნდს. ამიტომ ჩვენ ხვალ ყველანი ერთად დავირაზმებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდით წარსულში, მაგრამ ხვალ ჩვენი გაერთიანების დღეა. მეგობრებო, მე მაქვს თქვენი იმედი ხვალ და მე მინდა, რომ თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"