"არც მიშა ჩამოდის საქართველოში, არც სანდრა ჩადის ზუგდიდში და არცა შიოლა ყოფილა" - არჩევნების"ფეისბუკგამოხმაურება" - კვირის პალიტრა

"არც მიშა ჩამოდის საქართველოში, არც სანდრა ჩადის ზუგდიდში და არცა შიოლა ყოფილა" - არჩევნების"ფეისბუკგამოხმაურება"

"კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან"

"კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მობრუნდა"

"გვარამიამ "რუსთვი 2"-ის ეგზიტპოლშიც კი როგორ გადააგდო თავისი "საყვარელი პოლიტიკოსი" შალვა ნათელაშვილი"!

მართალია ცესკო-ს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ აქვს და საზოგადოებამ მხოლოდ გარკვეული ნაწილის შედეგი იცის, თუმცა არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე "ფეისბუკსტატუსს":

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი:

"მთავარი, ალბათ, ის კი არ არის, რომ ორპარტიული პარლამენტი მივიღეთ. ასეთი რამე ჩვეულებრივი მოვლენაა ბევრ ქვეყანაში. მთავარი ისაა, რომ კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მობრუნდა. კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთი მავანის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან. ასეთებმა იმრავლეს კიდეც. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ოპოზიციური ძალა კატეგორიულად არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი და მას მხოლოდ საპროტესტო მუხტის მითვისება და გაფანტვა ძალუძს. როგორც არ უნდა მიწყინონ, ეს ასეა. ხელისუფლებას არ ჰყავს სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ შემთხვევითი პოლიტიკური დემაგოგების ხელში ჩავარდება. ასეთი პარლამენტი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი ვერ იქნება. ისევ იმის იმედი თუ გექნება კაცს, რომ მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც რამდენიმე ადამიანს მაინც ესმის, თუ რა ცუდი სურათი მივიღეთ. დიდი ვერაფერი იმედია, მაგრამ სხვა რა გზაა?!

ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა (როგორც ამას უცხოელებმა უწოდეს) "ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი." პოლიტიკური პარტიები "ერთადერთი და განუმეორებელი" ფეოდალების ხელშია, კბილებით რომ იცავენ თავის სამფლობელოებს. იდეოლოგიურ ტყუპისცალებს საერთო ენა ვერ უპოვნიათ. მავანთა პიროვნული მესიანიზმით ჩნდება და ქრება კარიკატურული პოლიტიკური წარმონაქმნები. თუ ადრე ამას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, დღეს უკვე ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკურ და პიროვნულ ნარცისიზმზე აღარაფერს ვიტყვი. სამარცხვინოა, ნარცისივით იქცეოდე და ასეთი შედეგები გქონდეს. იდეოლოგიური სნობიზმი და ზერელობა ხომ კიდევ ცალკე პრობლემაა. მოკლედ ვართ იქ, სადაც ვართ".

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

"ზუსტად არ ვიცით, რა შედეგი იქნება საბოლოოდ - რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს, შევა თუ არა ინაშვილის პარტია პარლამენტში, ან ექნება თუ არა "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ შედეგებზე ფიქრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ რასაც მივიღებთ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებული, გაუყალბებელი, არაძალადობრივი არჩევანის შედეგი".

თეა ბარამაშვილი, ჟურნალისტი:

"არც მიშა ჩამოდის საქართველოში, არც სანდრა ჩადის ზუგდიდში და არცა შიოლა ყოფილა".

პაატა ქურდაძე, მწერალი:

"გვარამიამ "რუსთვი 2"-ის ეგზიტპოლშიც კი როგორ გადააგდო თავისი "საყვარელი პოლიტიკოსი" შალვა ნათელაშვილი! უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი! რა სატიკად და დაუნდობლად დამთავრდა 2016 წლის წინასაარჩევნო ყველაზე ბედნიერი და მთავარი "ლავ სთორ..." ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა, შალიკოსა და ჯულიეტოვნას ამბავისთანა"?!

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"როცა პარალელური დათვლის და ცესკო-ს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა, უკვე საეჭვო ალბათ არაფერია. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "რუსთავი 2"-მა ეგზიტპოლებში მთლიანად ჩაისვარა; ვერც "ოცნების" შედეგები გამოიცნო და ვერც "ნაციონალების". "იმედმა"ნახევრად ჩაისვარა; "ოცნების" შედეგი თითქმის გამოიცნო, " ნაციონალების" - ვერა".

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"ვინმემ თქვა, რომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ"? მე მგონია, რომ მოგებულები უფრო არიან... იმ დროს, როცა საპარლამენტში ოპოზიციურ ორბიტაზე არც უნდა იყვნენ, არათუ პირველები, არამედ ერთადერთებიც აღმოჩნდნენ, როგორც ჩანს"

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

"ნეტა იმათ თავში ჩამახედა, ინაშვილის პარლამენტში 6 კაცით შესვლა უფრო დიდი პრობლემა და საგანგაშო სიმპტომი რომ გონიათ, ვიდრე ბიძინას უმრავლესობა. გულუბრყვილობაა, ზედაპირულობა თუ გამოშტერება, არ ვიცი, მარა რომელიღაც აუცილებლადაა ან რამდენიმეს კომბინაცია"

ამის გათვალისწინებით გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა".