"ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს... ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს... ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ"

"ჩვენ ბირთვული ომი არ გვსურს"

"რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და იყენებს ბირთვულ რიტორიკას სხვა ევროპული ქვეყნების დასაშინებლად"

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-სა და რუსეთს შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორული ურთიერთობა არსებობს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს, რომელმაც ახალ და თანამედროვე თავდაცვით საშუალებებში დიდი ინვესტიციები ჩადო, ატარებს მრავალრიცხოვან მანევრებს, მათ შორის ისეთებს, რომლის შესახებ წინასწარ არ გვაცნობებს. ეს არსებითად ამცირებს გამჭვირვალობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას ევროპაში. მაგალითად, რუსეთმა გამოიყენა ასეთი მანევრები ყირიმის ანექსიისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა „ბი-ბი-სი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, რომ ნატო-ს გეგმა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი კონტინგენტის განლაგების თაობაზე იქნება ძალთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია რუსეთის საზღვრებთან, ცივი ომის პერიოდის შემდეგ.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, რომ ნატო უზრუნველყოფს შეკავებისა და თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებს. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ მისი აღკვეთისთვის. სანამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს, შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას და ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის აღკვეთას“, - განმარტავს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. ამასთან, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და იყენებს ბირთვულ რიტორიკას სხვა ევროპული ქვეყნების დასაშინებლად. ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ. ამიტომ, ნატო ადაპტაციას ახდენს და ცდილობს მოახდინოს რეაგირება თავდაცვითი ზომების მიღებით. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ ბირთვული ომი არ გვსურს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს, მაგრამ ამას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის შესაბამისად უნდა ვაკეთებდეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იხილეთ ასევე: "შესაძლოა, საქართველო რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე აღმოჩნდეს..." - ამერიკული ანაკონდა რუსული დათვის წინააღმდეგ და... საქართველო

"ინტერპრესნიუსი"