"დარწმუნებული ვარ, მალე ამ ტრიბუნასთან იდგება ქალი ან კაცი, კაცი ან ქალი, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გააგრძელებს პარლამენტის საქმიანობას" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, მალე ამ ტრიბუნასთან იდგება ქალი ან კაცი, კაცი ან ქალი, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გააგრძელებს პარლამენტის საქმიანობას"

"საქართველოს ისტორიულად ჰყავდა კარგი ან ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თავმჯდომარე იქნება ძალიან კარგებს შორის, იმიტომ რომ დაგროვილია გამოცდილება, პარლამენტში არის ძალიან ბევრი ადამიანი...", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მას არც ინფორმაცია აქვს და არც ვარაუდები იმის თაობაზე, ვინ იქნება პარლამენტის შემდგომი თავმჯდომარე.

"პარლამენტის თავმჯდომარის ავკარგიანობა არ არის დამოკიდებული პერსონალურად მხოლოდ მასზე. ამას უზრუნველყოფს ამ შენობაში მომუშავე ხუთასამდე ადამიანი და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აღმოუჩინონ თავმჯდომარეს. „ქართული ოცნებაც“, ალბათ, შეარჩევს ყველაზე უფრო შესაფერის ადამიანს ამ პოსტისთვის. საერთოდ, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისგან, მათ შორის იმისგან, რომ ადამიანები არიან შეუცვლელები. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ამ ტრიბუნასთან იდგება ადამიანი - ქალი ან კაცი, კაცი ან ქალი, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გააგრძელებს პარლამენტის საქმიანობას. ჩემი მხარდაჭერა ექნება ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი ამ ტრიბუნასთან დადგება. თუკი რამე ვისწავლე, თუკი რამე გამოცდილება შევიძინე, ეს იქნება ამ ინსტიტუტის გაძლიერების სამსახურში. თუკი ოდესმე ვინმეს რაიმე თანადგომა დასჭირდება ჩემგან, მე ვიქნები მის გვერდში. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ძალიან კარგ პრეზიდენტებში, კარგ პრემიერ-მინისტრებში, კარგ პარლამენტის თავმჯდომარეებში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი“, - განაცხადა დავით უსუფაშილმა.

მანვე მიმართა გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეს და იმედი გამოთქვა, რომ ამ უკანასკნელთ საქმიანი ურთიერთობა ექნებათ.

”არ მგონია, რომ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ის შფოთვა რაც გაგიზიარეთ და შესაძლოა სხვამაც, გამართლდა და არჩევნების შედეგების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” რაღაცნაირად ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე დაფუძნებული კამპანია, სიძულველზე და ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში არ წაადგება საქართველოს. მე მინდა, დღეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს - ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ დავით ბაქრაძეს. მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ საით წავა ქვეყანა და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა მჯეროდესს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთის, მაგრამ, იმედია, ეს კონკურენცია არ გასცდება კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს. ახლა მაინც, როდესაც არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია, ახლა როდესაც 50-მდე საარჩევნო ოლქში ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ერთმანეთის პირისპირ დადგება, სწორედ ახლაა გამოსაჩენი დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები. ვიცნობ ერთსაც და მეორესაც და მჯერა, რომ გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავებში იმ ძალას, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით