"პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში შესვლა ლამის გამიხარდა" - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში შესვლა ლამის გამიხარდა"

ორმა პოლიტიკურმა ძალამ და ჩვენმა, ცოტა არ იყოს და გათავისუფლების ტვირთთან ვერგამკლავებულმა ამომრჩევლის ნაწილმა, იქამდე მიიყვანა საქმე, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში შესვლა თითქმის გამიხარდა კიდეც, ვინმე სხვა მაინც იქნება-თქო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაც მოინდომა, ის გააკეთა და მეორე ტურში რატომ ვეღარ გააკეთებს იმას, რაც უნდა? თუ საჭირო გახდება და მეტ რესურსს დახარჯავენ ფინანსურსაც და ადამიანურსაც, და აქ ჩნდება დილემა. ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა - ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის და ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ მეორე მხრივ, აბა რა უნდა ვქნათ, ეს რომ არ დავუშვათ, აბა "ნაციონალებს" უნდა მივცეთ ხმა?! ეს ხომ არ უნდა ჩავიდინოთ! მე ზუსტად ამ დილემაზე მივანიშნებდი, როდესაც ვსაუბრობდი, რომ არ შეიძლება ამ ორი ძალის - "ნაციონალების" და "ოცნების" დატოვება ერთი-ერთზე პარლამენტში. იმიტომ რომ, ეს დილემა დიდი და მცირე მასშტაბებით ჩვენ წინ გვექნება მთელი ოთხი წლის განმავლობაში. რადგან, როგორც კი, პარლამენტში "ქართული ოცნების" ოპონირების რეჟიმში რაიმე საკითხი დაისმება და შესაძლოა, ბევრმა გაიზიაროს კიდეც ეს საკითხი, მაგრამ დადგეს დიდი ალბათობა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად გამოცხადების შიშით, საერთოდ არავის არ დაუჭიროს მხარი. ეს დილემები კი შექმნა სწორედ იმ მოვლენებმა, რომლის თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობდით კოალიციის შიგნითაც და კოალიციიდან გამოსვლის შემდეგაც ამას ვამბობდით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო მათი სათქმელი, ვიდრე "რესპუბლიკურ პარტიას" მისცა ხმა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენი სათქმელი, ვიდრე მოგვცა ხმა იმიტომ, რომ იმათ, ვინც გაიგეს ის ხიფათები, რაზეც ჩვენ მივანიშნებდით, მათ წინ დაუდეს გაცილებით მაღალი რანგის ხიფათი - მიშა მოდის გვირაბით, კატერით, თუ თვითმფრინავით. ეს ყველაფერი კი დაგეგმა იმ ტიპის ძალამ, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება, ფინანსური რესურსი, მედიაზე სერიოზული გავლენა და მთელი ამ კონგლომერატით ამას დაემატა კიდევ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც, თავის მხრივ, სიამოვნებით შეასრულა ეს როლი, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის მობილიზებასაც შეუწყო ხელი, თუმცა გაცლებით მეტი იყო "ოცნების" ამომრჩევლის მობილიზება. და დღეს, დადგა ეტაპი, როდესაც ამომრჩეველს ჩემგან, ან ჩვენგან აინტერესებს რა ჯობია იმისთვის, რომ ქვეყანაში არ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსის და ზოგადად პოლიტიკური პარტიის ვალია, რომ ასეთ ვითარებაში პოზიცია ჰქონდეს და ამომრჩეველს მოუწოდოს.

"ნიშნისმოგებით ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ არჩევნების წინ, პრაქტიკულად, ყოველდღე მე ამომრჩეველს ვაფრთხილებდი, ნუ მივცემთ მონოპოლიას ნურც "ოცნებას" და ნურც "ნაციონალურ მოძრაობას". ნუ იზამთ ისე, რომ მხოლოდ ეს ორი პარტია აღმოჩნდეს ერთმანეთის პირისპირ პარლამენტში, თორემ რაღაც უბედურებაში ვყოფთ თავს...ახლა კი ვართ სწორედ ამ უბედურების ერთ ფაზაში. არადა ამისთვის, ერთადერთი რაც იყო საჭირო, არჩევანის გაკეთება სხვა მიმართულებებით. მაგრამ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ და ჩვენმა ცოტა არ იყოს და გათავისუფლების ტვირთთან ვერგამკლავებულმა ამომრჩევლის ნაწილმა, იქამდე მიიყვანა საქმე, რომ "პარტიოტთა ალიანსის" პარლამენტში შესვლა თითქმის გამიხარდა კიდეც, ვინმე სხვა მაინც იქნება-თქო.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ არჩევნების "შემომქმედმა", ვინც 8 ოქტომბრის შედეგი მოახერხა, იმასაც მოახერხებს, რომ მეორე ტურში საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებული ჰქონდეს.

"ესეც გასათვალისწინებელი ამბავია, რადგან არსებობს ეს კონკრეტული მოცემულობა. მოცემულობაა ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი მიმართვებიც ამ საკითხზე აბსურდულია. ამიტომ ახლა პოზიციონირებით თუ ვიქნებით დაკავებული, ვინ უფრო კარგ პოზაში დადგება, ეს არასერიოზული ამბავია. ასე რომ, ჩვენ გვექნება პოზიცია, მაგრამ ეს სავარაუდოდ, იქნება პოზიცია უფრო კონკრეტულ ოლქებზე, ვიდრე გლობალური და ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჩვენი წონა და წილიც ვიცით. ასე რომ, მოდი კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ ვინ და რა შემოვხაზეთ 8 ოქტომბერს, რა შედეგი მივიღეთ ახლა და საით მიდის ეს ქვეყანა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომლის კომენტარსაც უსუფაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"