"მერებაშვილი კიკ-ბოქსიორია და როგორც ჩანს, ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების წევრია" - ცემა-ტყეპა საარჩევნოდ - კვირის პალიტრა

"მერებაშვილი კიკ-ბოქსიორია და როგორც ჩანს, ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების წევრია" - ცემა-ტყეპა საარჩევნოდ

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორში სოფელ ქვემო სოდისში პარტიის მხარდამჭერი, ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ სცემა.

"სოფელ სოდისში, გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ ზონდერებთან ერთად სცემა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი", - განაცახდეს პარტიაში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.

გარდა ამისა, როგორც შსს-ში განაცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია თავად ალბერტ მერებაშვილის მამა. არსებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ქართული ოცნება" კი ირწმუნება, რომ გორში, 45-ე უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ იყო პროვოცირებული.

როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარმომადგენელმა, ალბერტ მერებაშვილმა საარჩევნო უბანთან მყოფ მათ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა.

"ალბერტ მერებაშვილი კიკ-ბოქსიორია და როგორც ჩანს, ბადრი ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების ერთ-ერთი წევრია, ის ასევე თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის, რევაზ შიუკაშვილის დის შვილია. მერებაშვილი მისული იყო 45-ე საარჩევნო უბანთან და მან ძალიან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოგება. საარჩევნო უბანთან შეკრებილი ჩვენი აქტივისტებისთვის დაიწყო ძალიან მძიმე ფორმით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში პირველად ჩვენს აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რომელმაც დაარტყა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რასაც ორმხრივი ჩხუბი მოჰყვა. დაშავებულები არიან ორივე მხრიდან, ასევე თავად ალბერტ მერებაშვილი", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მერებაშვილის მამის დაკავებას, როგორც კობახიძემ განმარტა, იმედი შიუკაშვილმა პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დააკავეს.

"მერებაშვილის მამა, მივიდა ადგილზე, რომელსაც სამართალდამცავებთან მოუვიდა შელაპარაკება, მიაყენა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა, გაუწია წინააღმდეგობა და ამის საფუძველზე დააკავეს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთ ინციდენტებში მონაწილეობისგან. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვნენ არცერთ პროვოკაციას. როგორც კი დაინახავენ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციას აქვს ადგილი, მაშინვე დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან მათი საქმეა ინციდენტების პრევენცია და განმუხტვა. ჩვენი აქტივისტების საქმე არაა ინციდენტებში შესვლა და პროვოკაციებზე აყოლა. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით გორთან დაკავშირებით. "ნაცმოძრაობამ" ორი ზონდერი დააყენა აქ მაჟორიტარ კანდიდატებად და აქედან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელია ინციდენტები", - აღნიშნა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით