„დედა, მე სიკვდილის არ მეშინია, სკოტმა მითხრა, რომ საშიში არ არის” - კვირის პალიტრა

„დედა, მე სიკვდილის არ მეშინია, სკოტმა მითხრა, რომ საშიში არ არის”

ანგარება, სიყვარული, სიყალბე, იმედგაცრუება, ღალატი, ღიად დარჩენილი ჭრილობები... ცნობილი ამერიკელი მწერალი სკოტ ფიცჯერალდი ყველა ამ თემას ეხება თავის შემოქმედებაში. თემებს, რომლებიც ყველა ეპოქაში აქტუალურია. ფიცჯერალდს ამერიკული „დაკარგული თაობის“ უდიდეს წარმომადგენელად იცნობენ. მისი რომანები და მოთხრობები „ჯაზის ეპოქას“ განეკუთვნება და თვითონაც ამ ეპოქის შვილია. ტერმინი „ჯაზის ეპოქა“ მისივე მოგონილია ამერიკის ისტორიაში და მოიცავს პირველი მსოფლიო ომის დასასრულიდან 1930-აინი წლების - დიდ დეპრესიის პერიოდამდე - შუალედს. გარდა მრავალი მოთხრობისა, ფიცჯერალდი 4 რომანის ავტორია. ესენია : „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და „დიდი გეტსბი“, რომელიც მსოფლიო კრიტიკოსების მიერ შედავრად არის აღიარებული.

პალიტრა L-ის ინიციატივით - პირველად ქართულ ენაზე - ითარგმნა და გამოიცა სკოტ ფიცჯერალდის რომანი „სამოთხის ამ მხარეს“. ეს პირველი და ფეხბედნიერი რომანია, რომელმაც მწერალს პოპულარობა მოუტანა და გზა გაუხსნა დიდი ლიტერატურის სამყაროში. აღსანიშნავია, რომ რომანი აქამდე არ ყოფილა ქართულ ენაზე თარგმნილი, მისი თარგმანი ლაშა ხეცურიანს ეკუთვნის, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მოგვეცა. თუმცა, ინტერვიუმდე რომანის შექმნის ისტორია და ამასთანავე სკოტ ფიცჯერალდის ცხოვრების რამდნეიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მინდა გაგაცნოთ.

2 შვილის გარდაცვალების შემდეგ 1896 წლის 24 სექტემბერს - მინესოტას შტატის ქალაქ ცენტ-პოლ-ში, ირლანდიური წარმოშობის შეძლებულ კათოლიკეს, ფიცჯერალდის ოჯახში - ნანატრი ვაჟი დაიბადა. ახალშობლს სახელი წინაპრის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორის, ფრენსის სკოტ კის პატივსაცემად ერგო.

მომავალმა მწერალმა განათლება პრესტიჟულ სასწავლებლებში მიიღო. სტუდენტობის პერიოდშივე წერდა მოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც არც თუ იშვიათად იმარჯვებდნენ საუნივერსიტეტო კონკურსებში. 1917 წელს ფიცჯერალდი მოხალისედ მიდის არმიაში. 2 წელიწადში კი დემობილიზაციის შემდეგ, ნიუ-იორკში ჩადის და სარეკლამო აგენტად იწყებს მუშაობას. ამ დროისათვის იგი უკვე იცნობეს ზელდა სეირს, - ალაბამის შტატის, ქალაქ მონტენეგროს მოსამართლის, ულამაზეს ასულსა და ბევრისთვის სასურველ სარძლოს. მომავალში ზელდა სკოტ ფიცჯერალდის არაერთი გმირის პორტოტიპად გვევლინება.

წყვილის მიერ ქორწინების ინიციატივა პირველ ჯერზე კრახით დასრულდა. ზელდას ოჯახი ქორწინების წინააღმდეგი იყო. თუ მუდმივი სამუშაო და სტაბილური შემოსავალი არ ჰქონდა ჩვენი შვილი როგორ უნდა არჩინოსო?! ფიცჯერალდი ხვდებოდა, რომ ერთადერთი რეალური შანსი ზელდაზე ქორწინების ნებართვის მიღებისა, - ლიტერატურული წარმატების მოპოვება იყო. ამიტომ იწყებს მოთხობების, პიესების, ლექსების წერას. აგზავნის სააგენტოდან-სააგენტოში, საიდანაც დაწუნებული ხელნაწერები უკანვე უბრუნდება. წარუმატებობით დადარდიანებული სამსახურს ტოვებს, და სასმელს ეძალება. ერთ დღესაც, ფიცჯერალდი თავის დაწუნებულ რომანს „რომანტიკული ეგოისტი“ ხელმეორედ ჩაუჯდება, რომელიც სახეცვლილი 1920 წელის 26 მარტს გამოდის სახელწოდებით "სამოთხის ამ მხარეს". ამ რომანს მწერლისთვის დიდი წარმატება მოაქვს. წარმატებას კი მოსდევს 1920 წლის 3 აპრილს ზელდასა და სკოტის ჯვრისწერა.

ამიერიდან ფიცჯერალდის ნაწარმოებებს პრესტიჟული გამოცემები ბეჭდავენ. ისიც კვლავ წერს... წარმატებას ახლდა შემოსავლის ზრდაც, რამაც აბსოლუტურად შეცვალა ზელდასა და სკოტ ფიცჯერალდის ცხოვრების სტილი. ცოლ-ქმარი არანორმალური, გიჟური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ იკლებდნენ გართობასა და დროსტარებას. ასე თავბრუდამხვევდად გადიოდა წლები, სანამ ერთ დღესაც ზელდა შიზოფრენიით დაავადდებოდა. ამ ამბით დადარდიანებულმა სკოტმა კვლავ სმა დაიწყო. რაც მეტს სვამდა, მით ნაკლებად წერდა, საბოლოოდ კი 1940 წელს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ამის შემდაგ ზელდამ კიდევ 8 წელს იცოცხლა. რადგან იმ პერიოდში კარგად გრძნობდა თავს, 1948 წელს, ზელდა რამდენიმე დღით ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მშობლებს ესტუმრება. უკან დაბრუნებამდე, წინა ღამით დედას ჰკითხავს: ვერ ხედავ სკოტს? ის შენს გვერდით ზის... სადგურში, დამშვიდობებისას კიდევ მიმართავს: „დედა, მე სიკვდილის არ მეშინია, სკოტმა მითხრა, რომ საშიში არ არის...“

რამდენიმე დღის შემდეგ ფსიქიატიულ საავადმყოფოში გაჩენილმა ხანძარმა 9 ავადმყოფის სიცოცხლე შეიწირა. მათ შრის იყო ზელდა ფიდჯერალდიც...

ლაშა ხეცურიანი: მოულოდნელმა წინადადებამ, მეთარგმნა სკოტ ფიცჯერალდის რომანი - „სამოთხის აქეთა მხარეს“, წინააღმდეგობრივი გრძნობები აღმიძრა... ერთის მხრივ, ფიცჯერალდი ჩემთვის სწორედ ის მწერალია, ვისთანაც დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი... ამ რომანს სტუდენტობის ჟამს გავეცანი. ტვენისა და ჰემინგუეის, ო’ჰენრისა და პოს, ფოლკნერისა და ვულფის ამერიკას ჩემს გონებაში ერთი მთლიანი ხატი ვერ შეექმნა, ხატი ქვეყნისა, რომელიც ზღაპრული ფასკუნჯივით, სადღაც, რეალობის მიღმა არსებობდა... ფიცჯერალდის რომანებმა ჩემს წარმოსახვაში აგებულ ამერიკულ სამყაროს სისრულე შესძინა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, ქართულ ენაზე „სამოთხის აქეთა მხარეს“ აქამდე თარგმნილი არ ყოფილა, განსხვავებით „დიდი გეტსბისა“ და „ნაზია ღამისაგან“.

ქართულენოვანი მკითხველისათვის თითქოს უმნიშვნელო, მცირედ გაურკვევლობას ქმნიდა „დიდი გეტსბის“ მთავარი გმირის, ჯეი გეტსბის ბურუსით მოსილი წარსული, რომელსაც ავტორი საგულდაგულოდ მალავს. მალავს კი იმიტომ, რომ მისი ყრმობა და სიჭაბუკე ავტორმა მის პირველ რომანში - „სამოთხის აქეთა მხარეს“ - ემორი ბლეინის ცხოვრებით გადმოგვცა. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ეს ორი რომანი ერთი დიდი ნაწარმოების ორი თავია, რომელსაც „ჯაზის საუკუნის“ ღირსეული შვილი - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ჰქვია. ამგვარი, თამამი განცხადების საფუძველი თვით მწერალმა შექმნა, როდესაც ერთხელ განაცხადა: „მართლა არ ვიცი, მე და ზელდა (მისი მეუღლე) რეალური ადამიანები ვართ, თუ ჩემი რომანის გმირები.“ მისი ცხოვრება ან ფეიერვერკი გახლდათ, ან მზადება მისთვის... მერე რა, რომ შუალედებში ყოფა გაუსაძლისი ხდებოდა...

-რას ეტყოდით მათ, ვინც სკოტ ფიდჯერალდის „სამოთხის ამ მხარეს“, ლაშა ხეცურიანისეულ თარგმანის გასაცნობად ემზადება?

- ქართველ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, ვინაც საკუთარ ბავშვობასა და სიჭაბუკეს ზღაპრულ ისტორიად აღიქვამს, მოეწონებათ ემორი ბლეინი. აუცილებლად შეიგრძნობენ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებს წიგნის ფურცლებზე. ვუსურვებ მათ რომანთან ერთად განმარტოებას და ვარწმუნებ, რომ სკოტ ფიცჯერალდის სამყაროში გატარებული წუთები უკვალოდ არ გაქრება.

თინათინ შავლაძე