„ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც" - კვირის პალიტრა

„ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც"

საქართველოს პრეზიდენტი ამომრჩევლებს მოუწოდებს, აქტიური იყოს მეორე ტურებზეც, ხოლო სამართალდამცველებს - ხმების დათვლის დროს მომხდარ დარღვევებზე დროული რეაგირება მოახდინონ.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

„ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ და მონაწილეობის ის პროცენტი, რაც დაჯდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ საარჩევნო გარემო, აქტიური არჩევნების პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარდა, რომლებიც საერთო ფონს ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა. არჩევნების დღემაც ასევე მშვიდად ჩაიარა, მოსახლეობის აქტიურობით, ამომრჩევლის აქტიურობით და ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად. სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარვევა, მათ შორის, აგრესიული ქმედებები. ეს არის არამარტო სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენი ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტის არჩევნები და შეფასდება იგი როგორც 8 ოქტომბრით, ასევე, 8 ოქტომბრის ექსცესებსა და ინციდენტებზე დროული რეაგირებით და ასევე იმით, რანაირად მივალთ ჩვენ არჩევნების მეორე ტურებამდე და რანაირად ჩავატარებთ ამ მეორე ტურებს“, - განაცხადა მარგველაშილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოლოდინი არის, რომ მეორე ტური არაერთ ოლქში ჩატარდება.

„ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც. ამომრჩეველმა აჩვენოს თვისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში ისევე როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს. შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, იმ დარღვევებზე, რაც განხორციელდა განსაკუთრებით დათვლის დროს, მოახდინონ პრინციპული და დროული რეაგირება და ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შევიდეს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"