ხელჩართული ჩხუბი და სპეცდანიშნულების რაზმი საარჩევნო უბანთან - რას აცხადეს შსს სოფელ ყიზილ-აჯლოში შექმნილ ვითარებაზე?! - კვირის პალიტრა

ხელჩართული ჩხუბი და სპეცდანიშნულების რაზმი საარჩევნო უბანთან - რას აცხადეს შსს სოფელ ყიზილ-აჯლოში შექმნილ ვითარებაზე?!

დაშავდა მარნეულის პოლიციის უფროსი

მარნეულში მომხდარ არეულობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.

საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები".

შეგახსენებთ, რომ მარნეული 48-ე საარჩევნო უბანზე შექმნილი ვითარების განსამუხტად, პოლიციის დამატებით ძალებთან ერთად, სპეცდანიშნულების რაზმიც შეიყვანეს, რომელიც რჩება იმ შენობის ეზოში, სადაც საარჩევნო უბანია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ უბნის სიახლოვეს იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი, ის და მისი მომხრეები საარჩევნო უბნის გაუქმებას მოითხოვენ.