"ყველაფერმა ერთბაშად იხუვლა და... ეს კატასტროფაა, მეგონა, მეძინა და ჯოჯოხეთს ვხედავდი..." - კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - კვირის პალიტრა

"ყველაფერმა ერთბაშად იხუვლა და... ეს კატასტროფაა, მეგონა, მეძინა და ჯოჯოხეთს ვხედავდი..." - კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა იტალიაში

ცოტა ხნის წინ, იტალიის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმური სამსახურის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.

საინფორმაციო საშუალებები მიწისძვრის მსხვერპლზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა, ავრცელებენ ფოტოებსაც.  მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, უმბრიას რეგიონის პატარა დასახლება ნორჩასთან მდებარეობს. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა რომშიც.

იტალიურ საინფორმაციო სააგენტო Ansa-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა მერ სელა უსიტამ განუცხადა: "ყველაფერმა ერთბაშად იხუვლა და... ჩემ ირგვლივ მტვრის და კვამლის სვეტებიღა ჩანდა, ეს კატასტროფაა, მეგონა, მეძინა და ჯოჯოხეთს ვხედავდი..."

შეგახსენებთ, ბოლო ხანს იტალიის ცენტრალურ ნაწილში გაზრდილია სეისმური აქტივობა.

27 ოქტომბერს ორი ძლიერი მიწისძვრა ასევე ცენტრალურ იტალიაში მოხდა. პირველი ბიძგის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა, რომელსაც ორი საათის შემდეგ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. მიწისძვრებს ეპიცენტრი ვისსოს მახლობლად, მაჩერატას პროვინციაში დაფიქსირდა.

შედეგად დაშავდა ათობით მოქალაქე, დაინგრა და დაზიანდა შენობები, რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. საბედნიეროდ, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა 2 თვის წინაც მოხდა. 24 აგვისტოს 6.2 ბალიანი სტიქიის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.