"თქვენ აირჩიეთ კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური "კამანდა" - "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს - კვირის პალიტრა

"თქვენ აირჩიეთ კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური "კამანდა" - "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს

საარჩევნო ეგზიტპოლი "საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა" და GDS-სთვის კომპანია TNS-მა ჩაატარა, რომლის საველე სამუშოები "გორბიმ" შეასრულა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით,  "ქართულმა ოცნებამ" ხმების 53,8% მიიღო. ამ წუთებში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვებას საკუთარ ოფისთან ზეიმობენ. იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართეს.

"საქართველო, გილოცავ გამარჯვებას. მინდა, მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ყველას. დღეს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი - არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება და, რა თქმა უნდა, ეს ასეა! ყველა წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს. ეს უდიდესი გამარჯვება მინდა მოგილოცოთ ყოველ თქვენგანს. და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, "ქართული ოცნება" ძალიან დიდი უპირატესობითაა გამარჯვებულია. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ქვეყანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

ბიძინა ივანიშვიილმა კი საზოგადოებას არჩევანი მოუწონა და აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური პრობლემებიც გამოსწორდება:

"შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და დღევანდელი ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო. პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ - უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენს ხალხთან ერთად. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით ადამიანის უფლებებით ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია.  ჩვენი პრობლემაა ეკონომიკა, გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისთვის, რომ სწრაფი ტემპებით განვვითარდეთ. საქართველოს დღეს ნაცვლად იმ გაუგებარი  ხელისუფლებისა, ჰყავს  ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილი ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა. თქვენ დღეს გყავთ თქვენი საყვარელი ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, გენიალური ლიდერი. თქვენ დღეს ძალიან ღირსეული არჩევანი გააკეთეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს  და ვუსურვო წარმატებები. თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური "კამანდა" და გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორი მიმართულებით განვითარდება".