სამოთხეში მკვლელობები არ ხდება! - კვირის პალიტრა

სამოთხეში მკვლელობები არ ხდება!

რა შეიძლება განაპირობებდეს წიგნის პოპულარობას? საინტერესო შინაარსი რომელიც რეალურ ფაქტებზეა დამყარებული, სუნთქვის შემკვრელი მისტიკა, რომელიც გაჩერების საშუალებას არ გაძლევს და იძულებულს გხდის ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო მთელი წიგნი, ჩახლართული სიუჟეტი, რომელიც ისე გითრევს მის ლაბირინთში, რომ საბოლოოდ მხოლოდ ერთი გზა გრჩება- თვალზე პენსნე მოირგო და კვალდაკვალ გაყვე მთავარ გმირებს იმის გამორკვევის იმედით რა იქნება შემდეგ, იქნებ ის ხმაური და განხილვა, რაც მოყვება ხოლმე აქტუალურ თემებზე დაწერილი წიგნების გამოცემას, ან იქნებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ერთად?

თანამედროვე ინგლისელი მწერლის ტომ რობ სმიტის გახმაურებული რომანი "ბავშვი 44" ნამდვილად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს, სწორედ ეს გახდა წიგნის დიდი პოპულარობის მიზეზი. "ბავშვი 44" მწერლის პირველი რომანია, რომელიც 2008 წელს გამოქვეყნდა და მალევე იქცა როგორც"ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერად, ასევე საგამომცემლო სამყაროს სენსაციად. წიგნი ჩვიდმეტ საერთაშორისო პრემიაზე იქნა წარდგენილი, რომელთაგან შვიდში გაიმარჯვა. რომანმა "ბავშვი 44" მოიგო CWA იან ფლემინგის "ფოლადის ხანჯალი" წლის საუკეთესო თრილერისთვის, ITW თრილერის ჯილდო "საუკეთესო პირველი რომანისთვის" და წარდგენილ იქნა ბუკერის პრემიაზე.

გახმაურებული წიგნით მალე ცნობილი რეჟისორი დანიელ ესპინოზა დაინტერესდა და ამავე სახელობის ფილმში მთავარი მოქმედი გმირების როლები ასევე პოპულარულ და ყველა თაობისათვის საყვარელ მსახიობებს ტომ ჰარდის და გარი ოლდმანს მოარგო.

სხვადასხვა ეროვნების და გემოვნების მკითხველის მიერ მოწონებული და აღიარებული წიგნის წაკითხვის საშუალება უკვე ქართველ მკითხველსაც აქვს, ვინაიდან გამომცემლობა პალიტრა L- მა თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო თრილერად აღიარებული წიგნი მისი პროექტის თოპ თრილერის ფარგლებში გამოსცა.

"სამოთხეში მკვლელობები არ ხდება" - სწორედ ასეთი გახლავთ წიგნის მთავარი ლაიტმოტივი. დიახ სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი ოფიციალური სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ: ყოვლისშემძლე ხელისუფლების. ამ სისტემის ერთ-ერთი დამცველია იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვი, ომის გმირი, რომელსაც კანონის რკინის მუშტის სჯერა. მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ. ახლა, როცა გვერდით მხოლოდ ცოლი ჰყავს, ლევმა ბრძოლა უნდა განაგრძოს, რათა შოკის მომგვრელი სიმართლე გაამჟღავნოს მკვლელისა და იმ სახელმწიფოს შესახებ, სადაც "დანაშაული" არ არსებობს.

"დასამახსოვრებელი დებიუტი"- ასე მოიხსენია წიგნი გაზეთმა The Sunday Telegraph, ხოლო გაზეთმა The guardian მას "ამაღელვებელი ისტორია" უწოდა. "ბავშვი 44" არც პალიტრა L- ის იმ მკითხველს დატოვებს უკმაყოფილოს, რომელსაც ხიბლავს ამაღელვებელი და დაძაბული განწყობა, რომელიც თან სდევს ხოლმე თრილერის ჟანრის წიგნის კითხვის პროცესს.