ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან 18-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება - კვირის პალიტრა

ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან 18-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური 18 ოლქში გაიმართება.

ამ დროისთვის უკვე დათვლილია ოლქებში არსებული ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

უფრო კონკრეტულად, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა - 44,4 % დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა რურუა 26,9 %-ით. 6,68 %-იანი მხარდაჭერა მიიღო „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ნიკოლოზ ფრუიძემ.

ვაკის მე-2 მაჟორიტარულ ოლქში 48,83 %-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა გეგიძე, რომელსაც 22,22 %-ით მიყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. ხმების 14,58 % მიიღო „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ.

ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,53 %-მა დაუჭირა. 19,3 %-ით მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი. შემდეგ პოზიციას 7,65 % იკავებს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი გია ნუცუბიძე.

საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ასევე პირველივე ტურში გავიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც ხმების 51,81 % მიიღო. 31 უბნის შედეგებით, ამომრჩეველთა 20,67 %-მა დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს.

მაჟორიტარულ არჩევნებზე 50 %-იანი ბარიერი გადალახა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საბურთალოს მე-5 ოლქშიც. ნინო გოგუაძეს ამომრჩეველთა 51,52 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 18,84 %-ით ამ შემთხვევაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი გიორგი როინიშვილია.

საბურთალოს მე-6 საარჩევნო უბანზე შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 46,76 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სევდია უგრეხელიძე - 17,03 %, ამომრჩეველთა 11,67 %-მა დაუჭირა მხარი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება კრწანისის მე-7 ოლქშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 47,92 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამომრჩეველთა 29,34 %-მა მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი აბესაძეს.

მეორე ტური გაიმართება ისნის მაჟორიტარულ ოლქებშიც. უფრო კონკრეტულად, მე-8 ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - ირაკლი აბუსერიძე - 42,71 %, „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ონიანი - 24,28 %, „პატრიოტთა ალიანსი“ - გიორგი ბენაშვილი - 8,87 %, დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი 8,2 %.

ისნის მე-9 ოლქში: „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ჭიჭინაძე - 48,35 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ კვიციანი - 27,23 %, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ნონა ფილაური - 5,09 %.

რაც შეეხება ისნის მე-10 ოლქს, მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ - ბექა ნაცვლიშვილი - 45,46 %, „ნაციონალური მოძრაობა“ - ზაზა კედელაშვილი - 26,87 %.

სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 47,64 %-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მოსიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი ნადირაძეს კი, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება, მხარი ამომრჩეველთა 23,99 %-მა დაუჭირა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება სამგორის მე-12 და მე-13 ოლქებშიც. პირველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მარიამ ჯაშმა 42,85 % მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ჟღენტმა კი - 27, 37 %, ხოლო მეორე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა 45,27 % მიიღო, „ნაციონალების“ კანდიდატმა გიორგი ხახნელიძემ კი - 25,52 %.

მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ვოლსკიმ, რომელსაც 32 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 57,32 %-მა დაუჭირა. 23,71 %-მა მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი ჩოლოყაშვილს.

დიდუბის მე-15 ოლქში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი - 47,28 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე - 19,77 %. ამომრჩეველთა 4,7 %-მა დაუჭირა მხარი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატ ვახტანგ ხმალაძეს.

რაც შეეხება დიდუბის კიდევ ერთ - მე-16 ოლქს, 47 % მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ივლიანე წულაიამ, 20,85 % კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი დვალმა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ჩუღურეთის მე-17, მე-18 და მე-19 ოლქებშიც. კერძოდ, მე-17 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სოფიო კილაძემ ხმების 44,83 % მოაგროვა, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მურმან თხელიძემ კი - 19,84 %. მე-18 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა 47,36 %-იანი მხარდაჭერა მიიღო, „ნაციონალების“ წარმომადგენელმა მამუკა გუგეშაშვილმა კი 25,03 %-იანი, ხოლო მე-19 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა გაბუნიას მხარი ამომრჩეველთა 46 %-მა დაუჭირა, მეორე ადგილზე გასულ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს კი - 26,23 %-მა.

რაც შეეხება გლდანს, მე-20 ოლქში შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა კობალაძე - 40,52 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ალექსანდრე ჩაფიჩაძე კი, რომელიც მეორე ადგილზეა, 24,18 %.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ხმათა 49,1 % დააგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო რატიანმა კი 30,49 %.

არჩევნების მეორე ტური ინიშნება გლდანის კიდევ ერთ - 22-ე ოლქში. ამ შემთხვევაში მონაცემები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობერიძე 44,8 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ბარამიძე - 25,65 %.

"ინტერპრესნიუსი"