"ბიჭი დღისით-მზისით ისე მოკლეს, ნიღბებიც კი არ ეკეთათ" - შეიარაღებული თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა
"ისეთი განცდა მაქვს, რომ ირგვლივ ყველა უბანში საძმოები და განგსტერული დაჯგუფებებია შექმნილი, რომლებსაც არაფრის ეშინიათ"
ბოლო ხანს ლამის თვე არ გადის, რომ ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია. ამ ცოტა ხნის წინ, ქალაქის ცენტრალურ უბანში მომხდარმა მკვლელობამ, როდესაც დღის საათებში, ხალხმრავალ ქუჩაზე მიმავალ ავტომობილს თავს დაესხა ერთი პირი, ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა, ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა. ორი დღის წინ კი, ვარკეთილში კიდევ ერთი თავდასხმა და ისევ დღის საათებში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა იეზიდ ძმებს გვარად სადოევებს, ერთი 34 წლის რამაზი ცეცხლნასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
ლია შონია:
- ჩვენ ეზოში, დღის საათებში საშინელი დანაშაული მოხდა, ბავშვებს ღამით აქამდეც არ ვუშვებდით გარეთ, ახლა კი დღისით სიარულიც საშიში გახდა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ირგვლივ ყველა უბანში საძმოები და განგსტერული დაჯგუფებებია შექმნილი, რომლებსაც არაფრის ეშინიათ, ყველას თვალწინ "ბირჟაობენ"და ხოცავენ ხალხს. სამეზობლოს საუკეთესო ბიჭი მოგვიკლეს, იეზიდები არიან, კარგი ხალხი... ორი შვილი ჰყავდათ, რამაზი და მისი ძმა...
სროლა რომ გავიგონეთ, მთელი კორპუსი ეზოში გამოვარდა, ნუთუ რა უნდა დაეშავებინათ ამ ბიჭებს, მოსაკლავად რომ გაემეტებინათ. როგორც ამბობენ, ეს ამბავი უბრალო შელაპარაკებისა და გინების გამო მომხდარა. ახლა ამბობენ გარდაცვლილი რამაზი ნასამართლები იყოო; მაგრამ ის არც მკვლელი ყოფილა და არც ყაჩაღი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალგაზრდობაში მანაც შეცდომა დაუშვა და ციხეში ამის გამო მოხვდა. როცა გათავისუფლდა, მუშაობაც დაიწყო და ოჯახსაც მოეკიდა, 3 წლისა და წლის ბავშვები დარჩა ობლად.
- დანაშაულს უშუალოდ შეესწრო ვინმე, მაინც რა მოხდა?
- ძმები ეზოში სოლიდურ ხალხთან ერთად ისხდნენ სკამზე და საუბრობდნენ. ამ დროს მოვარდა მანქანა, იქედან 4 კაცი სროლითა და ღრიალით გადმოვიდა, ისე რომ ვერავინ გაიაზრა, რა ხდებოდა. მიშველება ვერავინ მოახერხა, ყველაფერი სწრაფად მოხდა, იქ მყოფებმა დაყვირებაც ვერ მოასწრეს, მათ შორის, ვერც რამაზის ძმამ, რომელიც ფეხებში მძიმედ დაჭრეს...
განგსტერული სიტუაცია გვაქვს, უბნებში კრიმინალური საძმოები ყალიბდება და ერთმანეთს ხოცავენ. კაცი დღისით-მზისით ისე მოკლეს, რომ ნიღბებიც არ ეკეთათ...
აშკარაა, რომ მოსახლეობაში როგორც დაკანონებული, ასევე არალეგალური იარაღი მრავლადაა.
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასა და ტარებაზე სპეციალურ ნებართვას მომსახურების სააგენტო გასცემს. როგორც ირკვევა ლიცენზიის მისაღები პროცედურა საკმაოდ მარტივია.
ვის შეუძლია მიიღოს ნებართვა იარაღის ფლობასა და ტარებაზე?
მოქალაქეებს 18 წლის ზემოთ შეუძლიათ ფლობდნენ სანადირო და სპორტული ტიპის იარაღს (კარაბინი, სანადირო შაშხანები, საფანტის და სხვა), ხოლო პისტოლეტის შეძენა 21 წლიდანაა შესაძლებელი.
როგორც გავარკვიეთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი, ცალკე აღებულად, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის აღრიცხვას არ აწარმოებს. აღნიშნული პასუხი ჩვენ მიერ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე მივიღეთ, რაც ნამდვილად უცნაურია, მით უფრო ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის მკვლელობები სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით ხდება.
ვებპორტალ gunpolicy.org-ის მონაცემებით კი საქართველოში 2000 -2014 წლებში აღრიცხულია ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ ჩადენილი 2263 და შემთხვევით ჩადენილი 227 მკვლელობა, ასევე სუიციდის 157 ფაქტი.
ამავე საიტის მონაცემებით, რომელიც დათვლილია 2000 – 2010 წლების მიხედვით:
აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით დღეში, საშუალოდ, 78 ადამიანი იღუპება, აქედან 6 მოზარდი (0-18). 157 სრულწლოვანი ადამიანი და 32 მოზარდი კი იღებს დაზიანებას.
2000 – 2010 წლებში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობების და სუიციდის შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით კი ასეთია:
ავსტრალია - განზრახ მკვლელობის 392, ხოლო სუიციდის 2090 ფაქტი
ავსტრია - 168 განზრახ მკვლელობა, სუიციდი - 2507
ჩეხეთი -268 განზრახ მკვლელობა, სუიციდი - 1738
დანია განზრახ მკვლელობა 77, სუიციდი -511
ფინეთი - 247 განზრახ მკვლელობა, სუიციდი - 2181
საფრანგეთი - 1339განზრახ მკვლეობა, 1663 - სუიციდი
გერმანია - 870 განზრახ მკვლელობა, 9050 - სუიციდი
ისლანდია - 4 განზრახ მკვლელობა, სუიციდი - 49
დიდი ბრიტანეთი 356 განზრახ მკვლელობა, 1125 სუიციდი
მსოფლიოში დაახლოებით 876 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღია მიმოქცევაში.
აქვე გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით, იმ ქვეყნების სტატისტიკას, სადაც ყოველ 100 ადამიანზე ყველაზე მეტი იარაღი მოდის. ეს არის სტატისტიკა სამოქალაქო კუთვნილების (რეგისტრირებული) იარაღის შესახებ. რა თქმა უნდა, ზუსტი ციფრების ჩვენება შეუძლებელია, მაგრამ ეს არის ყველაზე მიახლოებითი მაჩვენებლები.
ამერიკა - 89; იემენი-55; შვეიცარია - 46; ერაყი - 39; სერბეთი - 38; კვიპროსი -36; საუდის არაბეთი - 35; ფინეთი - 35; ურუგვაი - 32; შვედეთი - 32; ნორვეგია -31; საფრანგეთი - 31; ცანადა -31; ავსტრია- 30; ისლანდია - 30; გერმანია - 30; ომანი - 25; ბაჰრეინი - 25; ქუვეითი - 25; მაკედონია - 24; მონტენეგრო - 23; ახალი ზელანდია - 23; საბერძნეთი - 23; გაერთიანებული ემირატები - 22; ჩრდ. ირლანდია - 22; ხორვატია - 22; პანამა -22; ლიბანი - 21; გვინეა - 20; კოსოვო- 20; პაკისტანი -12; მექსიკა - 15; იტალია - 12; რუსეთი - 9; ინგლისი/ უესლი - 6; უკრაინა - 9; ბრაზილია- 9; სამხრეთ აფრიკა - 13; არგენტინა - 13 ; ესპანეთი --11; თურქეთი- 13; ინდოეთი - 4; ჩინეთი -3; ირანი - 5; ჰოლანდია -3.
ეთერ ერაძე
გიორგი მოსაშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)