ეს ყველა უმუშევარმა უნდა წაიკითხოს! - კვირის პალიტრა

ეს ყველა უმუშევარმა უნდა წაიკითხოს!

"სილიკონ ველი თბილისში" დაიწყო სტუდენტებისა და მათ მიერ შექმნილი სტარტაპების გადამზადების პროგრამები

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით, "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. პროექტი უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული კადრებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სამუშაოს მაძიებელი ყველა მსურველისთვის, ვისაც დამსაქმებლების მიერ მკაცრად მოთხოვნილი გამოცდილება არა აქვთ, ხელმისაწვდომს ხდის ბაზას, რომელზეც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული და ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი ვაკანსია იდება

დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში წლებია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება, იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

"საქსტატის" მონაცემებით, გასულ წელს უმუშევრობა ქვეყანაში 12%-ით შემცირდა. თუმცა სხვადასხვა გამოკითხვით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დასაქმება ნომერი პირველი თავსატეხია. NDI-ის ზაფხულში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 63%, თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს და მხოლოდ 36% ამბობს, რომ დასაქმებულია.

"საქსტატის" მონაცემებით, ასევე ირკვევა, რომ გასულ წელთან შედარებით, 1,5%-ით - 32%-მდე არის გაზრდილი 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სამსახურის შოვნა კურსდამთავრებულთათვის საქართველოში მთავარი სირთულეა. ახალგაზრდების სურვილი - პროფესიით ან თუნდაც სხვა უნარ-ჩვევების ხარჯზე დაიწყონ მუშაობა, რათა ამით შეიძინონ ფინანსური დამოუკიდებლობა და შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარონ, სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ სურვილად დიდი ხნის განმავლობაში რჩება. გარდა იმისა, რომ მწირია იმ დამსაქმებელთა რაოდენობა, ვინც ხშირად აცხადებს ვაკანსიებს,

უმუშევრობას, ძირითადად, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ახალგაზრდებში კვალიფიკაციის ნაკლებობა, მხოლოდ თეორიული ცოდნა, თანამედროვე შრომითი ბაზრის შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა და ისეთი სამუშაო ადგილების არარსებობა, სადაც გამოუცდელი ახალბედების დასაქმებით არიან დაინტერესებული. სწორედ აქ იღებს პირველ დარტყმას სამუშაოს მაძიებელი, რომელსაც ვერც სტატისტიკა ანუგეშებს და ვერც ვერანაირი ციფრები. კითხვაზე - სად უნდა შევიძინოთ გამოცდილება? - პასუხი დამსაქმებლებს არა აქვთ.

უმუშევრობის შემცირების მიზნით განვითარებულ ქვეყნებში კარგა ხანია შეიცვალა საგანმანათლებლო პოლიტიკა. იმისათვის, რომ კურსდამთავრებულებმა ადვილად იშოვონ სამსახური, ბევრმა ევროპულმა საგანმანათლებლო სისტემამ სტაჟირება სასწავლო პროგრამის ნაწილად აქცია. ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს ცენტრები და გადამზადების კურსები, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან სამსახურის დაწყებისთვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევებს.

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით, "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. პროექტი უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული კადრებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სამუშაოს მაძიებელი ყველა მსურველისთვის, ვისაც დამსაქმებლების მიერ მკაცრად მოთხოვნილი გამოცდილება არა აქვთ, ხელმისაწვდომს ხდის ბაზას, რომელზეც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული და ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი ვაკანსია იდება.

დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციები მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებს. გარდა ამისა, "სილიკონ ველი თბილისში" დაიწყო სტუდენტებისა და მათ მიერ შექმნილი სტარტაპების გადამზადების პროგრამები.

ქვეყანაში, სადაც ათასობით ადამიანს ხელი აქვს ჩაქნეული სამსახურის შოვნაზე და სამუშაოს საძიებლად იძულებულია ევროპის ქვეყნებს ან ამერიკას მიაშუროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უპრეცედენტო პროექტით უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს სამსახურის მაძიებლებს, მიუხედავად ასაკისა და კვალიფიკაციის, წვდომა ჰქონდეთ ბაზაზე და ამ ბაზის მეშვეობით რეალურად დასაქმდნენ. უნივერსიტეტი ე.წ. შუამავალი ხდება დამსაქმებელსა და მომავალ დასაქმებულს შორის, რათა ამ უკანასკნელმა გარანტირებული დასაქმების პირობა მიიღოს და შესაბამისად, აიმაღლოს კვალიფიკაცია, რომ შემდგომში ვეღარავინ დაიწუნოს გამოუცდელობის ან არაკვალიფიციურობის გამო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება დასაქმების საერთაშორისო ბაზრებზე არსებული პოზიციები.

"სპეციალური გადამზადების პროგრამებით შესაძლებელი ხდება ბენეფიციართათვის ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი სამუშაო პოზიციის შეთავაზება. კვალიფიციური კადრების მიწოდებით ამაღლდება საქართველოს რეიტინგი დასაქმების საერთაშორისო ბირჟაზე, რაც ქვეყანაში ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. ჩვენს სივრცეში მოხდება კადრების გადამზადება ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველაზე მოთხოვნად სფეროებში, სასწავლო კურსებს კი წამყვანი, პრაქტიკოსი სპეციალისტები ჩაატარებენ", - აღნიშნავს მიხეილ ბატიაშვილი.

გადამზადების პროცესში ახალგაზრდები პირველ ეტაპზე ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებისთვის საჭირო მარტივ უნარებს შეისწავლიან, შემდგომში კი, 10-მილიონიანი სამუშაო ბაზის მეშვეობით, სასურველი სამსახურის მოძებნას შეძლებენ როგორც დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მდებარე წამყვან კომპანიაში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

მარი ჯავახიშვილი