"ბაქრაძეს გავახსენებ, ის და თავდაცვის სამინისტროს ექსმაღალჩინოსნები დაზიანებული შვეულმფრენიდან უსირცხვილოდ, ჩუმად რომ გაიპარნენ" - კვირის პალიტრა

"ბაქრაძეს გავახსენებ, ის და თავდაცვის სამინისტროს ექსმაღალჩინოსნები დაზიანებული შვეულმფრენიდან უსირცხვილოდ, ჩუმად რომ გაიპარნენ"

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის ლიკვიდაცია დაგეგმილი იყო, ასაფეთქებელი ნივთიერება ან სხვა ადგილას უნდა ჩაედოთ, ან მოცულობა უნდა ყოფილიყო დიდი.

ალადაშვილის თქმით, ეს იურისტების საქმეა, "მაგრამ როცა ქალაქის ცენტრში ხდება აფეთქება, 5 ადამიანი დაიჭრა, ერთი მძიმედ არის, ეს შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი”.

„საუბარია „შკოდას“ ტიპის ავტომობილზე, რომელსაც სავარძელი და სალონი გაერთიანებული აქვს. არსებობს ერთ-ერთი ვარაუდი, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო საბარგულში, საბარგულის ყველაზე უკიდურეს ნაწილში და იქ მოხდა აფეთქება. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მცირე რაოდენობით. მე მაინც მიმაჩნია, რომ იყო 100 გრამი ტროტილის ეკვივალენტი. მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო ეს, ამონალი, ტროტილი, ჰექსოგენი თუ სხვა, ამას გამოძიება ძალიან მარტივად დაადგენს. კვალი რაც დარჩა, ქიმიური ანალიზის შედეგად შეიძლება მისი გარკვევა...

თუ იგივე რაოდენობის ნივთიერება, რაც იქ აფეთქდა, მოთავსებული იქნებოდა იმისი სავარძლის ქვეშ ან მასთან ძალიან ახლოს, ვისი ლიკვიდაციაც იყო დაგეგმილი, მაშინ ფატალური შედეგით დასრულდებოდა. აქ კი ცოტა ეჭვები ჩნდება, თუ გათვლილი იყო კონკრეტულად ლიკვიდაციაზე, მაშინ ის, ვისაც გათვლილი ჰქონდა, პირველი – ჩადებდა სხვა ადგილას, ან ჩადებდა ისევ იქ, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერების მოცულობა იქნებოდა მეტი, ეს იყო გარსის გარეშე ნივთიერება და არც დამატებითი დამაზიანებელი ელემენტები არ გააჩნდა, მაგალითად, რკინის ბურთულები ან ლურსმნები“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ალადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა "ნაცმოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე.

“როგორ შეიძლება სერიოზულად ვუპასუხო იმას, რომ ტროტილიანი მანქანა აფეთქებისთვის არ იყო გამიზნული? - როცა მანქანაში ტროტილი ფეთქდება, იქ შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს. ისეთ დეტალზეა ყველაფერი დამოკიდებული, როგორიცაა, ფანჯრის შუშა ამოწეულია თუ ჩაწეული. შეიძლება ამან განსაზღვროს ადამიანის სიცოცხლე. ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტროტილიანი მანქანა საშიში არ არის, ჩემს თვალში ექსპერტი კი არ არის, არამედ მას სხვა მორალურ კრიტერიუმებთანაც მწყრალი დამოკიდებულება აქვს... შევთავაზოთ ექსპერიმენტი, რომ ჩაჯდეს ტროტილიან მანქანაში და აფეთქდეს, თუ გარისკავს და ამას გააკეთებს, დავიჯერებ, რომ ექსპერტია".

ირაკლი ალადაშვილი:

„როგორც ჩანს, დავით ბაქრაძე არა მარტო ტექნიკურ დეტალებში ვერ ერკვევა, რაც არცაა გასაკვირი, არამედ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ჩემი განცხადებიდან ზუსტი ანალიზის გაკეთებაც არ შესძლებია. არასოდეს მითქვამს, რომ ტროტილიანი მანქანა აფეთქებისთვის არ იყო გამიზნული (ან საიდან იცის, რომ ამ კონკრეტული აფეთქების დროს სწორედ ტროტილი იყო გამოყენებული და არა სხვა ბრიზანტული ნივთიერება, ამის შესახებ ხომ გამოძიებას ჯერ არაფერი უთქვამს?).

რაც შეეხება ბაქრაძის შემოთავაზებას დანაღმულ მანქანაში ჩავჯდე და ავფეთქდე ექსპერიმენტის გულისთვის, მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ მე უკვე მოყოლილი ვარ ჩასაფრებაში ერაყში და ზოგიერთივით ყურმოკვრით არ ვიცი, თუ რას ნიშნავს აფეთქება, ისევე როგორც მანამდე ნამყოფი ვარ ცხინვალის ომებში, აფხაზეთსა თუ ჩეჩნეთში, სადაც საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებშიც მოვყოლილვარ, დანაღულ ველზეც აღმოვჩენილვარ, გუმისთაზე კი სნაიპერის ტყვიას ცხვირთანაც ჩაუვლია... ასევე ფეხით გადმოვიარე კოდორის ხეობაც, მაგრამ დავით ბაქრაძე ამას ვერ გაიგებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დენთის სუნი არასდროს უყნოსია.

რაც შეეხება მორალურ კრიტერიუმებთან მწყრალად დამოკიდებულების ბრალდებას, ირაკლი ალადაშვილმა დავით ბაქრაძეს 2007 წელს, კოდორის ხეობიდან ერთი შვეულმფრენით გამოფრენა შეახსენა.

"მინდა, გავახსენო ბაქრაძეს 2007 წელი, როდესაც სენაკის აეროდრომზე ის და თავდაცვის სამინისტროს იმდროინდელი მაღალჩინოსნები დაზიანებული შვეულმფრენიდან უსირცხვილოდ ჩუმად გაიპარნენ, სხვა შვეულმფრენში გადასხდნენ ისე, რომ დაზიანებულ შვეულმფრენში დარჩენილებისთვის არაფერი უთქვამთ. შესაბამისად, რამდენიმე ჟურნალისტს სწორედ დაზიანებული შვეულმფრენით მოგვიწია თბილისში დაბრუნება, რაც ფრენების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავიაკატასტროფის წინაპირობა იყო.

დავით ბაქრაძეს ისიც ვერ გაურკვევია, რომ მე განცხადებებს და შეფასებებს ვაკეთებ როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი და გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი და არა, როგორც სამხედრო ექსპერტი.

ბატონ ბაქრაძეს კი შემდგარ პოლიტიკოსად მაშინ ვაღიარებ, როდესაც ის ბოლოს და ბოლოს აგვიხსნის აგვისტოს ომში, ხელისუფლებისგან მიტოვებულ მოსახლეობას დანა-ჩანგლით როგორ უნდა შეეჩერებინა რუსული ტანკები, რასაც იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ტელევიზორის ეკრანიდან დაჟინებით მოუწოდებდა მოქალაქეებს.

"ინტერპრესნიუსის მასალების მიხედვით"