"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა ანტაგონისტ სიმბიოზად, რომლებიც ერთმანეთით იკვებებიან..." - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა ანტაგონისტ სიმბიოზად, რომლებიც ერთმანეთით იკვებებიან..."

"პარლამენტში მივიღეთ ოჯახი, რომელიც არა სიყვარულზე და განვითარებაზე, არამედ სიძულვილზე ააგებს თანაცხოვრებას"

"ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ახლაც მოახერხა და შუა გაკრიფა"

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართა, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სახელისუფლებო პარტიასთან ერთად, ბარიერი "ნააციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" გადალახეს. საარჩვევნო პროცესს და მის შედეგს ექსპერტებთან ერთად ვაფასებთ:

ვალერი გორგილაძე:

- საერთაშორისო ორგანიზაციები: NDI, IRI, ევროკავშირის მისია, ნატო-ს დელეგაცია და სხვანი, ვინც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდნენ, აღნიშნავენ, რომ საარჩევნო პირობები კარგად ორგანიზებული იყო, რაც მნიშვნელოვანწილად ცესკო-ს კარგი მუშაობის შედეგია. მათი თქმით, ცალკეულ ინციდენტებს, რაც მოხდა, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგზე და ის შეესაბამება ამომრჩევლის ნებას. ამას ემატება პარტიებისთვის მიცემული თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი წვდომა მედია საშუალებებთან, კონკურენტუნარიანობა, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები.

- როგორ შეაფასებთ იმას, რომ პრორუსული ორიენტაციის პარტია "პატრიოტთა ალიანსი", წინასწარი მონაცემით, ლახავს ბარიერს, პროდასავლურ პარტიებს კი ასეთი დაბალი მაჩვენებელი აქვთ?

- როდესაც პარტია ვერ ლახავს ზღვარს და თან მაშინ, როცა, მაგალითად, "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს ყველა შესაძლებლობა: ადამიანური, ფინანსური თუ ადმინისტრაციული, ეს უკვე პარტიის პრობლემაა. მათ უნდა გააანალიზონ რატომ ვერ შეძლეს არა მხოლოდ ბარიერის გადალახვა, არამედ ისიც რატომ აჩვენეს ასეთი  სამარცხვინო შედეგი. ხოლო რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს" და ირმა ინაშვილს, მათი პარლამენტში არსებობა ისეთივე მოულოდნელი და ექსტრავაგანტული იქნება, როგორც ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში პირველი გამოჩენა. ვინაიდან ეს პარტია განსხვავებული დისკურსის მქონეა, არ ჯდება პოლიტკორექტულობის ფარგლებში, ზოგი მიიჩნევს, რომ რუსული ინტერესების მატარებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ქვეყანაში მართლაც არის ეს განწყობა და დემოკრატია სხვა არაფერია თუ არა განსხვავებული მოსაზრებების წარმომადგენლობა. ისინი დიდ გავლენას ვერ მოახდენენ ვერც საპარლამენტო და ვერც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ამიტომ აქ საგანგაშო არაფერია.

- როგორ შეაფასებთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ლაპარაკს არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემაზე და წინასაარჩევნოდ სააკაშვილის განცხადებებებს, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა...

- სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვიდოდა. ეს იყო ტექნოლოგია და როგორც ჩანს ამან იმუშავა. ზოგიერთ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომელიც არ იყო ჩამოყალიბებული არჩევანში, როგორც ჩანს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დაქადნებამ. ჩემი აზრით, ამით აიხსნება ისიც, რომ მათ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვთ. რეიტინგის იმ ვარდნამ, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიმჩნეოდა, ხელი მაინც ვერ შეუშალა "ნაციონალების" პარლამენტში შესვლას. წელს მათ შეძლეს და მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდეს. მართლაც საინტერესოა იმ დანაშაულებების მიუხედავად, როგორ შეძლო ამ პარტიამ მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდა. არჩევნების ლეგიტიმაციაზე კი მათ გარდა დედამიწაზე არავინ ლაპარაკობს, რაც სრულიად არადამაჯერებელია.

გია ხუხაშვილი:

- ზოგადად ადამიანებს ყოველთვის უკეთესის მოლოდინი გვაქვს ხოლმე, სამწუხაროდ, ჩვენი პოზიტიური მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ, რაც მოხდა კანონზომიერი იყო. გამომდინარე იქედან, რომ ორივე მხარე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომელთა ხელშიც იყო მობილიზებული მატერიალური, მედია თუ სოციალური რესურსები, ამომრჩეველს მხოლოდ იმას უმტკიცებდნენ, რომ სამყაროში არსებობდა მხოლოდ ეს ორი ძალა, მოკლედ, ამომრჩევლებს ერთმანეთით აშინებდნენ და მესამე არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ, ამაზე მუშაობდა მთელი პროპაგანდისტული მანქანა, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო და პარლამენტში მივიღეთ ოჯახი, რომელიც არა სიყვარულზე და მომავალ განვითარებაზე, არამედ სიძულვილზე ააგებს თანაცხოვრებას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის სავალალოა.

ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ახლაც მოახერხა და გაკრიფა შუა. პოლიტიკური სივრცე რომ გახსნილიყო, გვექნებოდა სხვა შედეგი - სულ ცოტა, 5-6 პარტია იქნებოდა პარლამენტში. "ქართულმა ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც საარჩევნოდ არ იზრუნა პოლიტიკურ პარტნიორებზე. ეს აუცილებელი იყო. სხვათაშორის, წინასაარჩევნო პროცესის მიწურულს მიხვდნენ, როგორც ჩანს, ამის აუცილებლობასა და გარკვეული გზავნილები გაახმაურეს, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო "თავისუფალი დემოკრატების" ერთგვარი რეკლამირება, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო...

"ნაციონალურ მოძრაობას" ახლა აქვს დიაპაზონი და დროც იმისთვის, რომ დაგეგმოს პოლიტიკური ტაქტიკა ისე, რომ მაქსიმუმი მიიღოს. მას ექნება თავისი პირობები "ქართულ ოცნებასთან". გამომდინარე იქიდან, რომ მათი ამოცანა არ იყო იმდენად არჩევნებში გამარჯვება, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ, მათი ამოცანა ყოველთვის იყო და დღესაც არის "ქართული ოცნების" დამარცხება, რაც შესაძლებელია მხოლოდ კრიზისის ინიცირებით, ანუ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციით. მათ ეს მექანიზმი ჯერ კიდევ უჭირავთ ხელში. ზუსტად ეს მექანიზმია მათი მთავარი იარაღი.

წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და იმავდროულად, მთელი დანარჩენი პოლიტიკური ელიტა უკმაყოფილოა საარჩევნო შედეგით, არ აღიარებს მას და აგრესიულია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რაც შესაძლებელია გახდეს პოლიტიკური კრიზისის ინიცირების წინა პირობა, მით უფრო, გაითვალისწინეთ, რომ ამომრჩევლის 50%-ზე ცოტა ნაკლები არ მისულა არჩევნებზე და ამ ხელისუფლებას არ მიიჩნევს თავის არჩეულად. "ნაცმოძრაობას" ქუჩაში პოლიტიკური პროცესის გადატანისა და მართვის დიდი გამოცდილება აქვს.

არ გამოვრიცხავ, კულუარულად დაიწყონ კიდევაც კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რათა მოსალოდნელი კრიზისის პირობებში მოხდეს, ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია.

თუმცა მე ახლა ყველაზე უკიდურეს ვერსიაზე ვლაპარაკობ და დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა.

პროგნოზირებადი იყო "რესპუბლიკელების" შედეგი, ცხადი იყო, რომ მათ შანსი არ ქონდათ პოლიტიკურად დამოუკიდებლად ეცხოვრათ და ეს ახლა არ გაგვიგია. გულდასაწყვეტია, როცა გამორჩეული პოლიტიკოსი, როგორიც დავით უსუფაშვილია, აგებს მასზე პოლიტიკურად მთელი რიგით ნაკლებად მნიშვნელოვან ადამიანებთან, ეს ძალიან სამწუხაროა...

ნიკა ჩიტაძე:

- უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები მთელი რიგი პროცესებით არ შეესაბამება ბოლომდე დემოკრატიულ საარჩევნო სტანდარტებს, რადგან ბოლო კვირის განმავლობაში დაიძაბა სიტუაცია, ამ ყველაფერს ტერორისტული აქტიც დაემატა. ჩემი აზრით, არჩევნებისასაც სერიოზული პრობლემები არსებობდა. ყველაზე დიდი პრობლემა კი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ კოორდინატორები რიგ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ოლქის გარეთ იმყოფებოდნენ და აღრიცხვას აკეთებდნენ. ასევე ხმის დათვლისას მოხდა დარღვევები ქუთაისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მეორე მხრივ პრობლემაა ის, რომ დიდი ალბათობით, "ოცნება" მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც საფრთხეს ქმნის, რადგან მას  ექნება საშუალება სხვადასხვა საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ისინი შეძლებენ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილების შეტანას. იმედი, რომ პარლამენტი იქნებოდა მრავალპარტიული, არ გამართლდა. თუმცა საკითხავია, როგორ შეძლო პრორუსულმა ძალამ მაღალი შედეგის ჩვენება და ეს ვერ მოახერხეს პროდასავლურმა ძალებმა "რესპუბლიკურმა პარტიამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)