"დათოს ოჯახი დევნილი იყო, სოხუმიდან... სამი წლისას დაუტოვებია აფხაზეთი..." - უკრაინაში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი - კვირის პალიტრა

"დათოს ოჯახი დევნილი იყო, სოხუმიდან... სამი წლისას დაუტოვებია აფხაზეთი..." - უკრაინაში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი

გასულ კვირას, დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოში, კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა. 26 წლის დავით გამსახურდია, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ბუტკოვის შახტაზე სროლების დროს მძიმედ დაიჭრა. ის ამ დროის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

kvirispalitra.ge უკრაინაში მის თანამებრძოლებსა და მეგობრებს ესაუბრა, რომელთა თქმითაც დათო, როგორც მისი ოჯახის წევრები, უკრაინის მოქალაქე იყო.

თემურ დათაშვილი, უკრაინაში მცხოვრები ქართველი:

- ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე, თუ არ ვცდები, 4 ოპერაცია გაუკეთეს დათოს... იმედი ჰქონდა, მასაც და ჩვენც, რომ გადარჩებოდა, მაგრამ მძიმე ჭრილობები ჰქონდა თავსა და ხერხემალში... ვერ გაუძლო. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. აფეთქებისას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა. ამ დროის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული. ექიმები ამბობდნენ, რომ გონზე ხან მოდიდა, ხან გათიშული იყო. მომდევნო ოპერაციისთვის ამზადებდნენ, რომელიც ხერხემალზე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ... რამდენჯერმე როგორც მეომრები, ისე უბრალოდ მოქალაქეები მივიდნენ და მისთვის სისხლი ჩააბარეს.

- დავითი უკრაინაში ცხოვრობდა?

- დიახ, უკრაინაში ცხოვრობდა. მოხალისე არ ყოფილა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი იყო. 128-ე ბრიგადაში მსახურობდა. დედა უკრაინელი ჰყავდა, მაგრამ ქართველებთან მეგობრობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა... უყვარდა საქართველო, ყველა და ყველაფერი ქართული...

- მამა საქართველოში ცხოვრობდა?

- არა, უკრაინაში, აქაური მოქალაქეობა აქვთ. ისე სოხუმელები იყვნენ. დათო, სამი წლის ყოფილა 90-იანი წლების ომის დროს, სოხუმი რომ დაუტოვებიათ. ოჯახი ჯერ რუსეთში ცხოვრობდა, თუ არ ვცდები, მოსკოვში. შემდეგ უკრაინაში წამოვიდნენ... დათო ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მისი სამშობლო საქართველოა.

ვალოდია, დავითის მეგობარი:

- აქ არის ადგილები, სადაც ინტენსიური ბრძოლები ყოველდღე მიმდინარეობს და ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას არ ექვემდებარება. ეს არის ადგილები, სადაც მხარეები ერთმანეთთან ძალიან ახლო დისტანციაზე იმყოფებიან. დათოს ნაწილი ავდეევკაში, ბუკოვის მაღაროსთან იყო განლაგებული. იქ კი, როგორც ვიცი, ყოველდღე სროლებია, ზოგჯერ საქმეში მძიმე ტექნიკაც ერთვება. სწორედ იქ მიიღო უმძიმესი ჭრილობები დათომ, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)