"ძალიან დიდ საქმეებში ვარ ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში, უკრაინაში" - ვის მიტოვებას არ აპირებს სააკაშვილი?! - კვირის პალიტრა

"ძალიან დიდ საქმეებში ვარ ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში, უკრაინაში" - ვის მიტოვებას არ აპირებს სააკაშვილი?!

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარალამენტო არჩევნებს კვლავაც გაყალბებულად აცხადებს, მეტიც, ამბობს, რომ ამას არ შეეგუება.

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა:

"არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ იცის, რომ ამ არჩევნებზე მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები იყო. ამიტომ საქართველოს შემდგომი განვითარებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიულ, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში. ძალიან დიდ საქმეებში ვარ ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში, უკრაინაში, მაგრამ არ ვაპირებ თითოეული თქვენგანის განსაცდელში მიტოვებას. დავუდგები გვერდში ჩემს ხალხს და აუცილებლად დავუჭერ მხარს ჩემს თანამებრძოლებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ასევე უცხოელი დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ შეფასებებზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბებას მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა. "ხშირად ამბობენ, რატომ არ ამოიღეს უცხოელებმა ხმა?! ჩვენს მაგივრად ხმას არავინ არ ამოიღებს. 2003 წელს იყო ბევრი უცხოელი, რომელიც მომიწოდებდა, რომ მეღიარებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები. ყველა მხრიდან მივლიდნენ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს და მას შემდეგ რაც ხალხის მობილიზაცია მოხდა, მათმა უმეტესობამ ასევე შეიცვალა აზრი და დაგვიჭირა მხარი. 2003 წელს ჩვენ ბევრად უფრო მომზადებულები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და წინასწარ გვქონდა მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ, ახლა ყველანი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არსებულ, თავზემოხვეულ რეალობას უნდა შევეგუოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

დიდი ალბათობით, ამ ვიდეომიმართვის მიზანი უფრო ჯერ კიდევ თანამებრძოლებისთვის თავის შეხსენება და იმის ჩვენებაა, რომ ის კვლავაც "ნაცმოძრაობის" ლიდერია, თუმცა მარტო იქიდანაც გამომდინარეც კი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდრების ნაწილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ვიდეომიმართვა ნანახი არ ჰქონდა და არ გააკთებდა კომენტარს, აჩვენებს, ამ პარტიაში მაინც და მაინც დალაგებული ვითარებაა არ არის და სააკაშვილის გავლენა კი დღითი დღეს კლებულობს.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა "კარუსელების" ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილას უბრალოდ დახატა ციფრები"