"მზად ვართ, ვიყოთ ამ პროცესის პარტიული მსხვერპლი" - რას სთავაზობს "ეროვნული ფორუმი" სხვა პარტიებს - კვირის პალიტრა

"მზად ვართ, ვიყოთ ამ პროცესის პარტიული მსხვერპლი" - რას სთავაზობს "ეროვნული ფორუმი" სხვა პარტიებს

"სახელმწიფო მართვის სისტემამ, რომლის რეკონსტრუქციაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ათასობით, ათიათასობით ნამდვილი ხმა ისე კოხტად გადაილაგა, გადაიწყო, რომ თითქოს ვერც კი მიედავები"

ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. „ეროვნული ფორუმი“ მზად არის, ამ მიზნით პარტიული მსხვერპლი გაიღოს.

ამის შესახებ შარტავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სახელმწიფო მართვის სისტემამ, რომლის რეკონსტრუქციაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ათასობით, ათიათასობით ნამდვილი ხმა ისე კოხტად გადაილაგა, გადაიწყო, რომ თითქოს ვერც კი მიედავები. ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული: გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის. მარტო აჭარაში 25 000 ბათილი ბიულეტენია. ეს ბათილი ბიულეტენები რომ ინახოს, იქ აღმოჩნდება ათასობით სხვადასხვა პარტიის ხმა და მათ შორის, ათასობით „ეროვნული ფორუმის“ ხმა. ათასობით და ათიათასობით ხმა გადაალაგა სისტემამ ყველა მეთოდის გამოყენებით და ეს მოახერხა სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამომრჩეველმაც და საარჩევნო პროცესში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის არჩევნები და იყო ამომრჩევლის არჩევნები, მაგრამ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის. ბევრმა თავი გაიმართა იმით, რომ დაშინდა; ბევრი გაიყიდა და მიყიდა საქართველოს მომავალი სისტემას, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო ამ არჩევნებში და ამ ფულს აუცილებლად ათმაგად ამოიღებს და მთლიანად ჩაიგდებს ხელში ქვეყნის რესურსს, დაადგება თავზე ყველა მოქალაქეს, რათა აკონტროლოს, რათა დევნოს და რათა მთელი რესურსი საკუთარ თავზე წაიღოს. ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა და ასეთი არჩევანი პატივისცემის ღირსი არ არის. დანარჩენმა ამომრჩეველმა ცალმხრივი არჩევანით ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარლამენტის მიღებას. ვიღაცას ძალიან უნდოდა რატომღაც, რომ „ეროვნული ფორუმი“ ნულზე დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩვენც, დანარჩენმა პარტიებმა ვერ ვივარგეთ, ვერ დავაჯერეთ ამომრჩეველი მრავალპარტიულობის აუცილებლობაში“, - განაცხადა კახა შარტავამ.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია რეალური, ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბება და სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოგროვება.

„ასეთი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ამ პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები“, - განაცხადა შართავამ.

შარტავას თქმით, მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები ერთ-ორ პოლიტიკურ ძალასთან.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა კოალიციის ან საერთო პარტიის ჩამოყალიბებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

„მე გუშინ ვთქვი, რომ მზად ვართ კონსულტაციისთვის პროდასავლურ ძალებთან, თუმცა ერთი პარტიის ჩამოყალიბება სხვა საკითხია. ვნახოთ, ზოგადად, შეხვედრას წინ არაფერი უდგას“, - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით