"მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა" - კვირის პალიტრა

"მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა"

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობასა” და ”პატრიოტთა ალიანსს” პარლამენტში მოხვედრა მიულოცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.

”საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი - თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მედიას - თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ ძალებს, ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ”პატრიოტა ალიანსს”, ის რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები, ვუსურვო წარმატებულ მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსებში, ხელისუფლების კონტოროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში.

„მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის არჩევნების წარმატებას“.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით