გოგონა, რომელიც სამყაროს ორჯერ მოევლინა - მედიცინის მორიგი სასწაული - კვირის პალიტრა

გოგონა, რომელიც სამყაროს ორჯერ მოევლინა - მედიცინის მორიგი სასწაული

ტეხასისის შტატში, ქალაქ ლუისვილში ექიმებმა განსაკუთრებული ოპერაცია ჩაატარეს. მათ დედის მუცლიდან ნაყოფი 20 წუთის განმავლობაში ამოიყვანეს და ოპერაციის შემდეგ, ისევ დედის მუცელში დააბრუნეს. გოგონას დედამ, მარგარეთ ჰოკინს ბემერი ორსულობის მე- 16 კვირაზე გაიგო, რომ ნაყოფს სერიოზული პრობლემა ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს ხერხემალზე, კონკრეტულად კი კუდუსუნზე სიმსივნური გამონაზარდი - კუდუსუნის ტერატომა აღმოაჩნდა. დაავადება ბავშვს არ აძლევდა საშუალებას საკმარისი რაოდენობის სისხლი და საკვები ნივთიერებები მიეღო. ამ ყველაფერს კი გულის გაჩერებაც შეეძლო.

ბემერი ტყუპებზე იყო ორსულად, თუმცა პირველ ტრიმესტრში მეორე ბავშვი დაკარგა. ხოლო როცა ლინლის კუდუსუნის ტერატომის ამბავი გაიგო, ექიმები ორსულობის შეწყვეტას ურჩევდნენ. ტეხასის საავადმყოფოში კი ერთ-ერთმა მეანმა მას რთული ოპერაციის ჩატარება შესთავაზა. ამ ოპერაციით ბავშვისთვის გამონაზარდი უნდა ამოეკვეთათ. მაშინ, როცა ქირურგმა ლინლი დედის მუცლიდან ამოიყვანა, ის სულ რაღაც 530 გრამს იწონიდა, დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც სიმსივნური გამონაზარდი.

4 თვის ლინლი დედასთან და დებთან ერთად

„23-ე კვირის ორსული რომ ვიყავი, გამონაზარდი ბავშვის გულს მუშაობაში ხელს უშლიდა. შეიძლება ინფაქტიც დამართნოდა. ამიტომ საკითხი იდგა შემდეგნაირად, ან გადავლახავდით ამ სიტუაციას და გავიკეთებდით ოპერაციას, ან ბავშვი დაიღუპებოდა. ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო: ბავშვს სიცოცხლის შანსი მივეცი“, - განაცხადა მაგრაგეთმა

„გული გაჩერდა“

ტეხასის სამეანო ცენტრის ექიმი დარენ კასი ერთ-ერთი იმ ექიმთაგანი გახლდათ, ვინც ამ რთულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, ექიმები იძულებულები გახდნენ ორსულის მუცელი გაეჭრათ, ბავშვი დედის საშვილოსნოდან მთლიანად ამოეყვანათ და გამონაზარდი სწრაფად მოეკვეთათ.

კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი სიმსივნის ამოკვეთა საშვილოსნოდან, ექიმმა ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტს უთხრა, რომ ბავშვი საშვილოსნოდან ამოიყვანეს, თუმცა ის დედის ორგანიზმთან პლაცენტით და ჭიპლარით ისევ იყო დაკავშირებული.

„ამ დროს ნაყოფს გულის უკმარისობა აწუხებდა, ამიტომ აუცილებელი იყო ოპერაციას კარდიოლოგიც დასწრებოდა, ის ბავშვის გულის მუშაობას აკვირდებოდა. ოპერაციისას აუცილებელი გახდა გულის ოპერაციის ჩატარებაც, რაც ბავშვმა სასწაულებრივად გადალახა, ამის შემდეგ, ბავშვი დედის ორგანიზმში დავაბრუნეთ და საშვილოსნოს გაკერვაც მოვახერხეთ“, - განაცხადა ექიმმა.

როგორც ცნობილია, მსგავსი ოპერაცია მსოფლიოს კიდევ ორ სხვადასხვა კლინიკაში ჩატარდა. ექიმი კასის თქმით, ორსულობის დროს სხვადასხვა პრობლემის გამო ბავშის დაღუპვის შემთხვევები ძალიან ხშირია, თუმცა ლინლის შემთხვევაში, გოგონა ოპერაციიდან 12-კვირიანი ორსულობის შემდეგ დაიბადა.

გოგონა, რომელსაც ლინლი ბებიების საპატივცემულოდ დაარქვეს, 2 კგ და 340 გრ დაიბადა. ის საკეისრო კვეთით 6 ივნისს სამყაროს მეორედ მოევლინა. 8 დღის ბავშვს მეორე ოპერაცია გაუკეთეს, რათა დარჩენილი სიმსივნური გამონაზარდი კუდუსუნიდან ბოლომდე ამოეკვეთათ. დღეს ბავშვი მშობლებთან და დებთან ერთად სახლშია, ის სრულიად ჯანმრთელია.

როგორც ექიმმა კასმა განაცხადა, კუდუსუნის ტერატომა ძალიან იშვიათი დაავადებაა, ის 30-70 ათასი ბავშვიდან შეიძლება ერთს აღმოაჩნდეს, და დაავადება ახალშობილ გოგონებში უფრო ხშირია, თუმცა საიდან ჩნდება კუდუსუნზე სიმსივნური გამონაზარდი ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ