"ნემსი და ძაფი ვიყიდე და ახლა თავად ვუკერავ ჩემს შვილს გადაჭრილ ვენებს" - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!!!
შემაძრწუნებელი ამბავი - რას ჰყვება დედა, რომლის შვილმაც ონლაინკაზინოების გამო სამჯერ სცადა თვითმკვლელობა
"ხანდახან ვფიქრობ, მეც გადავიჭრი ვენებს და ამით დავამთავრებ ყველაფერს-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი შვილი?! მასზე ფიქრმა მიხსნა გაგიჟებისგანაც. თუმცა, რახან გიჟი არ ვარ, იმასაც ვხვდები, რომ ერთხელაც იქნება, ჩემი შვილიც ყველაფერს დაამთავრებს და მეც. მაგრამ მანამდე მის გადარჩენას კიდევ ვცდი და ახალ ხელისუფლებას მივმართავ - ჩემსავით გამწარებული დედები შეიცოდოს და რახან მკვლელი ონლაინკაზინოების დახურვა ვერ მოახერხეს, ჩემი შვილისთანა გაუბედურებულებს შეზღუდვები დაუწესონ თამაშზე"
პირველ რიგში, ეს სტატია ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა უნდა წაიკითხონ. სწორედ მათ ხელეწიფებათ და ეს მათი მოვალეობაცაა, ბოლოს და ბოლოს დაუწესონ საკანონმდებლო რეგულაციები სენს, რომელიც ფაქტობრივად ეროვნულ უბედურებად იქცა - ონლაინკაზინოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება ისეთი ტრაგედიების რაოდენობა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.
ხშირად გადავყრივარ ქუჩაში მოხეტიალე მოხუცს, რომელიც ცოლის ძველ ნივთებს ყიდის. თუ ჰკითხავ, მოგიყვება, რომ ბინა ონლაინკაზინოებში მოთამაშე შვილიშვილის გამო გაყიდა. იმ სახლში კი ამავე შვილიშვილის სამი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობდა. ბავშვები მამამ ნაქირავებ სოროში შეყარა, ქირის გადახდა კი ისევ 85 წლის ბაბუას "მიანდო" და ისიც იხდის...
ცოტა ხნის წინ ერთი ცნობილი ექიმის გულახდილმა ნაამბობმა შემძრა. მან შვილებს მაღალკვალიფიციური განათლება მისცა.
ერთ-ერთმა სწორედ ეს განათლება გამოიყენა იმისთვის, რომ ცნობილ კომპანიაში დასაქმებულს ამ ორგანიზაციის ფულით 4 წლის მანძილზე ეთამაშა. ამას ისე ოსტატურად აკეთებდა, ვერავინ იეჭვა, რომ მათი კოლეგა, მათივე ფულით, ონლაინკაზინოში თამაშობდა და კომპანიას ნახევარი მილიონი ლარი დაადო ვალად.
ექიმმა ამ ვალის გადასახდელად თბილისში ბინა და სოფლად მამაპაპეული სახლი გაყიდა, მაგრამ ვალი ბოლომდე მაინც ვერ გაისტუმრა. მის შვილს კი ცხოვრება სამუდამოდ დაენგრა... თავზარი დამცა დედის ნაამბობმა (ვინაობას, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ), რომელსაც 20 წლის შვილი თვითმკვლელობის პროვოცირებით აიძულებს, ონლაინკაზინოების ვალები გაუსტუმროს. დედა ამას, რასაკვირველია, ვერ უძლებს და მრავალი დამცირებისა და შეურაცხყოფის ფასად ცდილობს ფულის შოვნას. თუმცა ამაზე ნაკლებად წუხს, ერთი რამ ადარდებს - როგორ გადაარჩინოს შვილი! მაგრამ გზა არ ჩანს.
სრულიად უიმედომ "პალიტრამედიის" ცხელ ხაზზე დარეკა - ამ უპატრონო ქვეყანაში მხოლოდ თქვენ ცდილობთ, ამ საზარელ სენს როგორმე ებრძოლოთ, იქნებ გაჭრას თქვენმა ავტორიტეტმა და შეგონებამ - ხელისუფლებამ რამე იღონოს, რომ ონლაინკაზინოებში აზარტული თამაშებით უკვე ფსიქიკურად დაავადებულებმა მაინც არ ითამაშონო. მერე კი ატირებული რედაქციაში მოვიდა და ამ შემაძრწუნებელ ამბავს მოგვიყვა:
- კარგი განათლება მაქვს მიღებული და ალბათ კარიერაც კარგი მექნებოდა, რომ არა შვილები - სამი შვილი ერთიმეორის მიყოლებით გამიჩნდა და როცა მათ ვუცქერდი, ვფიქრობდი, ამათ აღზრდაზე უკეთესი რა უნდა გავაკეთო, შინ დავჯდები, არ ვიმუშავებ და ყველაფერს ვიღონებ, გზას არ ასცდნენ-მეთქი. მაგრამ მაინც ვერ ავიცილე უბედურება... ნიჭიერებით ყველაზე გამორჩეული შვილი ამიცდა გზიდან, ახლა კი ისეთ დღეშია, მასზე ლაპარაკიც მრცხვენია. სკოლის წარმატებით დამთავრებისთანავე მოხვდა უნივერსიტეტში. ერთადერთი ის მაფიქრებდა, რომ კომპიუტერთან ზომაზე მეტხანს იჯდა; თუმცა ვფიქრობდი, მისი ტოლებიც ასე არიან, როცა მუშაობას დაიწყებს, სხვა საქმეზე გადაერთვება-მეთქი. ის კი თურმე ჩემ თვალწინ ონლაინკაზინოში თამაშობდა და ქვეყანა თავზე მენგრეოდა.
- ამას როდის მიხვდით?
- ერთ საშინელ დღეს, როცა უნივერსიტეტის პირველ კურსზე იყო. იმ დღეს შინიდან არც კი გაუხედავს, სულ კუდში დამდევდა. გავუჯავრდი, - ამხელა ბიჭი რა პატარა ბავშვივით დამყვები, თუ რაიმე გინდა, მითხარი-მეთქი და...
აცახცახებულმა ამოილუღლუღა - დე, დიდი ვალი მაქვსო. მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ რომ შევხედე, მივხვდი, არ ტყუოდა - ზეწარივით იყო გაფითრებული. რომ არ წავქცეულიყავი, სკამი თავად გამომიწია, დამსვა და მითხრა, - ონლაინკაზინოში 3.000 ლარი წავაგე, ვალი თუ არ გადავიხადე, მომკლავენო. ასე დაიწყო ჩემი უბედურება.
- ისესხეთ და გადაუხადეთ?
- ვისესხე, რადგან ვისი ვალიც ჰქონდა, მართლა მოკლავდა და შვილი როგორ გამეწირა! მაშინ ვერაფრით წარმომედგინა, რომ შვილს ამ უბედურებიდან ვერ გამოვიყვანდი, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენად ჩაეფლო თამაშში, რომ ორჯერ თავად მივიყვანე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც უარესი გამოვიდა.
- უარესი რას ნიშნავს?
- ორ თვეში კიდევ უფრო დიდი ვალი დაიდო და ისევ მომადგა - თუ არ გადამიხდი, მომკლავენო. წინა ვალისთვის ყველაფერი გავყიდე და ამჯერად ნათესავებში წავედი ფულის სათხოვნელად. შევეცოდე და მომცეს, მაგრამ გამაფრთხილეს, - ნუ მისცემ შვილს უფლებას, ასე გამოგიყენოს, თავად ხომ იღუპება, მთელ ოჯახს გღუპავთო. თუმცა დედასთან ასეთი ლაპარაკი როდის იყო, ჭრიდა, რაც შვილმაც კარგად იცის და სულ მალე ყველაფერი გამაყიდვინა, სახლიც კი.
- ოჯახის დანარჩენი წევრები რას აკეთებდნენ?
- ხომ არ იტყოდნენ, გაუშვი, მოკლანო... ამჯერად გასაყიდი აღარაფერი მაქვს. როცა ფული ვეღარ ვიშოვე და საბოლოოდ უარი ვუთხარი, გავიდა სამზარეულოში, პურის საჭრელი დანა გამოიტანა და ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა. იქიდან სისხლი თქრიალით რომ წამოვიდა, კინაღამ შევიშალე. სანამ "სასწრაფო" მოვიდოდა, შეშლილივით დავკიოდი თავზე...
საავადმყოფოდან რომ დაბრუნდა, როგორც კი შინ მარტო დამიგულა, მეორე ხელი გადაისერა - იმდენი ვალი მაქვს, სანამ სხვა მომკლავს, თავად მოვიკლავ თავსო.
მართლა იყო ამის გამკეთებელი და მეც რა მექნა, კიდევ ერთხელ ჩავუვარდი ნაცნობებს ფეხებში, - მიშველეთ, თავს მოიკლავს, იქნებ საბოლოოდ დამეხმაროთ, ნუ დაიდებთ ჩემი შვილის ცოდვას-მეთქი... ფული მომცეს, მაგრამ ჩემი არსებობაც დაივიწყეს, აღარც მესალმებიან... ეს უბედურება ამით არ დამთავრებულა - მესამედ რომ გადაიჭრა ვენები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ისევ წავიყვანე. მითხრეს, - პაციენტი ჩვენს მკურნალობას არ ემორჩილება, არაფერი ეშველებაო. ამიტომ წავედი, ნაცნობი ექთანისგან ვენების გაკერვა ვისწავლე, სამედიცინო ნემსი და ძაფი ვიყიდე და როცა ვენები ისევ გადაიჭრა, თავად გავუკერე.
- რას ამბობთ?!
- ამ სიტუაციაში სხვა რა დამრჩენია. ხანდახან ვფიქრობ, მეც გადავიჭრი ვენებს და ამით დავამთავრებ ყველაფერს-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი შვილი?! მასზე ფიქრმა მიხსნა გაგიჟებისგანაც. თუმცა რახან გიჟი არ ვარ, იმასაც ვხვდები, რომ ერთხელაც იქნება, ჩემი შვილიც ყველაფერს დაამთავრებს და მეც. მაგრამ მანამდე მის გადარჩენას კიდევ ვცდი და ახალ ხელისუფლებას მივმართავ - ჩემსავით გამწარებული დედები შეიცოდოს და რახან მკვლელი ონლაინკაზინოების დახურვა ვერ მოახერხეს, ჩემი შვილისთანა გაუბედურებულებს შეზღუდვები დაუწესონ თამაშზე - როგორც ბანკები არ აძლევენ ე.წ. გაშავებულ კლიენტებს სესხს, იქნებ ონლაინკაზინოებმაც დაბლოკონ ხალხი, რომელთაც მათი წყალობით არაფერი დარჩენიათ, თავის მოკვლის გარდა.
თუ ამ თემის შესახებ გაქვთ მოსაზრებები, იდეები ან შენიშვნები, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე contact@kvirispalitra.ge ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 219-60-53, 219-60-13.
ეთერ ერაძე