„პოლიცია სიტუაციის განმუხტვას ცდილობს" - ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე - კვირის პალიტრა

„პოლიცია სიტუაციის განმუხტვას ცდილობს" - ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე

არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა განუცხადა, უბანზე ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, შენობის ფანჯრები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული, ჩამსხვრეულია.

„მე როგორც დამირეკეს და მითხრეს, ერთმანეთს ქვებს და ჯოხებს ესროდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცერაზმი და პოლციია“, - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულის რაიონ სოფელ ყიზილაჯლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ისე სამართალდამცველებს.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს, რომ არ გაბედონ ამის გაკეთება. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ პროცესს და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ სათანადოდ დაისაჯოს ყველა, ვინც ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარნეულში, ყიზილაჯლოში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აჰმამედ იმამყულიევი და მისი მხარდამჭერები გეგმავენ სიტუაციის ხელოვნურად არევას.

„ეს ხდება ყიზილაჯლოში, 48-ე, 49-ე და 59-ე უბნებზე. წინასაწარი ინფორმაციით, იმამყულიევი აგებს არჩევნებს. 100-მდე მხარდამჭერია შეკრებილი ამ უბნებზე და ცდილობენ არეულობის პროვოცირებას“,- განაცხადა კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„პოლიცია სიტუაციის განმუხტვას ცდილობს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მოხდა დაპირისპირება, თუმცა ვისსა და ვის შორის, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადეს უწყებაში.

ვიდეო