"რუსეთის საიდუმლო ოპერაციები სულ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს" - კვირის პალიტრა

"რუსეთის საიდუმლო ოპერაციები სულ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს"

"მაშინ როცა მთელი მსოფლიო ისლამისტურ ექსტრემიზმზე ამახვილებს ყურადღებას, სულ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის საიდუმლო ოპერაციები", -ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI5-ის გენერალურმა დირექტორმა ენდრიუ პარკერმა გამოცემა Gardian-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ეს არის პირველი საგაზეთო ინტერვიუ, რომელიც MI5-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა სადაზვერვო სამსახურის 107-წლიანი არსებობის ისტორიაში ჟურნალისტებს მისცა.

ენდრიუ პარკერის შეფასებით, რუსეთი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს და საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას მიმართავს.

„ისინი იყენებენ სახელმწიფო ორგანოებისა და ძალოვანი უწყებების მთელ სპექტრს იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკა სულ უფრო აგრესიული გზით გაატარონ - პროპაგანდის, ჯაშუშობის, დივერსიების და კიბერთავდასხმების გამოყენებით“, - აცხადებს ენდრიუ პარკერი.

მისი თქმით, რუსეთი საკუთარ თავს დასავლეთის ოპოზიციად განიხილავს და შესაბამისად მოქმედებს.

„ათწლეულების განმავლობაში რუსეთი ფარულ საფრთხეს წარმოადგენდა“, - აღნიშნავს MI5-ის გენერალური დირექტორი.

"ინტერპრესნიუსი"