"თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროპორციულ მანდატებს ბოიკოტი გამოუცხადა, პარლამენტი მაინც ქმედუნარიანი იქნება" - კვირის პალიტრა

"თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროპორციულ მანდატებს ბოიკოტი გამოუცხადა, პარლამენტი მაინც ქმედუნარიანი იქნება"

როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. აქედან 44 ოლქში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

თუმცა სანამ საქმე მეორე ტურამდე მივა, "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე მოპოვებულ პროპორციულ მანდატებზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" იმ კანიდატებს, რომლებმაც დეპუტატის მანდატები უნდა მიიღონ, მოუწოდებს შეხვდნენ მხარდამჭერებს და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე.

ოდესის ოლქის გუბერნატორს ყველა არ ეთანხმება.

"ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ. ბოიკოტი არის დღეს მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი, შესაბამისად, ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ "ნაციონალური მოძრაობა" უარს იტყვის არათუ არჩევნების მეორე ტურზე, არამედ პროპორციულ მანდატებზე და ექნება თუ არა პარლამენტს ფუნქციონირების დაწყების უფლებამოსილება, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.

- დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროპორციულ მანდატებზე უარს არ იტყვის, მაგრამ თუ მაინც უარი თქვა და სია მოხსნა, მაშინ არჩევნები თავიდან კი არ ჩატარდება, გამსვლელ პარტიად ჩაითვლება ერთადერთი პარტია და მიიღებს ყველა იმ მანდატს, რომელზეც უარს იტყვის "ნაციონალური მოძრაობა".

ახლა პროპორციულში ხომ არის 77 მანდატი, თუ "პატრიოტთა ალიანსი" გადალახავს 5%-იან ბარიერს, მაშინ პარლამენტში ამ პარტიიდან შევა 6 მანდატი, ხოლო თუ "ნაცმოძრაობა" უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე და სიას ოფიციალურად მოხსნის, მაინც ჩაითვლება, რომ ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა - 6 მანდატი "პატრიოტთა ალიანსს" ექნება, 71 მანდატი კი, "ქართულ ოცნებას". იმ შემთხვევაში, თუ "პატრიოტთა ალიანსი" ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ ყველა მანდატი "ოცნებას" ექნება.

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის აზრით, "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, თუ ასე მოხდა, მაშინ რა მოხდება?

- აქ არაფერი პრობლემა არ იქნება იმიტომ, რომ შეიძლება მაჟორიტარების კანდიდატებმა უარი თქვან მონაწილეობაზე, მაგრამ ფორმალურად, არჩევნების დასრულებამდე კანდიდატურის მოხსნის უფლება არ აქვთ.

ისინი ბიულეტინებში იქნებიან, მაგრამ რეალურად საარჩევნო კამპანიას არ ჩაატარებენ, შესაბამისად, რჩება მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც არსებული რელობიდან გამომდინარე მაინც გაიმარჯვებს. "ნაციონალებმა" ამ შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ეს ფანდი და "პროტესტის ნიშნად" არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში.

თუ პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსიც" ვერ შევა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პროპორციულ მანდატებს ბოიკოტი გამოუცხადა, იქნება მხოლოდ "ქართული ოცნება" და პარლამენტი მაინც ქმედუნარიანი იქნება.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)