"ოღონდ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ და არა უშავს, თუ ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიანო..." - კვირის პალიტრა

"ოღონდ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ და არა უშავს, თუ ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიანო..."

არჩევნების  შედეგებსა და საპარლამენტო ცხოვრების სავარაუდო პერსპექტივაზე, ჟურნალი "გზა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებზე, კონკრეტულად - რესპუბლიკურ პარტიასა და "თავისუფალ დემოკრატებზე" რას იტყვით? ისინი გამოკვეთილი ლიდერების სიმცირეს არ უჩივიან, მაგრამ ამომრჩეველში საჭირო მხარდაჭერას ვერ მიაღწიეს. რატომ?

- საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა - ამას რაიმე ერთი ფაქტორი არ განსაზღვრავს. საერთოდ, ამ არჩევნების შედეგმა დაგვანახვა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის მოქმედებას უფრო ღრმა და ფართო ანალიზი სჭირდება... რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორ პოლიტიკურ პარტიას, ვაღიარებ - ძალიან მინდოდა და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ბარიერს გადალახავდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ ძალაუფლების ხელში ასაღებად არასდროს უბრძოლიათ. მათი მთავარი მიზანი - 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო...

ნიშანდობლივია ისიც, რომ "ნაციონალებიდან" წამოსული ამომრჩეველი მათ ხმას არ მისცემდა. მათ თავიანთი მცირე, მაგრამ მყარი ელექტორატი ჰყავთ. შეიძლებოდა, "ქართული ოცნებიდან" წამოსულებს მიეცათ მათთვის ხმა. მათი წინასაარჩევნო სპეციფიკიდან გამომდინარე, ამომრჩეველს გაუჩნდა შიში - თუ ალასანიას ან "რესპუბლიკელებს" მივცემ ხმას და ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ, ჩემი ხმა დაიკარგება და შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო". ამიტომ ასეთი არჩევანი გააკეთეს - ოღონდ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ და არა უშავს, თუ ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიანო... კიდევ ერთი: მათ საარჩევნო კამპანია ისე ვერ წარმართეს, როგორც საჭირო იყო, - "თავისუფალმა დემოკრატებმა" სოციალური თემა აირჩიეს, "რესპუბლიკელებმა" - თავისუფლება ანუ პოლიტიკურ არჩევნებზე აქცენტი ვერ გააკეთეს. მესამე ფაქტორი - მათ ამ ორი ძალის მიღმა დარჩენილ ამომრჩეველს არჩევანი ვერ განუსაზღვრეს.

გაგრძელება