"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის

როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია,

მეორე ნაწილი კი, მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. მათი თქმით, პარლამენტში შესვლით მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.

ამ საკითხის გადასაწყვეტად 11 ოქტომბერს პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბა, სადაც გადაწყდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ "ნაცმოძრაობის" წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი გამოიყენებენ პარლამენტს, კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციის აზრი.

„შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ფაქტობრივად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მიუხედავად გაყალბებისა და ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ ბრძოლას. პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, ჩვენ შევალთ პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციური აზრი. აი, ამისთვის გამოიყენებს პარტია ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს“, - განაცხადა ბაქრაძემ.