"ეს მიწა - სამურზაყანოს, აფხაზეთის, საქართველოს მიწა მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს" - აფხაზურ ქორწილში ნათქვამ სადღეგრძელოს მოყოლილი აჟიოტაჟი - კვირის პალიტრა

"ეს მიწა - სამურზაყანოს, აფხაზეთის, საქართველოს მიწა მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს" - აფხაზურ ქორწილში ნათქვამ სადღეგრძელოს მოყოლილი აჟიოტაჟი

დიდი გამოხმაურება მოჰყვა გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც აფხაზურ ქორწილში ქართველი ბიჭის წარმოთქმული სადღეგრძელოა ასახული. აფხაზების სტუმარი აფხაზეთს ერთიანი საქართველოს სივრცეში განიხილავს და ამბობს, რომ "ეს იყო სულელური ომი და უბრალო ადამიანებს, ქართველებსა და აფხაზებს გასაყოფი არაფერი აქვთ".

მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიჭის გვარ-სახელს არ ვწერთ და მასზე დეტალურად საუბრისგან თავს ვიკავებთ, რადგან ის აფხაზეთში ცხოვრობს, თუმცა მასთან დაკავშირება და გასაუბრება მოვახერხეთ:

"დედა და ბებია აფხაზები მყავს, ამიტომაც აფხაზურიც კარგად ვიცი და ქართულადაც შემიძლია ლაპარაკი... მეგობრები აფხაზებიც მყავს და ქართველებიც. ვიცი, რომ ამ ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, უფრო მეტი უარყოფითი, მაგრამ ის ვთქვი, რაც გულით ვიგრძენი, რაც მტკივა და რაც მიმაჩნია, რომ სიმართლეა... რაღა დაგიმალოთ და უფრო უარეს და მძაფრ გამოხმაურებასაც ველოდი... პირადად არავინ დამკავშირებია და არც არავის შევუწუხებივარ..." - გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც სადღეგრძელოში ამბობს: "ეს მიწა სამურზაყანოს, აფხაზეთის, საქართველოს მიწა ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. ჩვენ ერთმანეთზე ახლობელი დედამიწაზე არავინ გაგვაჩნია..." სადღეგრძელოს დასრულების შემდეგ კი სუფრაზე ისმის ტაში და მოწონების შეძახილები.

როგორც უკვე ვთქვით, ვიდეოჩანაწერს სოციალურ ქსელში აფხაზების მხრიდან არაერთგვაროვანი რეზონანსი მოჰყვა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ბიჭის გასამართლებას ითხოვდნენ, თუმცა იყო შედარებით მოზომილი შეფასებებიც. არიან ისეთებიც, ვინც გაოცებას ვერ მალავს, თუ რატომ შეხვდნენ ახალგაზრდა ქართველის სიტყვებს სუფრის წევრები ტაშით...

რენო ქუჩუბერია:

- ეს საატ სათბასა და ვერა ხაჯიმბას ქორწილია. ეს კაცი, ფაქტობრივად, ნეფე-დედოფლის გვერდით ზის და შიგა და შიგ კონკრეტულად მათ მიმართავს, თითქოს მათ მოუწოდებს, ეს შეცდომები გაითვალისწინონ... არ მესმის ხალხის, რომელიც მას შიგადაშიგ ტაშს უკრავს და აღრფთოვანებას გამოხატავს... ბოლოსკენ მას მოხუცი აფხაზი ქალი კოცნის. რაშია საქმე, საით მივდივართ? ამიხსნის ვინმე რატომ აქვს ამ კაცს, რომელიც თან ქართველობს, თან მეგრელობს და თან აფხაზობს, ამდენის თქმის უფლება?!

ნინა მაანი:

- არ მინდა, პოლიტიკური დასკვნების გაკეთება, მაგრამ ეს ქორწილი შუაგულ აფხაზეთშია, თუმცა, ამ ბიჭს აზრის გამოხატვას არავინ უშლის. მეტიც, ბოლოს, მის გვერდით მჯდომი აფხაზიც წამოდგა ფეხზე, რაც, სავრაუდოდ, იმას ნიშნავდა, - ეს კაცი აქ მარტო არ არისო!

ანა სუხუმჩანკა:

- იმედია, არავის დასწამებს, აფხაზეთის უსიყვარულობას. ძალიან ცოტასგან მომისმენია ასე კარგად, აზრიანად გადმოცემული სათქმელი. რადგან თქვა, ალბათ ჰქონდა საფუძველი... ვაღიარებ, ბევრისგან განსხვავებით, ძალიან კარგად აღზრდილი ბიჭი ჩანს, ეს ლაპარაკზე ეტყობა. არ ვარ აფხაზეთის საქართველოს ერთიან სივრცეში დაბრუნების მომხრე, მაგრამ არც ის არის სასიამოვნო, ახალგაზრდებს პატრიოტობა, სოციალურ ქსელებში ქართველების ლანძღვა რომ ჰგონიათ. აგრესიას სიკეთე არასდროს მოუტანია... რა გაგიკეთებიათ თქვენი ქვეყნისთვის, ქუჩაში, "ბირჟაზე" დგომის გარდა?..

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)