"მთავარია რა კრიტერიუმს შეარჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევად "კადრებთუხუცესი"- ირაკლი კობახიძე სპიკერად?! - კვირის პალიტრა

"მთავარია რა კრიტერიუმს შეარჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევად "კადრებთუხუცესი"- ირაკლი კობახიძე სპიკერად?!

"უარესი იქნებოდა, რომ კობახიძე სადმე აღმასრულებელი ხელისუფლების გადამწყვეტ პოსტზე დაენიშნათ, სადაც მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იქ მისი ახალგაზრდობა, გამოუცდელობა, შეიძლება უფრო მეტი რისკების მატარებელი იყოს"

არჩევნების შემდეგ, საზოგადოება მოუთმენლად ელოდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებას. პოლიტიკურ წრეებში რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორისაა: გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი და ირაკლი კობახიძე, თუმცა ამ უკანასკნელზე ყველზე აქტიურად ლაპარაკობენ. საინფორმაციო სააგანეტო "ინტერპრესნიუსის" წყაროს მტკიცებით, სწორედ ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს სპიკერის სავარძელს.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ”ქართულ ოცნებას” არ ჰყავს დავით უსუფაშვილის ტოლფასი, ან უკეთესი კანდიდატი, "ამიტომ სულ ერთია, პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იქნება".

”არც ერთზე არ მაქვს ისეთი აზრი, რომ ვინმე შეიძლება შეედაროს უსუფაშვილს, მაგრამ მათი საქმეა, შეიძლება ჩვენ ვცდებით, და შეიძლება ამ ახალგაზრდებში იპოვონ ვინმე. ეს ჩვენი გადასაწყვეტი აღარ არის. ჩვენ მივიღეთ ჩვენი პროცენტი, ”ქართული ოცნება” ვისაც ჩათვლის სწორად იმას დანიშნავს და იმას მიესალმება ამომრჩეველი, რომელმაც მათ ანდო ეგ ამბავი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნა ტრაგედია არაა და ეს პოსტი, მას მომავალში პოლიტიკოსად გაზრდის კუთხით წაადგება.

"თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში პარლამენტი არ არის გადამწყვეტი ძალა და არც მისი სპიკერი, აქ მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. მითუმეტეს, რომ ეს შეიძლება კობახიძისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კარგი კონსტიტუციონალისტის რეპუტაციით სარგებლობს, კარგი სკოლა იყოს, რათა როგორც მომავალი პოლიტიკოსი ჩამოყალიბდეს. უარესი იქნებოდა, რომ კობახიძე სადმე აღამსრულებელი ხელისუფლების გადამწყვეტ პოსტზე დაენიშნათ, სადაც მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იქ მისი ახალგაზრდობა, გამოუცდელობა, შეიძლება უფრო მეტი რისკების მატარებელი იყოს".

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი:

- მთავარია რა კრიტირიუმს შეარჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევად ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში აღქმულია, როგორც კადრებთუხუცესი. სულაც არ უნდა დიდი გამჭრიახობა იმ ფაქტს, რომ დიდი ალბათობით მთავარი კრიტერიუმი იქნება ამ რიგითი მოქალაქის მიმართ ერთგულება. ასეთ შემთხვევაში რაიმე გამოცდილება საპარლამენტო საქმიანობისა, აუცილებელი არ არის. არ გამიკვირდება, თუ ბატონი ირაკლი კობახიძე გახდება პარლამენტის თავმჯდომარე, ასეთ შემთხვევაში გულწრფელად ვუთანაგრძნობდი მას, რადგან ტელესივრცეში ჩურჩული თუ დუდუნი არის სრულიად განსხვავებული გამოცდილება, ხოლო პარლამენტში, სადაც სამი პოლიტიკური სუბიექტია, იგი იქნება უმცირესობის ძირითადი სამიზნე. სახეზე გვაქვს "რესპუბლიკელების" კრიტიკული დეფიციტი, რომელთაგანაც 2-3 წევრი ნამდვილად უფრო შედეგიანი და სანდო სპიკერი იქნებოდა პარლამენტის, ვიდრე "ქართული ოცნების" მიერ შესაძლო წარმოდგენილი კადრები.

ასეთი კადრის შესარჩევად უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი მიდგომაა აუცილებელი და არა რაიმე, პირადი ნდობა ან ანტაგონისტური განწყობა.

- ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ”ქართულ ოცნებას” არ ჰყავს დავით უსუფაშვილის ტოლფასი ან უკეთესი კანდიდატი...

- შეიძლება ბატონ ლევანისთვის ეს სულერთი იყოს, მაგრამ ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის სულერთი. პარლამენტის სპიკერი შემთხვევითი ადამიანი არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ნებისმიერი პიროვნება, ვინც დასახელდება, იქნება მოულოდნელობა, რადგან ასეთი იურიდიული განათლების ვარსკვლავი ძნელად მოსაძიებელია და ვშიშობ, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო სივრცეში მას შემდეგ დაკნინდება, რაც ბატონ უსუფაშვილს შეცვლის ადამიანი, რომლის მთავარი ღირსება ივანიშვილის მიმართ მლიქვნელობა იქნება.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)