"განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია" - ჩეხი ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოს პოზიცია რუსულ გადაცემაში დაიცვა - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია" - ჩეხი ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოს პოზიცია რუსულ გადაცემაში დაიცვა

რუსული ტელეკომპანიის, твц-ის პოლიტიკური გადაცემა право голоса-ში საუბარი საქართველოს შეეხო, წამყვანსა და მოწვეულ სტუმრებს შორის კამათი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე გაიმართა. ჩეხმა ჟურნალისტმა, ირჟი იუსტმა საქართველოს ინტერესები დაიცვა და რუს პოლიტიკოს, კონსტანნტინ ზატულინსა და სხვა სტუმრებს ურჩია, მცირე ერებთან საუბარი ესწავლათ.

გადაცემის წამყვანმა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგალითად, ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე შეტანა დაასახელა და ჩეხ ჟურნალისტს ჰკითხა, რომ ნუთუ ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინო შეუშვეს.

"რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარი ქართველებისთვის ღიაა", - უპასუხა ჟურნალისტმა.

"აქ მთავარი სხვა რამ არის. ევროკავშირისთვის საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ღვინისა და ბორჯომის შემომტანი ქვეყანა. საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური მოკავშირეა, საქართველოს მსგავსი მოკავშირე, რუსეთი ვერ გახდება, რადგან ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თქვენ ამბობთ, რომ ეს ისტორიაა, არა, ეს ისტორია არ არის, საქართველოსთვის ეს მუდამ პრობლემა იქნება. თქვენ უნდა დაიცვათ პატარა ქვეყნის ინტერესები", - მიუგო ირჟი იუსტმა რუს პოლიტიკოსებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თემაზე საუბარს გადაცემის სტუმრებს შორის ცხარე კამათი მოჰყვა.

PalitraTV.ge-ს ჟურნალისტი ჩეხ კოლეგას დაუკავშირდა და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო.

ირჟი იუსტი:

- ბოლო 10 წელია მოსკოვში ვმუშაობ, განათლებით პოლიტოლოგი ვარ, ამიტომ ჩემთვის საინტერესოა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მთელი პოსტსაბჭოური სივრცე.

- გქონიათ საქართველოსთან რაიმე შეხება?

- საქართველოში პირველად 3 წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩამოვედი, შარშან კი დასასვენებელად ვიყავი თბილისსა და ბათუმში.

- გადაცემაში, სადაც საქართველოზე საუბრობდით, გრძნობდით თუ არა ზეწოლას თქვენი ოპონენტებისგან?

- ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მსგავსი სახის თოქ-შოუში მონაწილეობა პირველად არ მიმიღია. არ მომწონს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომელიც ქვეყანაშია გავრცელებული. არ მომწონს მათი დამოკიდებულება მცირე ერების მიმართ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი აზრის დაფიქსირების გამო, შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ?

- არ ვფიქრობ, რადგან ორი წლის წინ და შარშანაც ვაკეთებდი განცხადებებს, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ, სადაც პროუკრაინული პოზიცია მეკავა და რა თქმა უნდა, რუსული აუდიტორია, ამას ძალიან მწვავედ აღიქვამდა, რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამით ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს.

- როგორ ფიქრობთ, იზიარებენ თუ არა თქვენი რუსი კოლეგები იმ აზრს, რომ საქართველო ოკუპირებულია?

- ჩემი აზრით, მათი უმრავლესობა იზიარებს სახელმწიფო პოზიციას და რუსულ პოლიტიკაში არსებულ მეინსტრიმს, რომლის მიხედვით არანაირი ოკუპაცია არ არსებობს და არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსი ჯარი კი მხოლოდ სამშვიდობო მისიით არის შესული.

- ძალიან ბევრი ქართველი თქვენი მადლობელია, რას ეტყოდით მათ?

- ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ქართული აუდიტორიის ყურადღება. მწერენ სოციალურ ქსელში, ყველას ვპასუხობ, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, ის ვთქვი, რასაც ვფიქრობ.

ვიდეო