"ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის გარეშე არსებობის უფლებას თავად სააკაშვილი არ მისცემს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის გარეშე არსებობის უფლებას თავად სააკაშვილი არ მისცემს"

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, "ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზულმა კონფლიქტმა იჩინა თავი. ამ უკანასკნელმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამის დასამტკიცებლად გადაწყვიტა პარლამენტში არ შესულიყო. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს ოდესიდან მოუწოდებდა პარლამენტში შესვლასა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას, გიგა ბოკერია და მისი მომხრეები კი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტში აუცილებლად უნდა შესულიყვნენ.

საბოლოოდ ამ საკითხზე პოლიტსაბჭოში კენჭისყრა გაიმართა და გადაწყდა, რომ "ნაცმოძრაობა" პარლამენტშიც შევა და არჩევნების მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტში შესვლის მომხრე "ნაცმოძრაობის" 32 წევრი აღმოჩნდა, 9 წევრი კი მოწინააღმდეგე. ამ საკითხზე გამართულ კენჭისყრას, პარტიის 11 წევრი არ ესწრებოდა, 7-მა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. (იხილეთ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა სია გაასაჯაროვა)

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ოდესიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

"მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად შევხვდეთ ამ ხრიკებს, შესაბამისად, უფრო გავუძნელოთ ივანიშვილს მათი კიდევ ერთხელ გამოყენება", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუკში".

ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულმა კონფლიქტმა პარტიის გარეთ გაჟონა და საზოგადოების ყურამდე მივიდა. მათივე თქმით, პარტია უკვე არაოფიციალურად გაყოფილია ორ ფლანგად.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გარეშე წარმოუდგენელი არ არის, რადგან ვიცით ამ პარტიის რამდენიმე გაგრძელება, ვგულისხმობ, "გირჩს" და "ახალ საქართველოს", რომლებიც სააკაშვილის გარეშე არსებობას აგრძელებენ, მათ რიცხვს სხვა თუ მიემატება, დიდად გასაკვირი არ იქნება, მაგრამ აქ ერთი ასპექტია, თვითონ სააკაშვილმა შეარბილა თავის მოთხოვნა და პარლამენტში შესვლა ისე რადიკალურად აღარ შეაფასა, როგორც ადრე აფასებდა, თავად მოერგო მათ პოზიციას. სააკაშვილი საკმაოდ ელასტიური პოლიტიკოსია და სადაც ატყობს, რომ შეიძლება მისთვის არასახარბიელო შედეგი მიიღოს, იქ უკან დახევა და დათმობა შეუძლია, ჩემი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის გარეშე არსებობის უფლებას თავად სააკაშვილი არ მისცემს.

არა მგონია, "ნაციონალური მოძრაობა" ორად გაიყოს და დაიშალოს, თუმცა ეს თუ მოხდა, საინტერესო პრეცედენტი იქნება. მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცეს პარტიას გაყოფის საშუალება და დარჩეს რამდენიმე კაცთან ერთად.

ვალერი გორგილაძე, სოციოლოგი:

- სრულიად მოსალოდნელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გარეშე ვიხილოთ, უბრალოდ, ჯერჯერობით პირველად მოხდა, როდესაც საზოგადოებამ ამ პარტიაში არსებული კონფლიქტი ღიად იხილა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კონფლიქტების შესახებ ინფორმაცია აქამდეც ჟონავდა და ამას "ნაცმოძრაობა"კარგად ნიღბავდა. თუმცა, როგორც ჩანს, დაპირისპირება იმდენად ღრმა იყო, რომ საკითხზე საჯარო დისკუსია გაიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" დაშლის საკითხი ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, სააკაშვილი იძულებული იყო დათანხმებოდა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, ვინაიდან თვითონაც დაინახა, რომ მხარდამჭერების უმრავლესობა ბოკერიას მხარეს იქნებოდა. ამის განხილვა მთლად უპირატესობითაც არ დასრულებულა, უბრალოდ, პოლიტსაბჭოში უპირატესობა გააჩნია ბოკერიას ფრთას. კონფლიქტი დროებით შეჩერებულია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რღვევა განახლდება და გაძლიერდება კიდეც...

იხილეთ ასევე: "ჩვენში ყველა გაერთიანება იშლება მაშინ, როცა მის შიგნით გოიმებად და "პრადვინუტებად" იყოფიან" - რა ელის "ნაცმოძრაობას"?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)