ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში 51 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში 51 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 51 წლის თემურ კაკაურიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, შემთხვევა 7 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის, მე-6 უბანზე მოხდა.

„როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით, 07:00 საათზე, როდესაც შახტაში დილის ცვლის მეშახტეები ჩავიდნენ, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, მან გონება დაკარგა და წაიქცა. გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“მუშების განცხადებით, წინა დღეებში შახტაში „დაგაზიანება იყო“, ანუ ნახშიროჟანგი იყო დაგროვილი“, - აღნიშნა დარგის პროფკავშირის თავმჯდომარემ.

დოლაბერიძის ინფორმაციით, თემურ კაკაურიძემ შახტაში მუშობა სამი თვის წინ დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"