დარბეული საარჩევნო უბანი, დაშავებული რამდენიმე ადამიანი და აქცია ცესკო-სთან - არჩევნები 2016-ის ინციდენტები - კვირის პალიტრა

დარბეული საარჩევნო უბანი, დაშავებული რამდენიმე ადამიანი და აქცია ცესკო-სთან - არჩევნები 2016-ის ინციდენტები

8 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტები მოხდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში უცნობმა პირებმა ორი საარჩევნო უბანი დაარბიეს. ერთ-ერთი დამკვირვებლის, შორენა ლათათუას განცხადებით, მას და მის კოლეგას წაართვეს ტელეფონები. მისივე თქმით, მის კოლეგას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.

”ღამის 12 საათზე უბანზე მოვარდნენ უცნობი პირები. მათ არ ჰქონდათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი მოწმობები. მათ დაიწყეს დათვლის პროცესში არსებული ბიულეტენების დაშლა. ამ დროს ჩემმა კოლეგამ დაიწყო ამ ფაქტის ვიდეოფირზე დაფიქსირება, რა დროსაც მას ძალადობით ჩამოართვეს ტელეფონი და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება თავის არეში. ამ დროს მე ვიმყოფებოდი უბნის გარეთ. ვცდილობდით ამ პირების იდენტიფიცირებას, რომლებმაც ჩამოართვეს დამკვირვებელს ტელეფონი. ამ დროს დავიწყე მათი გადაღება. მომიახლოვდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მეორე ადამიანი და ასევე წამართვა მეც ტელეფონი. ორი დამკვირვებლი ამ დრომდე მობილური ტელეფონის გარეშეა დარჩენილი“, - განაცხადა ლათათიამ.

ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე დაკავებულია. ამჟამად ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება. გამოძიება გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო.

ხმაური იყო ქუთაისშიც. ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანთან ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გიგი წერეთელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავად გიგი წერეთელმა განუცხადა.

”3-ჯერ ველაპარაკე სამხარეო პოლიციის უფროსს, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. ამ უბანზე დღეს ქალაქის მერიც იმყოფებოდა. ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ. მე რომ დამინახეს, დაიწყეს ჩხუბი”, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ქუთაისის იმავე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტების ინფორმაცით, ტელეკომპანია ”იბერიის”, ”რუსთავი2”-ს და „ჯი-დი-ეს“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აპარატურა დაუზიანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შსს-მ ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე განთავსებული 90-ე საარჩევნო უბნიდან, დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გვიან ღამით, შედეგების გამოცხადებამდე, ცესკო-სთან აქცია გამართა "ნაციონალურმა მოძრაობამ". გამაფრთხილებელ აქციაზე, რომელიც ცესკოსთან გაიმართა, შეკრებილები იყვნენ პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ცესკოს პერიმეტრზე აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ დინამიკები, სადაც გამომსვლელები მიმართავდნენ მათ მხარდამჭერებს.

"ნაცმოძრაობის" წევრის, გოგა ონიანის განცხადებით, არჩევნების დღეს, მთელი დღის განმავლობაში ყველა მოგებულ უბანზე კრიმინალური ჯგუფები და სხვადასხვა წევრები უბნებს არბევდნენ და ადამიანებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამასთან, ონიანის თქმით, ყველა მსგავსი დარბევა ხორციელდებოდა სწორედ იმ უბნებში, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვა სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე.

მოგვიანებით, ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია, აქცია კი ცოტა ხანში დასრულდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე ”ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციაზე ყოფილ პოლიტპატიმარს, გიორგი გაბედავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაბედავა ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე მივიდა და ცესკოში შესვლამდე პარტიის ლიდერებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ დააკავეს ის უკანონოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.

ამის შემდეგ გაბედავას შელაპარაკება აქციის მონაწილეებთან მოუვიდა, რა დროსაც მას ცესკოსთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას აქციის მონაწილეები, რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. გაბედავას საფეთქელთან აქვს დაზიანება მიყენებული.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით