"უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული" - რას ამბობს თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის მამა? - კვირის პალიტრა

"უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული" - რას ამბობს თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის მამა?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 7 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.

როგორც საზოგადოებას აქამდე ეცნობა, საგამოძიებო ჯგუფის მიერ შემთხვევიდან უმოკლეს დროში დაიწყო პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; დაიკითხა ათეულობით მოწმე; შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის მიხედვით ამოღებული იქნა გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები; ასევე, ჩატარდა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

სწორედ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა გამოძიების მიერ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.

ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.

რაც შეეხება გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირს, მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ყოფილი სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი დავით ხეჩუაშვილია.

როგორც ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება და რუსეთშია წასული.

”ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში. წავიდა ძიება და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, მერე გამოუშვეს. ამის მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს. ჩემი შვილი აქ არ არის და როგორ მონაწილეობდა აფეთქებაში? 5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ. უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული”.

იხილეთ ასევე: "გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია" - შს მინისტრის მოადგილის კომენტარი

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით