ლისი ლაუნჯში ღვინისა და გასტრონომიის ახალი ფესტივალი „ბულბული მარკეტი“ გაიმართება - კვირის პალიტრა

ლისი ლაუნჯში ღვინისა და გასტრონომიის ახალი ფესტივალი „ბულბული მარკეტი“ გაიმართება

ლისი ლაუნჯში 5 ნოემბერს, ღვინისა და გასტრონომიის ახალი ფესტივალი „ბულბული მარკეტი“ გაიმართება, ფესტივალი ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

როგორც ღვინის ტურიზმის ასოციაცია იუწყება, ფესტივალი მიზნად ისახავს ხარისხიანი საკვების პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ღვინის შესაბამისი საკვები პროდუქტების მოხმარების კულტურის განვითარებას.

„მონაწილეებისთვის ფესტივალი იქნება ერთ-ერთი საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქტი და კონცეფცია, გაეცნონ დაინტერესებულ მომხმარებლებს და თანამოაზრეთა ფართო წრეს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ღვინისა და საკვების დეგუსტაციებს, გამოფენა-გაყიდვას, თემატურ ლექციებს, მასტერკლასებს, მუსიკალურ კონცერტს და სხვადასხვა აქტივობებს სტუმრების გასართობად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რესტორნები, ღვინის ბარები, კეფეები, დამწყები და ცნობილი მეღვინეები, მზარეულები და კულინარები, ფერმერები და აგრო-პროდუქციის მწარმოებლები, რეწვის სახელოსნოები და ხელოვანები. ფესტივალს დაესწრებიან ტურ-ოპერატორები, დიპლომატიური კორპუსი, სახელმწიფო, საერთაშორისო და ბიზნეს ორგანიზაციები, ღვინისა და კულინარიის მოყვარულები, ფართო საზოგადოება.

”ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველოში დავნერგოთ ღვინისა და საკვების ახალი, შემეცნებითი მიმართულება, ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებას და ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას”, - აცხადებენ ღვინისა ტურიზმის ასოციაციაში.