"არ ვაპირებთ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია" - რომელ პარტიასთან არ შექმნის კოალიციას "ქართული ოცნება"? - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებთ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია" - რომელ პარტიასთან არ შექმნის კოალიციას "ქართული ოცნება"?

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკის" ეთერში სტუმრად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა. ერთ-ერთი კი, სამინისტროების ფორმირება და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება იყო.

მისი თქმით, სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლოა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მინისტრი შეეცვალოს. პრემიერმა არ დააკონკრეტა თუ რომელ სამინისტროს შეიძლება ჰყავდეს ახალი ხელმძღვანელი.

„თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არჩევნები დასრულებული არ არის, რა თქმა უნდა, საბოლოო კონსულტაციები ამაზე გაიმართება იმ უმრავლეობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება და ჩამოყალიბდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები მინდა რომ არ გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები. რადგან გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი სიჩქარე ავკრიფოთ და ასეთი ტიპის ცვლილებები როგორც წესი სიჩქარეებს აგდებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში შიგნით იქნება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრციული დანახარჯების მიმართ ძალიან კონსერვატიული მიდგომა იქნება. დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და თვითონ სამინისტროებში რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ. ყველა მინისტრთან ეს კონსულტაციები უკვე გამართულია. მათ შორის ახალი მინისტრობის კანდიდატებთან წინასწარი საუბარი უკვე გავმართე... ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი , ცვლილებები რამდენინე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიმაჩნია. დახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ვინმე ვერ ასრულებს სამუშაოს".

პრემიერის თქმითვე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე მომავალი კომისია აქტიური და აქტუალური იქნება, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას, პრემიერის აზრით, დაახლოებით 1 წელი დასჭირდება.

"ჩვენ არ ვაპირებთ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია. ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. მე ვფიქრობ, ეს არის დაახლოებით განხილვების ერთწლიანი პროცესი. მათ შორის პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარა. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მანამდე უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის ეკონომიკური განვითარება, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც აუცილებლად გასაგრძელებელია და მე ვფიქრობ, ამას თან უნდა გასდევდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ფართო ფორმატში განხილვის პროცესი".

კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგში არ დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გადმოტანაზე, ეს საკითხი ქუთაისის მოსახლეობის ნებართვის და მათთან აქტიური საუბრის გარეშე არ მოხდება.

"დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს გააქტიურებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული , აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად ეს საკითხი აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი „პატრიოტთა ალიანსთან“ რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციასა თუ სტრატეგიულ თანამშრომლობაში შესვლას გამორიცხავს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებები გააჩნიათ. პრემიერმა ასევე არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნაჩვენები შედეგიც შეაფასა.

„ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს შეიძლება ჩემთვის პირადად უბრალოდ სამწუხარო იყოს, მაგრამ ეს არის ფაქტი და ჩვენი მოსახლეობის ნების გამოხატულების შედეგი. ეს არის იმ არჩევნების შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა, რომელიც რამდენიმე უბანზე გამოვლინდა. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძეს, მე ვფიქრობ, ის რაც ვთქვი მათთან დაკავშირებით, არის ძალიან ნათელი. რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციაში და სტრატეგიულ თანამშრომლობაში შესვლა, ამ ტიპის პოლიტიკურ პარტიებთან გამორიცხულია. კონკრეტულ საკითხზე, რაიმე ეკონომიკურ ინიციატივაზე, თუ ისინი გამოიჩენენ სურვილს, რომ მხარი დაუჭირონ, ამის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს? როდესაც პარლამენტში პოლიტიკური ძალა შემოდის, იქ ბუნებრივია, დიალოგი იქნება ერთმანეთში“.

ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ქორწინების შესახებ კანონში ცვლილების შესახებაც ჰკითხა.

”ეს საკითხი იქნება ალბათ იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არ იქნება სასწრაფოდ გატანილი. მე მომხრე ვარ რა თქმა უნდა, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია, როგორც ხშირად იყო დამახინჯება. მე ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალს და მამაკაცს. ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული”.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით