"მურჯიკნელმა ჯერ ბეტონის ფილა ჩაარტყა თავში, შემდეგ დანით რამდენჯერმე დაჭრა" - კვირის პალიტრა

"მურჯიკნელმა ჯერ ბეტონის ფილა ჩაარტყა თავში, შემდეგ დანით რამდენჯერმე დაჭრა"

14 ოქტომბერს გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერს თავს დაესხნენ და ყელის არეში მძიმე დაზიენებები მიაყენეს, დაზარალებულს ასევე მოტეხილი აქვს სახის ძვლები. ის დღემდე მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.

შსს-მ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მურჯიკნელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

19 ოქტომბერს ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორმა ანა სიგუამ დაზარალებულ ზურაბ შეყილაძეზე (მეტსახელად "ზიზი") თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

„ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დაზარალებულ ზურაბ შეყილაძესთან, რომელსაც იცნობდა პენიტენციური დაწესებულებიდან, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. მისვლის მიზანი იყო ზურაბ შეყილაძის ერთ-ერთ მეგობარ გოგოსთან არსებული უთანხმოების გარკვევა, რომელიც ორსულადაა ბრალდებულისგან. მურჯიკნელმა შეყილაძესთან ერთადაც მიიღო ალკოჰოლი. საუბარში შეყილაძემ მურჯიკნელს უთხრა, რომ თავი დაენებებინა ამ გოგოსთვის, რათა მას ემუშავა სექსმუშაკად, რასაც მურჯიკნელის გაღიზიანება მოჰყვა. შეყილაძემ მურჯიკნელს შეურაცხოფა მიაყენა, რასაც საპასუხო აგრესია მოჰყვა ბრალდებულისგან. კერძოდ, მურჯიკნელმა ჯერ ბეტონის ფილა ჩაარტყა  თავში და შემდეგ დანით რამდენჯერმე დაჭრა ყელის არეში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ სუნთქავდა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა დაჭრილს ბეტონის ფილა განმეორებით ჩაარტყა თავში და მიიმალა“, - განაცხადა პროცესზე პროკურორმა.

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა და ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა ანა სიგუამ პროცესზე განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა, არსებობს საფრთხე, რომ მან თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და სცადოს მტკიცებულებების განადგურება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბრალდებულისგან ორსულადაა და გამორიცხული არაა, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს ამ ადამიანზე.

ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს ადვოკატი არ ჰყავდა, თუმცა ის პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გათავისუფლება გირაოს 1000 ლარის შეფარდების საფუძველზე მოსთხოვა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდებულის პოზიცია და გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით